საკითხები „ნიუპოსტთან“ საუბრისას განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეაფასა. მან ლიბერალურ-საბჭოური სისტემის შემოღების მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნულს ჰიბრიდი უწოდა:
„ამაში არაფერი ახალი არ არის, ჩვენ განათლების სისტემის საბჭოურ მოდელს ვუბრუნდებით, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ არ ვაკრიტიკებ საბჭოურ განათლებას, ვამბობ იმას, რომ საბჭოური განათლება დაძველდა, 21-ე საუკუნეში სულ სხვა გამოწვევები დგას ქვეყნის და ბავშვების წინაშე, ვიდრე იდგა 80-იან წლებში, აბსოლუტურად შეიცვალა სამყარო, მეცნიერება და გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წიანშე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შემოვიდა ინტერნეტი ცხოვრებაში, როცა საჭირო იყო ერთი კვირის გატარება ბიბლიოთეკაში, ახლა საჭიროა წუთები.
ჩვენ ახლა სახეზე გვაქვს რაღაც უცნაური ჰიბრიდი, ლიბერალურ-საბჭოური სისტემისა, რომელი დასრულდება დიდი კრახით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის შემთხვევა, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში ბავშვები აბარებენ უგამოცდოდ.
ნებისმიერი კვლევით დასტურდება, რომ ვისაც საშუალება აქვს ურჩევნია ბავში მიიყვანოს კერძო სკოლაში, რადგან თვლიან, რომ იქ უკეთესი განათლებაა. კერძო სკოლები წელიწადში ორჯერ ატარებენ გამოცდებს, რადგან ცოდნას სჭირდება გამოცდა და გაზომვა, რათა დროულად იქნეს შეფასებული ბავშვი ითვისებს თუ არა სხვადასხვა საგანს და საჭიროა თუ არა დახმარება. განათლება არის ხანგრძლივი პროცესი და შენ თუ ჩამორჩი ამ პროცესს, რთულია სხვა მასალის ათვისება“, - აღნიშნა შაშკინმა.
განათლების ყოფილი მინისტრის განცხადებით, განათლების სამინისტრო სისტემაში არსებული პრობლემების გადაფარვას მიღებული გადაწყვეტილებებით ცდილობს:
„რაც შეეხება მე-12-ე კლასელების გამცოდების მოხსნას, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ხელისუფლება გახდა მძევალი ამ თავისი დიდი შეცდომის, რომელიც დაუშვა. მესმის რატომ აკეთებს ამას განათლების სამინისტრო. ის ამას იმისთვის აკეთებს, რათა დამალოს მძიმე სიტუაცია საჯარო სკოლებში. 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად უარესდებოდა საატესტატო გამოცდების მაჩვენებელი, 25% ვერ აბარებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეების 25% ვერ ითვისებს სკოლის პროგრამის მინიმუმის მინიმუმს. ბავშვების 25% მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლა ვერ აძლევს მათ განათლებას, ნიშნავს იმას, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს.
აქ მეორე თემა არის ის, რომ უნივერსიტეტებს აქვთ მეტი ადგილი და აკლიათ ფული. იმისთვის, რომ უნივერსიტეტბმა იშოვონ კიდევ უფრო მეტი ფული ხალხისგან, უნდათ, რომ მეტმა ადამიანმა ჩააბაროს უმაღლეს სასწალებელში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ბავშვი ამთავრებს სკოლას 20%-მდე მიდის უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლების მისაღებად. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი არის 16%, საქართველოში 95% მიდის უმაღლესი განათლების მისაღებად. შემდეგ უკვირთ, რომ არ არსებობენ პროფესიონალები და არ არსებობს პროფ-განათლება“, - განმარტა შაშკინმა.
მისივე თქმით, სახეზეა საბჭოური „ტექნიკუმების“ შემოღების მცდელობა და აღნიშნულის თქმის მიზეზს იძლევა ახალი ინიციატივა - პროფესიული განათლების დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობა:
„რაც შეეხება პროფ-განათლების დიპლომით უმაღლესებში ჩაბარებას - ეს არის საბჭოური მოდელი, საბჭოთა კავშირში იყო „ტექნიკუმები“, ეს ნიშნავს იმას, რომ პროფ-სასწავლებლებმა თავისთან უნდა ააწყონ სკოლის განათლებაც და გარდა პროფესიული სწავლებისა, ბავშვებს სკოლის განათლებაც უნდა მიაწოდონ. ეს ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც დამთავრდა საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენი მოსახლეობის სრული ცინიზმით და დაცინვით.
კატის გამოცდები როდესაც შემოვიღეთ, ეს იყო სატესტო რეჟიმში, 2013 წლიდან გადავდიოდით მოდელზე, რომელიც არის ევროპაში და ამერიკაში, როდესაც არსებობს გამოცდები 8 საგანში და იქნებოდა ერთი უნარების გამოცდა, ისევე როგორც არის მთელ მსოფლიოში. ეს რეფორმა დარჩა მარგველაშვილის კაბინეტში, გააუქმეს და მიწაში ჩადეს. გამოცდები, რომელიც სატეტსტო რეჟიმში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, ტარდება 8 წლის განმავლობაში. საბოლოოდ სულ სხვა მოდელი უნდა ყოფილიყო მიღებული.
ეროვნული გამოცდებისა და კატის გამოცდების შერწყმა ხდებოდა იმისათვის, რომ მიგვეღო ნორმალური სისტემა. სადაც ბავშვებს ვაფასებდით არა 3 საგანში, არამედ ვაფასებდით რვავე საგანში. ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება რვავე სავალდებულო საგანში, გავა რამდენიმე წელი და შემდეგ ნახავთ ტირილს იმის თაობაზე, რომ მათემატიკოსები და ფიზიკოსები აღარ დაგვრჩა.
არ შეიძლება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ამაზე დგას მთელი მსოფლიო“, - მიიჩნევს განათლების ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






