
სოფელ დიცში რუს სამხედროებსა და ქართველ ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. რუსი სამხედროები დიცში მავრთულხლართების გაბმას აგრძელებენ, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს, რადგან სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, 3 საცხოვრებელი სახლი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდეს.
ე.წ. საზღვრის მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს ასევე სასაფლაოც. ხუთი ადგილობრივი მკვიდრი შეეცადა რუსებთან გასაუბრებას, რომ სასაფლაოსკენ მიმავალი გზა არ გადაეღობათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივი მკვიდრი ილია ბერუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში, ოსური ჯგუფის წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რობერტ გაზაევმა შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ,,ოსეთის ტერიტორიის“ დატოვება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული მედიის წარმომადგენლებს დაპატიმრებით დაემუქრა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ცდილობენ ვითარების განმუხტვას. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ დიცში შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებიც აპირებენ ჩასვლას.
შენიშვნა: "ნეტგაზეთის" ფოტო.
მასალის გამოყენების პირობები






