მინისტრის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან ამოღებულ იქნა ხელნაკეთი დანები, მობილური ტელეფონები, ე.წ. ბრაგა, კუსტარულად დამზადებული "ტატუს" გასაკეთებელი აპარატი, ხელნაკეთი მადუღარები, კუსტარულად დამზადებული ბანქო, ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები და სხვა ნივთები.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აკრძალული საგნების, თანამშრომლებზე თავდასხმის, მსჯავრდებულთა მიერ ერთმანეთის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სულ აღძრულია 202 სისხლის სამართლის საქმე. აკრძალული საგნების აღმოჩენისა და შენახვის ფაქტზე აღძრულია 103 საქმე, 20 შემთხვევაში გამოძიება უკვე დასრულებულია და სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარია განაჩენი. აღიძრა 39 საქმე მსჯავრდებულების მიერ ერთმანეთის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. მსჯავრდებულების მიერ ერთმანეთის ნივთების დაზიანების ფაქტზე კი აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე.
ადმინისტრაციაზე თავდასხმა დაუმორჩილებლობის ფაქტზე აღძრულია 26 სისხლის სამართლის საქმე.
მინისტრის თქმით, უწყებამ ყველა გამოვლენილი შემთხვევაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა.
მასალის გამოყენების პირობები






