წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.
წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა. ახოვანი და ბრძოლებში განთქმული ზაბულონი იმპერატორმა მალე მხედართმთავრად დაადგინა.
თორმეტი წელი რომ შეუსრულდა წმიდა ნინოს, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს. საღმრთო შურით აღძრული ზაბულონი ცრემლებით გამოეთხოვა შვილს და მოუწოდა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული და მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. უკანასკნელად ეამბორა მას და ამა სოფელს განშორებული იორდანის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. პატრიარქმა სოსანა, მისივე სურვილისამებრ, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმიდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად. ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.
ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე ეს და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.
ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი:
„1. სადაც ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ (მათე 26,13).
2. არც მამაკაცებაა, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ (გალ. 3,28)
3. წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა (მათე 28,19).
4. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (ლუკა 12,32).
5. იქადაგეთ სახარება სასუფეველისა ყოველსა სოფელსა (მარკ. 16,15).
6. რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროთ, მე შემიწყნარა, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს ჩემი მომავლინებელი (მათ. 10,40).
7. ძალიან უყვარდა უფალს მარიამი, რამეთუ მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა.
8. ნუ გეშინიათ მათგან, რომელთაც მოსწყვიტონ ხორცნი თქვენნი, ხოლო სულთა მოწყვეტა არ ძალუძთ (მათ. 10,20).
9. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: წადი, დედაკაცო, და ახარე დათა ჩემთა (იოანე 20,17).
10. ყველგან იქადაგეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.
ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.
მრავალი ჭირითა და იწროებით, ძნელი და ფიცხელი გზებით მიიწია ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ უცხო ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ებრაული ენა კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებას აკვირდებოდა.
ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა მცხეთას სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად. მათ წმიდა ნინოც თან გაჰყვა. მცხეთაში მისული უყურებდა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებულ ხალხს და ტიროდა მათი ცდომილებისა და წარწყმედისათვის.
იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც ცოცხლივ შთაენთქა ჯოჯოხეთს, წმიდანი ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.
ლოცვის დასრულებისთანავე ჭექა-ქუხილი ატყდა და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი სწრაფად განეშორა იქაურობას. უეცრად მოიწია რისხვის ღრუბელი, საკერპოს ლოდებივით ეკვეთა სეტყვა და სრულიად დალეწა და შემუსრა; სასტიკმა ქარმა დაარღვია საკერპოს ზღუდეები და კლდის ნაპრალებში ჩააბნია. კლდის მცირე საფარველქვეშ მდგომარე წმიდა ნინო ღმერთს ქებასა და მადლობას სწირავდა.
როდესაც დამშვიდდა იქაურობა და ჰაერი გაიწმინდა, წმიდანმა ძველ ნაციხართან მდგარ აკაკის ხეზე ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნას ევედრებოდა.
მეორე დღეს ძრწოლამ შეიპყრო მეფე და ერი, თავისი ღმერთების კვალსაც რომ ვერ მიაგნეს. გაკვირვებით უყურებდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტერია ღვთისა ჩვენისა არმაზისა; როგორც სოფლისმპყრობელთა ჩვეულებაა, ერთმანეთს ებრძვიან და ეს ყველაფერი მის მიერ მოიწიაო.
დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმიდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს “ტყვე” უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. სამი დღის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმ. ნინო სამეფო ბაღში შევიდა. ბაღის მცველის მეუღლემ ანასტომ თბილად მიიღო, ფეხები დაბანა, ზეთი სცხო და დააპურა. ამ კეთილმა ოჯახმა ცხრა თვე შეიფარა წმიდა ნინო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ, რასაც ძალიან წუხდნენ. ერთ ღამეს წმიდანმა ნათლითმოსილი კაცი იხილა, რომელმაც ბაღში მიუთითა ადგილი, საიდანაც მიწა უნდა აეღო და მათთვის შესაჭმელად მიეცა (ამ ადგილას იდგა მშვენიერი კვიპაროსი, რომელიც საოცარ სურნელებას გამოსცემდა). წმიდა ნინოს ლოცვით მათ შვილები ეყოლათ და ამ სასწაულით ქრისტე ირწმუნეს.
წმიდა ნინომ სამგზის იხილა ჩვენება: თითქოს მოფრინდებოდნენ ფრინველები, შავ ფრთებს მტკვარში განიბანდნენ და მშვენიერ კვიპაროსზე შემოკრებილნი წმიდანს შეჰღაღადებდნენ.
მან ეს ხილვა ებრაელი მღვდლის - აბიათარის ასულ სიდონიას მოუთხრო, რომელიც წმიდანის ფარული მოწაფე იყო. მან კარგად იცოდა მოსეს სჯული და სულიწმიდით აღძრულმა უთხრა: „ტყვეო და ტყვეთა მხსნელო, შენ მიერ ეგულება შემოქმედს სულთა ჩვენთა განათლება და შენ მიერ იცნობს წარმართთა სიმრავლე ჭეშმარიტ ღმერთს“.
წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედული ერის მოქცევას.
ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მისი საშვებელი მარხვა იყო, სამოსელი - უხეში ქსოვილისა, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. იგი ნელ-ნელა თესავდა ქართველებში მაცხოვნებელი სარწმუნოების მარცვლებს და მისი მოწაფეების რიცხვი თანდათან იზრდებოდა.
წმიდა ნინომ მრავალი უძლური მოარჩინა. მისი ლოცვით განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე. წმიდანის მოძღვრებით განათლებულმა დედოფალმა მირიანს აუწყა თავისი სასწაულებრივი განკურნება და ძალი ღმრთისა, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებდა. გაკვირვებულმა მეფემ აბიათარისგან ძველი და ახალი სჯულის გამოძიება დაიწყო და სურვილი გაუჩნდა ქრისტიანობის მიღებისა.
წმიდა ნინოს მიერ დღითი-დღე აღესრულებოდა სასწაულები და ურიცხვი კურნებანი. მირიანმა სთხოვა მას, განეკურნა ბოროტი სულით გვემული სპარსი მთავარი ხუარა და დაეჭვებით ჰკითხა: „რომელი ღმერთის ძალით კურნავ ხალხს? იქნებ არმაზისა და ზადენის შვილი ხარ და მათ მოგანიჭეს კურნების ძალა. ისინი, თუმცაღა ჰაერმა შემუსრა, კვლავ ცოცხლები არიან. თუ ამ მთავარს განკურნავ, დიდძალ სიმდიდრეს მოგანიჭებ და ამ ქალაქში ყველასგან პატივცემული იქნებიო. წმიდა ნინომ მიუგო: „ცისა და ქვეყნის შემოქმედი მალე გამოაბრწყინვებს შენ შორის ნათელს... შენს ქალაქში დაფარული იესო ქრისტეს სამოსლის ძალით აღესრულება კურნებანი და მისი წმიდა სახელით ეს მთავარიც განიკურნება“.
წმიდა ნინომ კვიპაროსთან განკურნა ხუარა, რომელიც მთელი ოჯახით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა.
ერთხელ მირიანი მუხნარის მხარეს სანადიროდ წავიდა. კაცთა მოდგმის მტერმა ძველი კერპების სიყვარული გაუღვიძა და გადაწყვიტა, მახვილით მოესრა ქრისტიანები. მან მხლებლებს მიმართა: ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ბოროტება მოგვაწიონ ჩვენმა ღმერთებმა, რადგანაც შევწყვიტეთ მათი მსახურება და ჩვენს ქვეყანაში ქადაგების ნება გრძნეულ ქრისტიანებს მივეცით. მე განვიზრახე, რომ შევმუსრო ყველა ქრისტიანი და გულმოდგინედ ვემსახურო ჩემს ღმერთებს. თუ დედოფალი არ უარყოფს ქრისტეს, მასაც არ დავინდობო. მაშინ კაცთმოყვარე უფალმა პავლე მოციქულივით მოინადირა იგი და თხოთის მთაზე ასულს უეცრად თვალთ დაუბნელდა. მირიანმა სიარული ვეღარ შეძლო და შეძრწუნებული ერთ ადგილას შეჩერდა; მოუხმო არმაზს და ზადენს, მაგრამ არაფერი ეშველა. სასოწარკვეთილი მეფე ფიქრობდა: „ცოცხლივ ჯოჯოხეთში ვარ და არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა თუ მხოლოდ ჩემს თავს მოიწია ეს ჭირი“. როდესაც სიცოცხლის იმედი გადაუწყდა, უფალმა კეთილად შეცვალა მისი გონება და ხმამაღლა ღაღადყო: „თუ ჩემთვისაა მხოლოდ ეს ჭირი, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი, რათა ვადიდო შენი წმიდა სახელი“. ეს თქვა თუ არა, სიბრმავისგან მყისვე განთავისუფლდა, მეფემ ხელები აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, შენ აღგიარებ და შენ თაყვანისგცემ“.
სამეფო სასახლეში დაბრუნებული მირიანი წმიდა ნინოსთან მივიდა და ხმამაღლა აღიარა: „მრწამს ამიერიდან, მოციქულო ღვთისაო, რომ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ“. შემდეგ სთხოვა, გამოესახა ეკლესია, რათა ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ.
მირიანმა ბრძანა, მის ბაღში მდგარი კვიპაროსი მოეჭრათ და ტაძრის სვეტად აღემართათ. ამ კვიპაროსთან წმიდა ნინომ მრავალი სასწაული მოახდინა და უფალმა მისი მოკვეთისას ინება დაფარული საიდუმლოს გაცხადება.
ამის შემდეგ, ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება. ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.
მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები