საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანთა ნაწილი პროტესტს უცხადებს და ემიჯნება 23 სექტემბერს დაგეგმილ ვეტერანთა მეორე კონფერენციას და აცხადებს, რომ ის ყოფილი მხედრიონელებისა და საეჭვო წარსულისა და რეპუტაციის მქონე პირების მიერ იმართება. ინფორმაციას "ზონანიუსი" ავრცელებს.
იოსებ ჭანტურია, ემზარ ჩაჩანიძე, ვასილ რუსიაშვილი, ზვიად მარგიშვილი, პაატა ახვლედიანი, ვახტანგ ვახტანგიშვილი და სხვები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერენ, რომ ვეტერანთა მეორე კონფერენცია ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარების მცდელობას ემსახურება და ვეტერანებს მოუწოდებენ, უარი თქვან მასში მონაწილეობაზე:
„პირველი კონფერენცია რომელი იყო, მეორეს რომ არქმევენ? ალბათ, იმას თვლიან პირველად, ედუარდ შევარდნაძემ რომ ჩაატარა ოდესღაც“, – ამბობს იოსებ ჭანტურია.
ვეტერანებმა, რომლებიც კონფერენციის ჩატარებას აპროტესტებენ, მეორე კონფერენციის ლოგოს თავიანთი ვარიანტიც შექმნეს, სადაც არწივი ორთავიანია – ამით ისინი რუსეთის ინტერესების ლობირებაზე მიანიშნებენ.
ანონსის მიხედვით, 23 სექტემბერს გაიმართება ომის ვეტერანთა არასმთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია. მასში მონაწილეობას მიიღებს 34 პროფილური ორგანიზაცია. თემები: პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრა და პრემიერ მინისტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭოში ვეტერანთა კანდიდატების წარდგენა.
მასალის გამოყენების პირობები






