"ჩცდ-ს პირველივე წუთიდან ქეთი ჩემთვის ძალიან ტრაგიკული და მარტოსულია. ხოლო დღევანდელ სერიაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მას არასდროს არავის თანადგომა არ ქონია, თვით დედისაც კი.
ვფიქრობ, ბავშვობიდან მშობლებთან სხვა ურთიერთობა და ძლიერი კონტაქტი რომ ქონოდა, დედის და მამის ძლიერი ზურგი და მხარდაჭერა რომ ეგრძნო, ზაზასთან შექმნილი ოჯახის ფორმა და ურთიერთობები მისთვის მისაღები არ იქნებოდა. ბავშობასი ფორმირებული მყარი ფუნდამენტი, მას ბევრად უფრო ძლიერ და საკუთარ თავში, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ პიროვნებად ჩამოაყალიბებდა. და შესაბამისად დამამცირებელი, უთანასწორო ურთიერთობის ფორმა ქმართან, მისთვის არა ნორმა, არამედ მიუღებელი იქნებოდა.
მაგრამ, არ შეუქმნია არავის ქეთისთვის მყარი ფუნდამენტი, დატოვეს პატარა გოგო მხარდაჭერის, კონტაქტის, ჭეშმარიტი ზრუნვის გარეშე. ვერ დაინახეს მისი საჭიროებები, ვერც მისმა მშობლებმა და შემდეგ ვერც ვერავინ. ამიტომაც ვერ გაიზარდა პატარა გოგო. მოემატა ასაკი, მაგრამ შინაგანად დარჩა პატარა, შეშინებული, მარტოსული და ნაივური არსება, რომელსაც არც არასდროს გამოუცდია რას ნიშნავს იყო დანახული, იყო მნიშვნელოვანი, შენს სიტყვას და აზრს ითვალისწინებდნენ. უყვარდე - შენ, შენი დადებითით და უარყოფითით.
ეს პესონაჟი მარტოა! თავის დიდ სამეგობროშიც კი, სადაც მის გოგოებსაც დიდად არ ანაღვლებთ მისი პიროვნება. მეტიც, ხშირად ავიწყდებათ ქეთი ან აიგნორებენ მას.
“ქეთია, რა..” - ცოტა მოსულელო, ცოტა ნაივური, ჩუმი, უპრეტენზიო. და ამიტომ მოლოდინია რომ ამ ქეთის არც არაფერი უნდა აწუხებდეს და კმაყოფილიც იყოს იმით რაც აქვს.
და რა აქვს, რო ? მარტოობა და კიდევ თავისზე დამოკიდებული პატარა გოგო ყავს, რომელსაც აგრეთვე ძლიერი მხარდაჭერა ჭირდება.
ხოდა გამოჩნდა ის ვიღაც, პირობითად აჩიკო, და საკმარისი იყო სულ რამდენიმე თბილი სიტყვა ეთქვა, რომ ამ გოგოში მიძინებული მექანიზმი დაძრულიყო. და ისევ და ისევ მისი ნაივური, ინფანტილური ბუნებიდან გამომდინარე მარტივად აყოლოდა აჩიკოს თბილ სიტყვებს.
ეჭვი არ შეეტანა აჩიკოს რეალურ მოტივებში.
და იწყებს ქეთი აჩიკოსთან ურთიერთობაში პირველ რიგში საკუთარი თავის აღმოჩენას. ჯერ საკუთარ სექსუალობაში ერკვევა. ნელ-ნელა იღვიძებს მისი სექსუალობა, ლტოლვა, სურვილები. ნელ-ნელა ხვდება რომ ძალიან სასურველი შეიძლება იყო და არა მხოლოდ ხორცი, რომლის ერთადერთი მისიაც - ქმრის დაკმაყოფილებაა.
იღვიძებს სექსუალობა, იღვიძებს ქეთი და უყვარდება თავისი თავი ამ ახალ ამპლუაში. შემდეგ კვლავ ნელ-ნელა, არაცნობერად უყვარდება საკუთარი თავი იმ მომენტში, როდესაც თავს საჭიროდ და მნიშვნელოვნად გრძნობს. როცა ყურადრბას გრძნობს თავისი პერსონის მიმართ. და ვეღარ აჩერებს ამ მექანიზმსს, რადგან მისი გაჩერება შეუძლებელია. ეს მექანიზმი ისეთივე ბუნებრივია და კანონზომიერი, როგორც სხვა კანონზომიერებები ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ არასწორ დროს, დაგვიანებით, არასწორ ადგილას და არასწორ ურთიერთობაში ამოქმედებული.
მაგრამ ქეთის მთელი მდგომარეობის დანახვას არავინ აპირებს. მათ შორის მაყურებელთა უდიდესი ნაწილი, რომელსაც ძალიან მკაცრი და სექსისტური შეხედულებები აქვს ქალისა და კაცის როლებსა და უფლებებზე.
“ოჯახს ლაფი დაასხაო”, “გაბოზდაო”, “ეს როგორ გაბედა და იკადრაო” - ამას ამბობენ და იტყვიან.და ხო, მართლაც დაასხა ლაფი, მართლაც უღალატა და ამას არც არავინ უარყოფს. უბრალოდ საწყენია, რომ აქამდე, როდესაც ზაზა ასხავდა მის თავს ლაფს, ზღუდავდა, მის საჭიროებებს აიგნორებდა და ა.შ. არავინ წუხდა, არავინ შფოთავდა.
ახლა კი, ის კვლავ მარტოა და მარტომ უნდა იბრძოლოს ამ საოცრად შეუპოვარი და სასტიკი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც მის დასჯას და გარიყვას ითხოვს, ხოლო მის დასაცავად არავინ არაფერს იტყვის?! .
დიახ, ღალატი- ღალატია და არ ვამართლებ ძალიან მძიმეა როდესაც ერთი პარტნიორი მეორეს ღალატობს. თუმცა ახსნა რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს, ოროვე პარტნიორს აქვს. უბრალოდ ჩვენი გენდერულად დეტერმინირებული საზოგადოება, ღალატის შემთხვევაში მამაკაცს ახსნას არც კი სთხოვს. არც კი განიხილება რომ მან თავი უნდა იმართლოს. მოსულა და მორჩა! ხოლო, რაც შეეხება ქალის ღალატს, არც აქ ითხოვს ახსნას, რადგან არც კი განიხილება რომ მას სიტყვის უფლება უნდა მისცე, ან დრო დახარჯო მისი მოტივის გასააზრებლად. არ მოსულა - და მორჩა! და თან სდევს ქალის გარიყვა, ჩაქოლვა და განადგურება!
და ამით აბსოლუტურად ყველა ქალიც და კაციც იმ ქალს ღალატობს, რომელიც იმ მომენტში დახმარებას და თანადგომას საჭიროებს!" - წერს ელენე ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






