"მე მინდა გირჩიოთ და მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, როცა დაინახავთ სხვა ადამიანების გაჭირვებას, დაეხმარეთ მათ", - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა დღეს სამებაში, ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ ძნელია იმის თქმა, თუ რით დაიმსახურა საქართველომ ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო.
"ძნელია ამის ახსნა, მაგრამ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ქართველი ადამიანი გამოირჩევა თავისი გულწრფელობით და ამიტომ ღმერთმა დააჯილდოვა ქართველი ხალხი ამ დიდი წყალობით", - აღნიშნა მან.
უწმინდესის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზეც. ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია, ამიტომ პატრიარქმა მრევლს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და როც აგაჭირვებულ ადამიანებს ხედავენ, დაეხმარნონ მათ.
მასალის გამოყენების პირობები






