დიცის ერთ ნაწილში რუსმა ოკუპანტებმა გუშინ დამაგრებული, მავთულხლართისთვის გათვალისწინებული რკინის ბოძების დემონტაჟი დაიწყეს, თუმცა, მოსახლეობა შიშობს, რომ ეს ოკუპანტების მხრიდან განზრახულის გადაფიქრება კი არ არის, არამედ, შესაძლოა, „საზღვრის“ კიდევ უფრო წინ, სოფლის სიღმისკენ გადმოწევას ისახავდეს მიზნად.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი გიორგი ახალკაცი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სიტუაცაია ყოველ წუთს იცვლება:
ამ დროისთვის ოკუპანტებმა დილის საათებში დამაგრებული ბოძები ამოიღეს. ისინი ქართველ მოსახლეობას არ ეკონტაქტებიან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი ადგილზე იმყოფება ოკუპანტი მესაზღვრეების შეიარაღებული ჯგუფი.
ადგილი, სადაც ამჟამად რუსი ოკუპანტები სამუშაოებს ატარებენ, სოფლის განაპირას მდებარეობს, სადაც მიწის ნაკვეთები და საძოვრებია განთავსებული.
ამავე დროს, უცვლელად რჩება სიტუაცია სოფლის მეორე მხარეს მდებარე სასაფლაოსთან, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ დამაგრებულ ბოძებს მიღმა რამდენიმე საფლავი და საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.
გუშინ რუსი ოკუპანტები ცინიკურად სთავაზობდნენ ქართველებს, რომ თუ გული სწყდებოდათ საფლავების გამო, მიცვალებულები ამოეთხარათ და სხვა ადგილას გადაესვენებინათ.
მასალის გამოყენების პირობები






