ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის წინ მცხეთა–მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ მისი ჯგუფის მიერ შექმნილი საწარმოების ბედი ხელისუფლების ხელშია.
„ენდომება ხელისუფლებას? ეს კომპანიები იმუშავებენ. არ ენდომება? არ იმუშავებენ და დაიხურებიან, ესაა მთელი შინაარსი“, – ამბობს ბიზნესმენი და დასძენს:
„ერთხელ უკვე ვთქვი ჟურნალისტებთან და გავიმეორებ – თუ ჩვენი დევნის მიზეზი ისაა, რომ გამართული წარმოებები შევქმენით, მაშინ საჯაროდ დაგვსაჯონ – ან ჩამოგვახრჩონ, ან დაგვხვრიტონ და უთხრან ხალხს: ესენი დაისაჯნენ იმისთვის, რომ შექმნეს არამარტო საქართველოში, ევროპის მასშტაბითაც სანიმუშო საწარმოები და ვინც ამას გაბედავს, ანალოგიური დღე ეწევაო...
დღეს რომ „ბერტა“ დაიკეტა, ყველაზე მეტად იზარალა ბიუჯეტმა. ხვალ დაიკეტება „ზედაზენი“? – ისევ ბიუჯეტი და ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი დაზარალდება. და ეს ხდება შეგნებულად...“
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ინტერვიუს მსვლელობის დროს დაუკავშირდა ცეზარ ჩოჩელს გერმანიიდან თავისი ძმა, რომელიც ერთერთ მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებაზე იყო წასული, რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ინვესტორმა კომპანიამ რეფინანსირებაზე უარი განაცხადა. მათ მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ ცეზარ ჩოჩელი მიიჩნევს, რომ მისი ამოცნობა მარტივია და მისსავე სამართლებრივ დევნას უკავშირდება: „დღეს იმ შეხვედრაზე მეც უნდა ვყოფილიყავი და ვთხოვე შესაბამის სტუქტურებს, რომ ჩემთვის ქვეყნიდან გასვლის ნება მოეცათ, მაგრამ მაინცდამაინც წინაპერიოდს დაემთხვა ჩემთვის ბრალის წაყენება და სასამართლო პროცესი, ამიტომ ვერ წავედი“, – ამბობს ის.
ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ არათუ მზადაა, არამედ მოითხოვს პრემიერმინისტრთან შეხვედრას. მისი თქმით, მას არასწორ ინფორმაციას ის „მოჯადოებული წრე“ აწვდის, რომელსაც ქვეყნის წინსვლის, ეკონომიკის განვითარების შეფერხება უნდა. ამასთან, ჩოჩელი ამბობს, რომ შინაგანად სწორედ ამის სჯერა – პრემიერი საკითხში ბოლომდე გარკვეული არ არის:
„მთელი გულით და შინაგანი რწმენით გეუბნებით: მჯერა, რომ პრემიერმინიტრს არასწორ ინფორმაციას ის ადამიანები აწვდიან, ვინც ამის გამო კარიერული წინსვლის განაღდებას, სხვადასხვა სახით დაწინაურებას და ჩინმედლებს ელიან და თუ ასე არ არის და პრემიერმინისტრმა ყველაფერი იცის, მაშინ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს განუკითხაობის დასაწყისი იქნება“, – უთხრა „ნიუპოსტს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ცეზარ ჩოჩელმა.
მის მიმართ აღძრულ საქმეში და დაწყებულ გამოძიებაში ცეზარ ჩოჩელს ყველაზე მეტად თაღლითობასთან დაკავშირებული ბრალდებები ხვდება თვალში და რამდენიმე კითხვას სვამს:
„როგორ უნდა ვეკონტაქტო მათ, ვინც ერთმანეთისგან ვერ არჩევს ინვესტიციას და ფულის გათეთრებას? ფინანსური სამსახური დებს საოცარ დასკვნებს, რომ შპალის ქარხანამ „თიბისი ბანკიდან“ აიღო კრედიტი და ჩადო მშენებლობაში. ეს ყოფილა ფულის გათეთრება და თაღლითობა. მაჩვენეთ კიდევ სხვაგან ისეთი თაღლითები, რომლებიც აშენებენ ქარხნებს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ევროპული დონის სამუშაო პირობებსა და გარემოს, ავსებენ ბიუჯეტს...
ჩვენ შემოვიყვანეთ ქართულ ბაზარზე ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიც არიან „კნაუფი“ და „ანადოლი ჯგუფი“, რომელმაც მერე ენერგეტიკის მიმართულებითაც განახორციელა ინვესტიცია. ჩვენი პარტნიორი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. მანქანა–დანადგარების მწარმოებელმა ჩეხურმა კომპანია „დიოლერმა“ ორჯერ – 3,5 მლნ. და 5, 5 მლნ. ევროს კრედიტი მოგვცა საბანკო გარანტიების გარეშე და ეს კომპანია არის მსოფლიოში მეორე კომპანია სიდიდითა და კომპეტენციით თავის დარგში. რა გამოდის? ეს კომპანიები თაღლითებთან თანამშრომლობდნენ? საქმე ის გახლავთ, რომ ზოგიერთებს სწორედ ეს არ აძლევთ ხელს – საქართველო გასცდეს ადრე არსებულ საზღვრებს და ქვეყანაში შეიქმნას ევროპის დონის საწარმოები. შეიძლება, გაჭირვებულ ადამიანებს ავუხვიოთ თვალი და ვუთხრათ, შენ რომ გაჭირვებული ხარ, იმის ბრალია, რომ შენს ფულს იპარავდნენო, მაგრამ მაგრამ იმ ჯგუფებს, იმ უცხოურ მსხვილ ინვესტორებს რას ვეუბნებით? ხომ ხედავენ, რაც ხდება? დღეს ჩოჩელია ამ დღეში, ხვალ პეტრიაშვილი იქნება... ბიზნესი თუ თავისუფალია, თავისუფალი იყოს ყველასთვის, ერთი მიდგომა, ერთი ხაზი უნდა არსებობდეს. ძალიან ადვილად იშიფრება, როცა ერთს ვამბობთ და მეორეს ვაკეთებთ...“
ცეზარ ჩოჩელი შპალის ქარხანასთან დაკავშირებულ ისტორიასაც იხსენებს იმის შესახებ, თუ როგორ გაწყვიტა კონტრაქტი „საქართველოს რკინიგზამ“ ქარხნისგან შპალების შესყიდვასთან დაკავშირებით. ის შპალები, რომელთა შესყიდვა კონტრაქტით იყო დაგეგმილი, დღესაც დასაწყობებულია. ჩოჩელი ამბობს, რომ რკინიგზის მიერ დასახელებული მიზეზი, თითქოსდა, ქარხნის პრივატიზაციის შემდეგ მათ შპალის შეძენა უფრო ძვირად უწევდათ, ვიდრე პრივატიზაციამდე და სწორედ ამიტომ თქვეს უარი მის შესყიდვაზე, სასაცილოა, რადგან სიცრუეა:
„ჩვენ დაანგარიშებული გვაქვს და თვითონაც კარგად შეუძლიათ გაარკვიონ, თუ მოინდომებენ, რომ შპალის შესყიდვა პრივატიზაციამდე 2 დოლარით უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პრივატიზაციის შემდეგ, თანაც, პრივატიზაციის შემდეგ შპალის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და ამას რკინიგზელებიც გეტყვიან. არ ვიცი, საით მიჰყავთ ეს ყველაფერი: იმისკენ, რომ ქარხანა გაკოტრდეს და მერე იაფად ჩაიგდონ ხელში, თუ მართლაც სურთ ყველაფრის გარკვევა. თუ გარკვევა სურთ, ამდენი ხანი ამას რად უნდა? აქამდეც უნდა გარკვეულიყო და შემოწმებულიყო...
9 თვეა აქ ვარ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ჯერ ხელფასი არ ამიღია. არა იმიტომ, რომ არ მინდა, არამედ იმიტომ, რომ კომპანიისთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია. ზოგიერთს, კაბინეტში მჯდომს, ბიზნესი ძალიან ადვილ საქმედ მიაჩნია. გასაგებია, რომ თვითონ ვერ შექმნიან, მაგრამ მოვიდნენ და ნახონ, თუნდაც გამართული კომპანიის მართვა როგორია“, – უთხრა „ნიუპოსტს“ ცეზარ ჩოჩელმა.
ბიზნესმენი მის მიმართ დაწყებულ გამოძიებაში ე.წ. ოქროს მოწმეზეც საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, ყველანაირი შინაარსის ჩვენებას აძლევს ჩოჩელის წინააღმდეგ:
„ნიკოლოზ შაქარაშვილი ჩემი ყოფილი მეგობარია. მას ჩემი ოჯახის წევრად ვთვლიდი, მაგრამ 2010 წლის შემდეგ, როცა ჩემმა ძმამ და მე დავადგინეთ, რომ ის ჩვეულებრივი ფლიდი იყო, მასთან ურთიერთობა არ მქონია. თუ არ ვცდები, უკვე რვაჯერ დაკითხეს. მაგალითს გეტყვით: შპალის ქარხნის საქმე იძიებოდა თებერვლიდან, ის კი მაისში ჰყავთ დაკითხული, თითქოს ჩვენ რაღაც გარიგებებში ვიყავით გარეული.
სხვათა შორის, ახლახან აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს, ერთერთი შვეიცარული ფირმის ანგარიშზე, კონსულტაციის საფასურად გადარიცხული აქვს 7 მილიონი ლარი. დამისახელებთ რომელიმე თანამდებობის პირს, მინისტრს, ვისაც გნებავთ, ვინც ამხელა თანხას საკონსულტაციო მომსახურებაში იხდის? ეს არ არის ფულის გათეთრება? მაგრამ ალბათ სწორედ იმიტომ, ასეთებში რომ ჰყავთ გამოჭერილი, აწერინებენ ჩვენებებს ჩემს წინააღმდეგ, ჩვეულებრივი კუჭატნელია...“, – ამბობს ბიზნესმენი.
მისი თქმით, იმ ხნის განმავლობაში, რაც მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო, არათუ ბიზნესმენებს, მეგობრებსაც კი არ ეკონტაქტება:
„ბოლო 9 თვის განმავლობაში ჩემი მარშრუტია ქარხანა–სახლი–საგამოძიებო სამსახური–სასამართლო. მეგობრებსაც კი არ ვეკონტაქტები, არათუ ბიზნესმენებს. ვისაც გავეკარე, ყველა ამა თუ იმ ფორმით დაისაჯა. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ მე წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი. თუ მე ვისჯები ამისთვის, ისინი მაინც არ უნდა მიყენებდნენ ბრალს, ვინც თვითონ იყვნენ იმ დროს ფინანსური სტრუქტურების ხელმძღვანელები. სადაა ლოგიკა?“, – კითხულობს მცხეთა–მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი.
ცეზარ ჩოჩელი კიდევ ერთხელ მიმართავს პრემიერმინისტრს და მისგან თუნდაც ხუთი წუთის დათმობას ითხოვს:
„ყველა მედიასაშუალებით მივმართავ და ვთხოვ პრემიერმინისტრს, მოგვისმინოს იმ ხალხს, ვისაც წვლილი შეგვაქვს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და თუ არ მოგვისმენს, რეალურად, დამოუკიდებელი იურისტებისგან და არა „მოჯადოებული წრისგან“ გაიგოს მაინც, რა ხდება სინამდვილეში...“
„ნიუპოსტი“
მასალის გამოყენების პირობები






