გაზეთი „რზეონანსი“ საქართველოში საკეისრო კვეთებთან დაკავშირებულ, ბოლო 7 თვის სტატისტიკას აქვეყნებს, ევროპის სხვა ქვეყნებში ამ კუთხით არსებულ სურათს ხატავს და მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა კომენტარებს სთავაზობს მკითხველს:
„ბოლო 7 თვეში საქართველოში 14 მშობიარე გარდაიცვალა, რომელთა ორი მესამედი (9 შემთხვევა) საკეისროებზე მოდის. ეს შარშან ამავე პერიოდის მონაცმებზე ორჯერ მეტია (თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ სხვაობის მიზეზი შეიძლება განსხვავებული მეთოდოლოგია იყოს).
საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი საქართველოში საკმაოდ მაღალია და 38%-ს შეადგენს მაშინ, როცა მსოფლიოში საშუალოდ 25%-ია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ოპერაციები ბოლო ათწლეულების მანძილზე მთელ მსოფლიოშია გაზრდილი, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.
მაგალითად, თუ 1996 წელს აშშ-ში საკეისროების ხვედრითი წილი 21% იყო, ამჟამად 33%-ია, ჩინეთში კი, არც მეტი არც ნაკლები, 46%-ია.
პროფესორი დავით გაგუა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პაციენტები უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ საკეისრო კვეთას მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს - "კატასტროფულ პროცენტამდე ავედით - 10-დან 9 ქალი საკეისროს ითხოვს".
მეან-გინეკოლოგი იზო ბაჯელიძე კი ამბობს, რომ არა მხოლოდ მოთხოვნითი, არამედ ჩვენებითი საკეისროების რიცხვმაც იმატა.
"ანუ, იგი სულ უფრო ხშირადაა საჭირო. შესაძლოა ახალგაზრდობა აღარაა ისეთი ჯანმრთელი, როგორიც ადრე იყო. ესეც გასათვალისწინებელია. მე იტალიელი სპეციალისტისგან ვიცი, რომ მათთან საკეისროების რიცხვი ასევე საკმაოდ დიდია. ეს არავითარ კატასტროფას არ წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაშიც ამის მაღალი მაჩვენებელია", - აცხადებს ბაჯელიძე.
თაკო მათეშვილი, გაზეთი ”რეზონანსი”
მასალის გამოყენების პირობები






