ამ თამაშს, როგორც სპორტის სახეობას და ფილოსოფიას, აქვს ადამიანში ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბების უნიკალური თვისება. ჭადრაკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ისაა, რომ ადამიანი სწავლობს რამდენიმე ნაბიჯის წინასწარ გათვლას. მოყვარულ მოთამაშეს შეუძლია 5-10 ნაბიჯი გათვალოს გონებაში, გროსმაისტერი კი თითქმის ყველა სვლას თვლის.
თანამედროვე ქართული პოლიტიკა ზოგჯერ მაფიქრებინებს, რომ ზოგიერთ სახელმწიფო მოხელეს არამარტო არ უთამაშია ჭადრაკი, არამედ არც კი სმენია ამ თამაშის შესახებ. არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მთავრობაში ყველანი გროსმაისტერები ვიყავით, მაგრამ როგორც მინიმუმ საბავშვო მატის ხუთსვლიანი კომბინაციის გათვლა შეგვეძლო.
ანალიტიკური აზროვნების და წინასწარ ნაბიჯების გათვლის უნარის ნაკლებობის მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მშობიარობა უფასო იქნება. უფრო სწორედ, მოქალაქეებისთვის იქნება უფასო და ბიუჯეტი მათ კლინიკის ხარჯებს დაუფარავს. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. თუმცა არავის მოუვიდა აზრად, რომ საკეისრო კვეთა თითქმის ორჯერ ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი მშობიარობა. შედეგად, სტატისტიკურად მივიღეთ სურათი, რომ საკეისროთი იბადება ახალშობილთა თითქმის 80%. ეს, რა თქმა უნდა, არარეალურია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა საკეისროებში მოხდა ბოლო პერიოდში, ანუ ორი ნაბიჯით წინ რომ გაეთვალა ხელისუფლებას, მიხვდებოდა, რომ ექიმები დაიწყებდნენ დაბადებული ბავშვების უმრავლეობის საკეისროთი გაფორმებას, რათა მიეღოთ ორჯერ მეტი დაფინანსება. ამის კონტროლი პრინციპში შეუძლებელი. რა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი მივა დედასთან და მოსთხოვს ნაკერების ჩვენებას?! მას ხომ გააგდებენ, ან თუ ქმარი სახლშია, ალბათ სცემენ კიდეც. თქვენ შემეკითხებით, რატომ არ ხდებოდა ეს ადრე? იმიტომ, რომ ადრე კერძო სადაზღვევო კომპანიები იყვნენ ამაში ჩართულნი და ეფექტურად აკონტროლებდნენ კლინიკებს. სახელმწიფოს ამის არც გამოცდილება და არც რესურსი აქვს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ამაზე განგაში ატეხა და წინა ხუთშაბათს 12 საათიან კურიერში მინისტრის მოადგილემ ბრძანა, რომ საკეისროები იკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს გარდაუვალია სამედიცინო მოთხოვნებიდან გამომდინარე. აქაც, სახეზე გვაქვს ჭადრაკის პრინციპების იგნორირება და ორი ნაბიჯით წინ გაუთვლელობა. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება აკრძალო ოპერაცია?! დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანი თავად წყვეტს ასეთ საკითხებს. მეორე - რომც აკრძალო, რა, არ მოიძებნებიან ქვეყანაში ექიმები, რომლებიც ორსულ ქალბატონს მისცემენ ცნობას, რომ მას სჭირდება საკეისრო? რა თქმა უნდა, მოიძებნება. სახელმწიფო კი ამას ვერ გადაამოწმებს. ექსპერტიზაზე ხომ არ ატარებს ყველა ორსულს? იმავე დღეს, 6 საათიან კურიერში უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსანმა ბრძანა, რომ მინისტრის ბრძანება შეიცვალა და ახლა ექიმს ევალება, მხოლოდ განუმარტოს ორსულ ქალბატონს, რომ საკეისრო კვეთა არ არის 100 %-ით უსაფრთხო მისი ჯანმრთელობისთვის.
მოკლედ, ასეთი კარგი იდეაც კი, როგორიც უფასო მშობიარობაა, ჭადრაკის პრინციპების გაუთვალისწინებლობით, იწვევს სრულ ქაოსსა და გაუგებრობას...
დიმიტრი შაშკინი
რეფორმატორთა კლუბი
მასალის გამოყენების პირობები






