რატომ დაინტერესდა საქართველოს მცირე ბაზრით მიტანის სერვისის ორი მსხვილი კომპანია
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:21, 23 Jan, 2019     11236

რაკი ჩვენც მივიწევთ დასავლური ცხოვრების წესისკენ და ბუნებრივადაც გვაქვს კომფორტისადმი მიდრეკილება, მომსახურების სერვისები თანდათან იხვეწება (თუმცა ევროპული დონისგან მაინც შორსაა იმიტომ, რომ მომსახურების კულტურა ისევ მოიკოჭლებს). იმ მიზეზით, რომ კვება კვლავაც რჩება აქტუალურ თემად, მიტანის სერვისის სეგმენტიც ნელ-ნელა ძლიერდება. როგორც ჩანს, ეს ქართული მიდრეკილება არც უცხოურ გიგანტ კომპანიებს გამოეპარა და ისე მოხდა, რომ საქართველოს მცირე მოცულობის ბაზარს ერთდროულად მიტანის სერვისის განსახორციელებლად ორი უმსხვილესი კომპანიაგლოვო და ვოლტი დაატყდა თავს. მანამდე ქართულ ბაზარზე მხოლოდ მენიუ.ჯი იყო წარმოდგენილი, სომხეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომლის ინვესტიციის ავტორიც რუსული დელივერი ქლაბია“, რუსეთის მიტანის სერვისი უმსხვილესი ლიდერი კომპანია და შედარებით ახალი ერთადერთი ქართული სტარტაპიირისი“, რომელიც საქართველოშია დაარსებული საქართველოს მოქალაქეების მიერ.

„გლოვო“ ბარსელონაში წამოწყებული ბიზნესია, ფუნქციონირებს 2015 წლიდან, წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში და - არც მეტი, არც ნაკლები - სამი კონტინენტის 67 ქალაქში. ამ ფონზე „ვოლტის“ ბიზნესბიოგრაფია შედარებით მოკრძალებულია – 10 ქვეყანა (ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი,ფინეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვედეთი და საქართველო) და მოიცავს მსოფლიოს 38 ქალაქს.

არც ერთი ზემოჩამოთვლილი ქვეყნის ერთსა და იმავე ქალაქში „გლოვო“ და „ვოლტი“ ერთდროულად არ მუშაობენ და ამ კომპანიების სავიზიტო ბარათია „მაკდონალდსის“ მიტანის სერვისი, რაც მაგალითად, თბილისში, ადგილობრივ კომპანიებს (რაოდენ კარგი პირობებიც უნდა შესთავაზონ მათ) უკეტავს გზას „მაკდონალდსის“ მომსახურებისკენ და „მაკდონალდსის“ მიმწოდებლები მხოლოდ „გლოვო“ და „ვოლტი“ არიან.

ორი მსხვილი კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა იმთავითვე სასიხარულო მოვლენაა ქართული სინამდვილისთვის („ვოლტი“ შარშან გაზაფხულზე გამოჩნდა, „გლოვო“ – იმავე 2018 წლის შემოდგომაზე). ჩვენებური ეკონომიკისთვის ინვესტიცია წმიდათაწმიდაა და ლამისაა, კანონზე მაღლაც კი დადგეს ხოლმე რიგ შემთხვევებში, რაც მაინც არ უკარგავს ლეგიტიმაციას კითხვას, რატომ უნდა დაინტერესებულიყო ქართული ბაზრით (რომელიც, ერთი მხრივ, მცირე მოცულობისაა, მეორე მხრივ კი, ჩვენი მოქალაქეები არცთუ შეძლებულები არიან) მიტანის სერვისის ორი უმსხვილესი კომპანია მაშინ, როდესაც მეზობელ სომხეთში მხოლოდ „მენიუ.ჯია“ (ეს არ არის გასაკვირი, რადგან „მენიუ.ჯი“ სომხეთის მოქალაქეების კომპანიაა), ხოლო აზერბაიჯანში კი მიტანის სერვისის არც ერთი მსხვილი კომპანია არ მუშაობს?!

თუ ალტრუიზმს გვერდით გადავდებთ (ბოლოს და ბოლოს, არც ისაა გამორიცხული, რომ „გლოვოსა“ და „ვოლტის“ მიზანი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მოქალაქეებისთვის ხელის გამართვაც იყოს), ფაქტია, რომ ქართულ ბაზარზე მოგება დიდი ვერ იქნება (თუ, რა თქმა უნდა, ბიზნესი კანონის სრული დაცვით განხორციელდება). ამიტომაც, ჩნდება ეჭვი, რომ მსხვილი უცხოური კომპანიების მიერ ქართული ბაზრის ათვისების მოტივები შეიძლება, იყოს:

ა) საქართველოს დაუხვეწავი კანონმდებლობა, რაც შემოსავლების დამალვის საშუალებას იძლევა;

ბ) ქართული სახელმწიფოს სისუსტე ადმინისტრირების მხრივ;

გ) ინვესტიციებად მონათლული ნებისმიერი უცხოური აქტივობის თაყვანისცემა;

დ) და ასე განსაჯეთ, ფულის გათეთრებაც კი.

მაგრამ, რადგან ფულის გათეთრების სქემების გაშიფრვა ურთულესია, დასავლელი სამართალდამცველებიც კი წლობით იძიებენ მსგავს საქმეებს და უმეტესობას ვერც ამტკიცებენ, ბოლო ეჭვი მხოლოდ თეორიული ვარაუდია, რომელსაც ჩვენ საკუთარი ძალებით ვერ დავამტკიცებთ.

ქართული ბაზრის ხიბლი მიტანის სერვისისთვის

საქართველოში მოქმედ კომპანიებს კანონი ავალდებულებს, რომ იმუშაონ საქართველოს საბანკო სისტემის გავლით, ანუ იქონიონ საქართველოში გახსნილი საბანკო ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს მომსახურების გადახდა. „გლოვოსა“ და „ვოლტში“ დასაქმებულთა ინფორმაციით, კომპანიები, ძირითადად, მუშაობენ თავიანთი უცხოური საბანკო ანგარიშებით და თანხა გაედინება უცხოეთში. მაგალითად, თქვენ აფორმებთ შეკვეთას, რომლის ღირებულებაც 50 ლარია და თანხას იხდით ბარათით. ამ ონლაინტრანზაქციას ქართული საგადასახადო სისტემა ვერ აკონტროლებს, რადგან, როგორც კონფიდენციალური წყაროები ამტკიცებენ, კომპანიები ონლაინტრანზაქციებისთვის უცხოურ სისტემებს იყენებენ და ფული გაედინება ქვეყნიდან. როგორც ამბობენ, ასეთი თანხა ყოველდღიურად ათობით ათასია, რაც იოლი მისახვედრია, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და ლარის სტაბილურობაზე.

„ვოლტის“ მომსახურების გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო, ხოლო „გლოვოსი - როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით (ანუ ქეშით). იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო სისტემა ვერ აკონტროლებს საერთაშორისო ონლაინტრანზაქციებს, გამოდის, რომ სავსებით რეალურია სცენარი: ონლაინგადახდისას თქვენი თანხა ირიცხება უცხოური ბანკების ანგარიშებზე (ანუ ავტომატურად გადის ქვეყნის გარეთ) და, შესაბამისად, საქართველოს ბიუჯეტი კარგავს შემოსავალს. ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთი ქართველი ექსპორტიორი საექსპორტო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილს თავიანთი კომპანიების უცხოურ ანგარიშებზე რიცხავენ, ანუ ქართული საგადასახადო სისტემის კონტროლის არიდან გააქვთ, რაზეც ქართული საგადასახადო სისტემა თვალს ხუჭავს იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, გამოიძიოს მსგავსი საქმეები და ამოიღოს თანხა, რომლის ადგილიც საქართველოს ბანკები და საქართველოს ბიუჯეტია.

ამდენად, არც ისაა გამორიცხული, რომ მსხვილი უცხოური კომპანიების (მათ შორის, ზემონახსენები „გლოვოსა“ და „ვოლტის“) ინტერესიც ქართული ბაზრისადმი გადასახადების დამალვის სიიოლეში იყოს. მით უფრო, თუ სახელმწიფო ამის საშუალებას გაძლევს, ხოლო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები კი კანონის გვერდის ავლის საფუძველია. ამდენად, რეალურია, ესეც გამხდარიყო „გლოვოსა“ და „ვოლტის“ საქართველოს ბაზარზე ერთდროულად შემოსვლის მოტივი – ბოლოს და ბოლოს, მუქთა იყოს, კუბო იყოსო, არათუ ფული.

საგადასახადოს მიზანშიკურიერები

ნებისმიერი მიტანის სერვისი ხორციელდება კურიერების მეშვეობით, რომლებსაც ჰყავთ ავტომანქანა, მოტოციკლი ან სკუტერი.

როგორც „ვოლტის“, ისე „გლოვოს“ ყოფილი და მოქმედი კურიერები ამბობენ, რომ თუკი „ვოლტის“ კურიერობისთვის მსურველი მცირე მეწარმედ უნდა დარეგისტრირდეს, „გლოვოსთვის“ მიკრომეწარმეობაა აუცილებელი.

მაგრამ, თუ კურიერად დასაქმებას ისურვებთ, როგორც ფიზიკური პირი, თქვენ მიიღებთ 25–პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას, ვიდრე მიკრო ან მცირე მეწარმეებად დარეგისტრირებული ფიზიკური პირები. რატომ? იმიტომ, რომ ფიზიკური პირისთვის გადახდილი ხელფასიდან კომპანიებმა („გლოვომ“ ან „ვოლტმა“) უნდა გადარიცხოს ბიუჯეტში საშემოსავლო სახით – ფიზიკური პირი კურიერებისთვის დარიცხული ხელფასის 20 პროცენტი. მცირე და მიკრო მეწარმეებიის მიერ გაწეულ კურიერულ მომსახურებას კი „გლოვო“ და „ვოლტი“ თავის დოკუმენტაციაში აჩვენებს, როგორც მომსახურების ღირებულებას, ანუ თავად ამ თანხას ატარებს ხარჯებში, ხოლო კურიერები - თავიანთი მიკრო და მცირე საწარმოებით - არიან ანგარიშვალდებულები ბიუჯეტის წინაშე. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ საგადასახადო ორგანოების მიერ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.

რატომ აირჩია ორივე მსხვილმა კომპანიამ კურიერები კომპანიონებად (მცირე ან მიკრომეწარმეები) და არა - თანამშრომლებად? იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მცირე მეწარმეები არიან ის მეწარმე ფიზიკური პირები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს და იბეგრებიან საერთო ბრუნვის 1-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით, ხოლო მიკრო მეწარმეები არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, თავისუფლდებიან სალარო-აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან, როცა მათი ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

რადგან ქვეყნის ეკონომიკის აქცენტი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაა, რაც სახელმწიფოსთვის მომგებიანია იმიტომ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესია სწორედ ეკონომიკის საყრდენი (ოღონდ, ალბათ, არა იმ ფორმით, როდესაც მსხვილი კომპანიები ამ ფაქტორს იყენებენ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის მიზნით), უდიდესი ალბათობით, არც არავინ შეამოწმებს, მართლაც იხდიან თუ არა საქართველოს მოქალაქე მიკრო და მცირე მეწარმეები, რეალურად „გლოვოსა“ და „ვოლტის“ კურიერები მათთვის კანონით დაკისრებულ გადასახადებს.

ზოგადად, ახალი ტიპის ბიზნესსაქმიანობისთვის არც ერთი ქვეყნის საგადასახადო სისტემა არ არის მზად და მიტანის სერვისიც ასეთი ბიზნესსაქმიანობაა საქართველოსთვის. მართალია, „მენიუ,ჯი“ კარგა ხანია, მუშაობს ქართულ ბაზარზე, მაგრამ ის თავიდან ბოლომდე საქართველოში ფუნქციონირებს (ანგარიშსწორებისას იყენებს სალარო-აპარატებს და მხოლოდ საქართველოს საბანკო სისტემას ონლაინტრანზაქციებისთვის), ამიტომ მისი კონტროლი იოლია ადგილობრივი საგადასახადო ორგანოებისთვის ისევე, როგორც ერთადერთი საკუთრივ ქართული კომპანია „ირისის“. სხვადასხვა ბაზარზე ოპერირების დიდი გამოცდილების მქონე უცხოური მეგაკომპანიებისთვის კი ცნობილია ყველა ნიუანსი, რაც მათ ბიზნესის იოლად, საკანონმდებლო ხარვეზების ხარჯზე, კანონის გვერდის ავლით განვითარებისა და ბაზრიდან ადგილობრივი კომპანიების გაძევებისა და ახლების არშეშვების საშუალებას აძლევს. შედეგად კი გამოდის, რომ მოგება გადის ქვეყნიდან, გადასახადები იმალება და ბაზრის ამ სეგმენტში მონოპოლია იქმნება. სავარაუდოდ, ამიტომაც დაინტერესდნენ „გლოვო“ და „ვოლტი“ ქართული ბაზრით: ის, ფაქტობრივად, დაურეგულირებელია, კანონი ხარვეზიანია, რაც იდეალური ვარიანტია იოლი ფულის საშოვნელად და ტრამპლინია სამხრეთ კავკასიის ბაზრის ასათვისებლად.

მიტანის სერვისიარა კომფორტი, არამედ საფრთხე?!

„გლოვო“, გარდა საკვებისა, მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი პროდუქტის მიტანის სერვისს. ამიტომაცაა ნებადართული მისი მომსახურებით სარგებლობისას ნაღდი ფულით ანგარიშსწორება: თუკი „გლოვოს“ მარკეტიდან შეუკვეთავთ სანოვაგის მიტანას, ცხადია, წინასწარ არ იცით, რა თანხა დაჯდება ეს სიამოვნება. ამიტომაც, როგორც „გლოვოს“ მოქმედი და ყოფილი კურიერები აცხადებენ, ყველა კურიერს აქვს უცხოური საბანკო ბარათები, რომლის მეშვეობითაც იხდიან შეკვეთის საფასურს სუპერმარკეტსა თუ იმ დაწესებულებაში, საიდანაც რამის ყიდვა სურს შემკვეთს. კურიერის ხელფასი კი (რასაც „გლოვო“ მომსახურების ყიდვად გააფორმებს) დაანგარიშდება შეკვეთის რაოდენობის მიხედვით.

მიტანის სერვისის კომპანიები კვების ობიექტების წილში არიან, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად: რესტორანში მისულ კლიენტს 20 ხინკალი დაახლოებით 16 ლარი უჯდება, ხოლო, თუ კლიენტი იმავე რესტორნიდან 20 ხინკალს მიტანის სერვისის კომპანიის მეშვეობით შეუკვეთავს, რესტორანი იმავე 20 ხინკალს კომპანიას 20–30 პროცენტით ნაკლებ ფასად მიჰყიდის, როცა კლიენტისთვის გადასახდელი თანხა იგივე იქნება რაც რესტორანში. სწორედ ფასთა ეს სხვაობაა ამ კომპანიების შემოსავლის წყარო. ამდენად, გაუგებარია, რა მოგებას ნახულობს „გლოვო“, მაგალითად, იმ ობიექტების პროდუქციის შეძენისას, ვისთანაც მას ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული? ოპტიმისტურად ვივარაუდოთ, რომ მას ბაზრის ამ სეგმენტის ათვისებაც სურს.

ორივე კომპანია მოხერხებულად იყენებს საკუთარ გამოცდილებასა და საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში „გლოვო“ კანონსაც უნდა არღვევდეს. განვიხილოთ მაგალითი: ვთქვათ, „გლოვოს“ მიკრომეწარმედ დარეგისტრირებულმა კურიერმა უნდა მიიტანოს 20-ლარიანი შენაძენი შემკვეთთან. ის პროდუქტს შეიძენს „გლოვოს“ უცხოური ბარათით, ადგილზე კი შემკვეთი მას გადაუხდის ქეშით, ანუ ნაღდი ფულით 20 ლარს და ასე გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. დღის ბოლოს კურიერს შესაძლოა, აღმოაჩნდეს სოლიდური თანხა, რომელიც უხილავია ქართული საგადასახადო სისტემისთვის და გაუგებარია, რა ფული „გაცოცხლდა“ (ანუ, სავარაუდოდ, „გათეთრდა“).

ოღონდ ყველაზე საინტერესო მაინც ზოგადი მიტანის სერვისია, როდესაც „გლოვოს“ კურიერის მეშვეობით შეგიძლიათ, ნებისმიერი ნივთის გადატანა (რაც „გლოვოს“ ჩანთაში ჩაეტევა). თქვენ ონლაინ უკვეთავთ ამ მომსახურებას, ასახელებთ ნივთის საწყისსა და საბოლოო მისამართებს და თუმცა ფორმალურად მიუთითებთ, რა ნივთია გადასატანი, რეალურად არავინ ამოწმებს, მართლაც მითითებულ ნივთს ატანთ „გლოვოს“ კურიერს, თუ რამე სხვას არსებულ შეფუთვაში. ამდენად, ეს შეიძლება, იყოს იარაღიც ან ასაფეთქებელი მოწყობილობაც (რაც განსაკუთრებით საშიშია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით კრიმინოგენური ვითარების დამძიმების, არამედ საერთაშორისო ტერორიზმის თვალსაზრისითაც) და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნარკოტიკიც კი (ეს რატომაა საგანგაშო, ამის ახსნაზე არ შევჩერდები, ისედაც გასაგებია).

უფრო მეტიც, რადგან კურიერები ნებისმიერი ტიპის მომსახურების გაწევისას ერთი და იმავე გადასატანი ჩანთით სარგებლობენ, არავინ იცის, თქვენ მიერ შეკვეთილი საკვების მოთავსებამდე, რა გადაიტანეს იმავე ჩანთით. მაგალითად, მცირეწლოვანი შვილებისთვის შეუკვეთეთ „მაკდონალდსის“ პროდუქტი, მანამდე კი სავსებით შესაძლებელია, გადასატან ჩანთაში ყოფილიყო – ქიმიური სარეცხი საშუალებები, ვინმეს საცვალი, ფეხსაცმელი, ნარკოტიკი, ასაფეთქებელი, თუ სხვა რამ საკვებთან სრულიად შეუთავსებელი.

ერთი სიტყვით, სანამ ქართული კანონმდებლობა მოიკოჭლებს (არცოდნისა და არასრულყოფილების გამო) და ქართული სახელმწიფოც იძულებულია, თვალი დახუჭოს არაერთ ფინანსურ მაქინაციაზე, განსაკუთრებით, უცხოური კომპანიების შესრულებით (იმიტომ, რომ უცხო არა მხოლოდ სა-უცხო-ო, არამედ უფრო ძლიერიცაა), საქართველოს მომხმარებელი სარგებლობს „გლოვოსა“ და „ვოლტის“ მომსახურებებით, ხარჯავს ფულს, იმ იმედითაც, რომ ეხმარება ქართულ ეკონომიკას, უდიდესი ალბათობით, ეს თანხა გადის უცხოეთში, რითაც აძლიერებს უცხო ეკონომიკას, საქართველოს ბიუჯეტს კი აკლდება შემოსავლები. ცხადია, სრულიად განსხვავებულია სურათი ადგილობრივი კომპანიების შემთხვევაში – რადგან მათი კონტროლი იოლიცაა და ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს მათი კონტროლის ძალაც აქვთ, იმას გარდა, რომ მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხა რჩება ქვეყანაში და ბიუჯეტი არ კარგავს არც ერთ თეთრს. ადგილობრივი კომპანიები საგადასახადო ორგანოებს ვერ გამოაპარებენ კურიერებისთვის გადახდილ თანხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბიუჯეტის წინაშე პირნათელნი იქნებიან ან, როგორც ფიზიკური პირები (ანუ გადაიხდიან საშემოსავლოს), ან, როგორც მიკრო ან მცირე მეწარმეები (ვერ დამალავენ ბრუნვის ოდენობას და გადაიხდიან შესაბამის გადასახადებს).

აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო სექტორის გაძლიერებამდე და კანონის დახვეწამდე მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს – ხელი შეუწყოს ადგილობრივ კომპანიებს (ანუ ისარგებლოს ადგილობრივი კომპანიების მიტანის სერვისით) და გააძლიეროს საქართველოს ბიუჯეტი, თუ უცხოური კომპანიების მომსახურებაზე გააკეთოს არჩევანი: გააძლიეროს უცხო ქვეყნის ბიუჯეტები საკუთარის დასუსტების ხარჯზე და ხელი შუეწყოს ქართულ ეკონომიკურ სივრცეში გაუგებარი წარმომავლობის ფულს „გაცოცხლებას“.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42