ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა საგამოძიებო სამსახური, დაკითხვის შემდეგ ადვოკატთან ერთად დატოვა. ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული საგამოძიებო მოქმედებები ოჯახის დაქვემდებარებაში არსებული ბიზნესის განადგურების მცდელობაა:
"ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, ე.წ. შპალების საქმის შესახებ და სხვა დეტალებზე. ხვალ დავგეგმავ ბრიფინგს და მედიას ამომწურავ ინფორმაციას მივაწოდებ. გამოძიების ინფორმაცია, რომ იმ თანხებით, რომელიც შპალების საქმეზე დამრჩა, "ბარამბო", "ბერტა" და სხვა კომპანიები შევიძინე, სისულელეა. დღევანდელი გადასახედიდან, ეს არის შეტევა ყველაზე წარმატებულ კომპანიებზე. კომპანია "ზედაზენი" არის ერთადერთი კომპანია ვისაც აქვს 40%-იანი ზრდა წელს. მუდმივად გვაბრალებდნენ, რომ წინა ხელისუფლება გვმფარველობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წელს ყველა კომპანია უკან წავიდა და "ზედაზენს" აქვს ზრდა", - განაცხადა ჩოჩელმა.
მისივე თქმით, შპალების ქარხანა ღია აუქციონის წესით არის შეძენილი და არსებობს იმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, თუ რას წარმოადგენდა ეს ქარხანა შესყიდვამდე:
"შპალების ქარხანა შეძენილია ღია აუქციონზე, დანარჩენი ყველაფერი რაც იქ გაკეთდა, ჩვენი შექმნილია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გადაღებულია თუ რას წარმოადგენდა ეს ქარხანა შეძენის პერიოდში. როგორც მახსოვს ქარხანა დაახლოებით 7 მილიონად შევიძინე და მასში განხორციელდა 10 მილიონის ინვესტიცია. შეძენის დროს ქარხანაში ხელფასი საშუალოდ 250 ლარს შეადგენდა, ხოლო სანამ დახურავდნენ საშუალო ხელფასის ოდენობა 1 250 ლარი იყო", - აღნიშნა ბიზნესმენმა.
შეგახსენებთ, რომ ცეზარ ჩოჩელი დღეს დააკავეს, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






