როგორც ექსპერტმა "ნიუპოსტს" განუცხადა იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს "ახალი არაფერი უთქვამს", ამიტომ "ქართული ოცნების" ყველაზე ძველი სახის განცხადებების ანალიზი "სერიოზული არ არის".
"ეკა ბესელიას ახალი არაფერი უთქვამს. მან პრესკონფერენციაზე გაიმეორა ის ყველაფერი, რაზეც აქამდე საუბრობდა. რაში სჭირდებოდა ჟურნალისტების მოწვევა, გაუგებარია. ზოგადად, სერიოზულად არ მიმაჩნია ეკა ბესელიას ანალიზი, არ მიმაჩნია მნიშვნალოვან თემად იმის ანალიზი თუ რაზე ფიქრობს ეკა ბესელია. არაფერი ახალი და საინტერესო, რისი კომენტირება ღირს, არ უთქვამს და მორჩა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისი "ეკა ბესელიას არ უკავშირდება".
"ეს პოლიტიკური პროცესი ბესელიას არ უკავშირდება, ეს პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო ფართო და მძიმეა. ბესელია ამ პროცესის ერთი მცირე ელემენტია და ის ამ ყველაფრის მედროშე ნამდვილად არ არის. ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისი მიმდინარეობს - ფიგურანტებზე არ ვსაუბრობ, ყველა ყველას წინააღმდეგაა. ბაბილონის ნგრევის პროცესში ვართ. დაპირისპირებაა ყველგან: ხელისუფლებაში, ეკლესიაში, პარტიებსა და პარტიებს შიგნით. სოც ქსელებში. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ააშენა ეს ბაბილონის გოდოლი, რომელიც ინგრევა"- აღნიშნა პოლიტოლოგმა.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ კარგია თუ ბესელია უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სიაზე ალაპარაკდა, თუმცა ექსპერტს გარკვეული კითხვები აქვს.
"მეც შეიძლება მქონდეს კითხვები - პარალელურად მურუსიძე რომ შეეპარათ და უვადო მოსამართლედ განმწესდა ერთი კვირის წინ. ანუ მურუსიძის თემა ჩავაგრიხინეთ? არ მგონია, რომ ეს სია არის მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით მთავარი პრობლემა შერჩევის ალგორითმია პრობლემაა ის სისტემა, საიდანაც ამ სიების გენერაცია ხდება - პრობლემა არის იუსტიციის საბჭოში და მისი მუშაობის ფორმულაში. თუ იქ ძირეულად არ შეიცვალა ყველაფერი რა მნიშვნელობა აქვს, ამოიღებენ ჩინჩალაძეს და ჩასვამენ ქიბროწაშვილს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდეს. ალგორითმია შესაცვლელი და მეთოფიშვილია გასაჩუმებელი, რომელიც ყოველ დღე წაღმა-უკუღმა ისვრის"- ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი "ნიუპოსტთან" სასამართლო სისტემაზე და ქვეყანაში შექმნილ მძიმე სურათზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს.
"როგორც ვთქვი, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლიდერი. ის რჩება ბანალურად ძალის ცენტრად და მეტი არაფერი. ასე რომ , ძალიან რთული პროცესია მათ შორის მისთვისაც. ის ბაბილონის გოდოლი, რაზეც ვისაუბრე და რომელიც ნგრევის პროცესშია, თავის შემოქმედს შეუქმნის პრობლემას"- დასძინა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






