გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოზარ სუბარის უწყების პასუხს ეხმაურება მის მიერ გამოქვეყნებულ შოკისმომგვრელ ფოტოებზე და აცხადებს, რომ სამინისტროს პასუხი არადამაჯერებელია, რადგან ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტი ნოდარ რ. არასდროს ჰყოლიათ.
ელისო კილაძემ ეს განცხადება „ფეისბუქში“ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტთა შეყვანის მონაცემებს გაეცნო. კილაძის განცხადებით, ღუდუშაურის კლინიკის საინფორმაციო ბაზაში მსგავსი პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარების ფაქტი არ არის აღნუსხული.
„ამ წუთას ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება "ქრონიკა +"-ის ჟურნალისტი ნინო ლაპარტყავა,ღუდუშაურში მსგავსი პაციენტი ნოდარ.რ არასოდეს ყოლიათ, არც ოპერაცია ჩაუტარებიათ, მასალას რამდენიმე წუთში,ნინოს რედაქციაში დაბრუნებისთანავე დავდებთ“, - წერს ელისო კილაძე.
ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ გუშინ ღამით, მას შემდეგ, რაც შოკისმომგვრელი ფოტოების გამოქვეყნება დაანონსა, „რამდენიმე დელეგაცია“ გაისტუმრა, რომელთა წევრებიც სთხოვდნენ, არ ჩაეტარებინა ბრიფინგი: „დეტალებზე ვისაუბრებ ძალიან მალე“, - წერს კილაძე და რჩევასაც იძლევა: „დასხედით ახლა და რამე უფრო სარწმუნო ვერსია მოიფიქრეთ“.
მასალის გამოყენების პირობები






