უწყების ცნობით, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები გამოსაკითხად დაიბარეს, თუმცა, მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდებაზე უარი თქვეს. სწორედ ამის გამო, მათი გამოკითხვა სასამართლო წესით მოხდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ასევე, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად დაბარებული იქნენ პოლიციაში. ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის საშეჯიბრო დღე სკანდალურად დასრულდა.
87 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის ბოლოს, მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მისცა და ისიც ერთი ქულით დაწინაურდა, რაც ზურაბ დათუნაშვილმა გააპროტესტა. მსაჯის მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაზიანებები მიიღო. მოჩხუბრების გაშველება დაცვის სამსახურს მოუწია. შედეგად, დათუნაშვილი შეჯიბრიდან მოხსნეს, ხოლო გამარჯვებულად კობლიაშვილი გამოცხადდა.
როგორც შემდგომშ გაირკვა ჩხუბში ჩართული იყო ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც და მან ზუურაბ დათუნაშვილს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ დათუნაშვილი გავრცელებულ მიმართვაში წერდა.
კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






