„რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც“ – ამბროსი ხელაია
საქართველოს ეკლესია დიდი გამოცდის წინაშე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით? რამდენად თავისუფალი იქნება მისი სიტყვა და ამ სიტყვის გამოხატულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებით?
"კათალიკოსსა ანუ უმთავრესსა არქიეპისკოპოსსა მათსა აქუნდეს ადგილი რიცხვთა შორის რუსეთის მღვდელმთავართასა მერვესა შინა ხარისხსა" – „გეორგიევსკის ტრაქტატი“ ვერაგული მე-8 არტიკული და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოსაპოვებლად საუკუნეების განმავლობაში ბრძოლა. ისტორია, რომელიც არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს!
დგას თუ არა საქართველოს ეკლესია ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე? შეიძლება თუ არა დღეს არსებულ რეზონანსულ საკითხებზე სხვადასხვა გადაწყვეტილებებმა შექმნას კვლავ ისეთი ისტორიული პირები, რომლებიც იძულებულნი გახდებიან გაიმეორონ ფრაზა „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი სამშობლოს, მძორი, ჯალათებო – თქვენ და რაც გინდათ ის უყავით მას“, თუ დარჩება ლოგიკურობის ჩარჩოში და სხვადასხვა ძალების მავნებლური ზეგავლენებისგან გათავისუფლდება?
„მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. (იოანე. 10. 11-17)“
გზააბნეული ცხვარი - „რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.“ (მთ. 18. 12-14)
„ნიუპოსტი“ საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თეოლოგ ვლადიმერ ნარსიასთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- ბატონო ლადო, დღეს საქართველოში ერთ-ერთი რეზონანსული საკითხი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიციაა. როგორ ფიქრობთ, უნდა იქნეს თუ არა მეუფე პეტრეს მოთხოვნა გათვალისწინებული წმინდა სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით?
- სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნა ძალიან გონივრულია და კარგი იქნებოდა, თუ სინოდის სხვა წევრებიც გააკეთებდნენ ამ განცხადებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინა სინოდის დასრულების შემდეგ მოვისმინეთ, რომ სინოდი აპირებს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას შემდეგ შეხვედრაზე. ჩემთვის მაშინ ძალიან ცხადი და ნათელი იყო რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში და დადასტურდა კიდეც ჩემი ეჭვები, როცა დეკანოზ ჯაღმაიძეს ჰკითხეს როდის გაიმართება შემდეგი სხდომაო და არავინ იცისო, იყო მისი პასუხი. ეს გახლდათ ერთგვარი ხრიკი, რომელიც 27 დეკემბრის განცხადებაში ჩადეს და თქვეს, რომ განიხილავდნენ 6 იანვრის ფაქტის შემდეგ. ახლა სინოდის წევრები ამბობენ, რომ არ გამართულა ჯერ მსჯელობები და არ აქვთ მოსაზრება თუ რა პოზიციას დაიჭერენ. ეს არის ხელოვნურად გახანგრძლივებული პროცესი. იმიტომ ხდება ასე, რომ სურთ, დაელოდონ სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებებს. თუ ვითარება შეიცვლება რუსეთის ეკლესიის სასარგებლოდ, ამ მხარდაჭერას შეუერთდება საქართველოს ეკლესიაც, ამ მოლოდინშია სინოდის წევრთა დიდი ნაწილიც. ნამდვილად მნიშნელოვანი იქნებოდა სინოდის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
- აქვთ თუ არა სფეროს სპეციალისტებს, თეოლოგებს უფლება ქვეყნისთვის მსგავს მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ და როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ თემაზე მსჯელობაში პოზიციის დაფიქსირების უფლება მოგეცემათ თუ არა?
- იყო მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საჯარო სივრცეში ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თეოლოგებსაც და ამ დარგის სპეციალისტებს მისცემდნენ უფლებას, გამოეხატათ მოსაზრებები. სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება და ეჭვი მაქვს, რომ მათ ეშინიათ განსხვავებული აზრის, რომელიც შესაძლოა უფრო ანგარიშგასაწევი იყოს და რომელიც უფრო მეტად იქნება აგებული საეკლესიო კანონიკური წესების, ტრადიციების მოსაზრებების გათვალისიწნებით. ისინი შიშობენ ამ შეხედულებებს არ გამოუჩნდეს უფრო მეტი მხარდამჭერი, თუნდაც სინოდის ნაწილში. ამ სივრცეში ახალი, გამჭვირვალე სიტყვის შეტანა საფრთხედ მიაჩნიათ და არ გვაძლევენ უფლებას, ჩვენც მივიღოთ სინოდის ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ძალა სინოდთან შედარებით სუსტი იქნება, მაგრამ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენს ხმას გავაგონებთ აღმოსავლურ ეკლესიებს, დაინტერესებულ საერთაშორისო მართლმადიდებლურ ფორუმებს, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც აქვთ კვალიფიციური უფლება და არ ეთანხმებიან სინოდის უარყოფით გადაწყვეტილებას. ვინაიდან, სინოდი ამ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საქართველოს ეკლესიის სახელით ჩვენც უნდა მოგვეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუელაბა, თუნდაც ეს იყოს სარეკომენდაციო ხასიათის, რადგან საქართველოს ეკლესიის წევრები არ არიან მხოლოდ ეპისკოპოსები, არამედ ჩვენც, საერო დასი. ამიტომ, როცა სინოდი ჩემი სახელითაც აფიქსირებს ეკლესიის პოზიციას, ჩემი მოსაზრება უნდა მოისმინოს მაინც ამ საკითხზე.
- როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რას მოიტანს აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის?
- საქმე ის არის თუ რა ფორმულირებას მოუძებნიან უარყოფით გადაწყვეტილებას. როგორ იქნება ის ჩამოყალიბებული კანონიკურ-სამართლებრივად. რას იტყვინ რა არის უარყოფის მიზეზი?! თუ დაუწუნებენ კონსტანტინოპოლს იმას, რომ მას რაღაც კანონიკურად შეეშალა და არ იქცევა სწორად, რაც თითქმის წარმოუდგენელი და შეუძლებელია, მაგრამ თუ ასეთი რამე იარსებებს, მაშინ ამის ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ეკლესიამ რუსეთის ეკლესიასთან ერთად მოითხოვოს ურთიერთობის გაწყვეტა კონსტანტინოპოლთან. რუსეთიც სწორედ ამას ედავება კონსტანტინოპოლს, რომ არაკანონიკურად მოიქცა და არაკანონიკურად მოხდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. თუ საქართველოს ეკლესიამაც ეს თქვა, ერთმნიშვნელოვნად დაგვანახებს იმ რეალობას, რომელიც ათეულობით წელია არსებობს, ეს არის საშინელი გავლენა რუსული ძალებისა და სპეცსამსახურებისა საქართველოს ეკლესიაზე. ერთხელ და სამუდამოდ დავინახავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში და სინოდში არიან მომეტებული ძალის მქონე რუსული გავლენის აგენტები სასულიერო პირებისა და ეპისკოპოსების სახით, რომლებმაც საკუთარი პოზიცია ერთხელ და სამუდამოდ ამ ფორმით დაადასტურეს. ეს იქნება სამწუხარო, მაგრამ ლოგიკური დასკვნა იმ პროცესების, რომელსაც ამ ხნის მანძილზე ვუწოდებთ რუსული ეკლესიისგან პროვოცირებულს. ეს იქნება ტრაგიკული, მაგრამ იქნება კარგი სურათი იმის წარმოსადგენად თუ ვინ არის საპატრიარქოს დღევანდელი მმართველი ელიტა.
- როგორ მიგაჩნიათ, მსგავსი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად გავლენიანი იქნება წმინდა სინოდის წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აზრი და პოზიცია?
- სინოდის დასკვნა იქნება პატრიარქის ერთპიროვნული დასკვნა. ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით შეიძლება ასე ითქვს, რადგან ეს ძალიან რეზონანსული საქმეა. პატრიარქი არ გაუშვებს ხელიდან არც ერთ შესაძლებლობას ყველაზე წვრილმან ნიუანსშიც კი გაერკვეს და საბოლოოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პასუხში, რომელიც სინოდის მიერ იქნება მომზადებული, ერთპიროვნულად იქნება პატრიარქის პოზიცია გამოხატული. ასეთი შეუვალი ავტორიტეტი აქვს პატრიარქს სინოდში და მის გადაწყვეტილებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს, ამას ვერავინ გაუბედავს პატრიარქს.
- იმ ფონზე, როცა ეკლესია იძულებულია არჩევანი გააკეთოს თავისუფალ გადაწყვეტილებასა და გარკვეული ძალების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას შორის, არ შეიძლება არ აღნიშნოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და სიტყვის თავისუფოების ნაწილი, როგორ ფიქრობთ, რა ითქვა ეპისტოლეს ამ ნაწილით?
- დემოკრატიული ინსტიტუტი დგას სიტყვის თავისუფლების პირველურ უფლებაზე და შეუძლებელია დემოკრატიებში რაიმე შეზღუდვები დააწესოს სახელმწიფომ აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, გარდა იმ შეზღუდვისა რასაც კანონი ითვალისწინებს კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფისაგან დასაცავად. მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ მის მიმართ ხორციელდება და განხორციელებულა ცილისწამებები, თავდასხმები, შეურაცხყოფები და ასეთ შემთხვევაში ეკლესია რატომ არ რეაგირებს? როგორც ჩანს საპატრიარქოს მხოლოდ მაშინ აწუხებს ეს საკითხი, როდესაც ვიღაც რაღაცას ამბობს მმართველ ჯგუფზე და მათ აკრიტიკებთ. აი, ეს არის მხოლოდ მათი წუხილის რეალური მიზეზი? კი ბატონო, ეკლესიამ უნდა თქვას, რომ ზღვარგადასული და უპასუხისმგებლო განცხადებები საჯაროდ, არ არის სასიამოვნო მოსასმენი და მეტი პასუხისმგებლობა მართებთ საჯარო პირებს. ეკლესიას ამ უფლებას ვერ ჩამოვართმევთ და ეს დემოკრატიის შემადგენელი პროცესია მაგრამ, მხოლოდ რელიგიური და მორალური სტანდარტების ჩარჩოებში წარმოუდგენელია პლურალიზმზე დაფუძნებული სეკულარული სახელმწიფოს სამართლებრივი მოდელის არსებობა. ეს უნებურად ტოტალიტარიზმისაკენ მიმართული პროცესია. ამიტომ, საზოგადოებაში მორალური არბიტრის ფუნქცია შეიძლება იკისროს მხოლოდ თავად სამაგალითო ქცევებისა და სიწმინდის მქონე ეკლესიამ, მაგრამ დაუშვებელია დემოკრატული რეჟიმებში თუნდაც უკიდურესად კეთილი განზრახვით სახელმწიფომ დააწესოს აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლი რელიგიური ინსტიტუების კარნახით.
ამ შემთხვევაში გაცილებით სამართლიანი და მორალური იქნებოდა ეკლესიის მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ მას რეაგირების გარეშე დარჩა და არ გაუმახვილებია ყურადღება ისეთ ფაქტებზე, რომელიც მიმართული იყო მისი ეპისკოპოსის - მიტროპოლიტი პეტრე ცაავას წინააღმდეგ. აქ ისმის კითხვა, რატომ არ ამბობს ამას და აღიქვამს მიუღებლად სიტყვის თავისუფლებას მხოლოდ მაშინ, როცა კონკერეტულად მას აკრიტიკებენ? გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარებაში მყოფი ეპისკოპოსის, იაკობ იაკობაშვილის სრულიად შეუფერებელი განცხადებები როგორც სახელმწიფო მოხელეების ასევე ეკლესიის წევრების მისამართით. საპატრიარქომ რატომ არ მოახდინა რეაგირება ამ განცხადებაზე, რომელიც უკიდურესად აზიანებს ეკლესიის იმიჯს და არის წინააღმდეგობრივი აზრის თავისუფალი გამოხატვის მორალურ სტანდარტთან, რომლის დაცვასაც პატრიარქი გვთავაზობს მის ეპისტოლეში?
- შეიძლება თუ არა განვიხილოთ პატრიარქის მოწოდება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ერთგვარ მინიშნებად და ვუწოდოთ მას პოლიტიკური მესიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხს მომენტალურად უწოდეს სერიოზული პრობლემა, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება გამოსწორება?
- ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთხელ დავინახეთ ზოგჯერ სამჯერ დახრილი და წელში მოკეცილი პრემიერი კურთხევების ასაღებად, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ეკლესიის წინაშე უსიტყვო მორჩილებას გამოხატავენ ასეთი ქცევით. სახეზე გვაქვს კიდევ ერთხელ მიბრუნება იმ ძალიან არასასიამოვნო ისტორიულ რეალობასთან, როდესაც სასულიერო იერარქიამ გამოხატა სახელმწიფოს მართვის ამბიცია და აიღო სადავეები. იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ სამწუხაროდ და ამაზე არის ყურადღება გასამახვილებელი. შესაძლოა პატრიარქმა თქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ ტიპის მოსაზრებებს სახელმწიფო მოხელეებში აქვს ხოლმე სერიოზული რეზონანსი და უფრო მეტად აძლიერებენ მთავარ აქცენტებს, რაც წინათაც არაერთხელ მომხდარა და მოხდა ახლაც.
- რაც შეეხება პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლების ნაწილი სინოდის წევრებსა და მღვდელმთავრებს ეკუთვნით? რამდენად შეიძლება აღვიქვათ ბოდბელი ეპისკოპოსის მორიგ თავდასხმად ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე?
- მიმაჩნია, რომ არ უნდა ხვდებოდეს პრესის ყურადღების ქვეშ ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებები. ის არის ადამიანი, რომელიც ამახინჯებს ეკლესიის იმიჯს და აყენებს ძალიან დიდ ზიანს. ამიტომ არავითარი სერიოზული განმარტება ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებებზე არ შეიძლება. ის ტიპური კრიმინალია, რომლის წარსულიც და დღევანდელი სახეც მეტის თქმის საშუალებას არ იძლევა, სამწუხაროდ!
- რაც შეეხება მეუფე პეტრეს წერილს, რომელიც მან წმინდა სინოდს გასული წლის გაზაფხულზე მისწერა, სადაც მის მიმართ გამოთქმულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე საუბრობდა. რატომ დარჩა ეპისკოპოსის განცხადება განხილვის და ყურადღების გარეშე წმინდა სინოდის მხრიდან?
- უნდა ითქვას, რომ მეუფე პეტრე არსებობს გარკვეულ უმცირესობაში და მას გამოხატული მხარდამჭერები არ ჰყავს. თუმცა, მეორეს მხრივ, ეკლესიის ცხოვრება, მისი ისტორია, არის ილუსტრირება იმ ფაქტებისა, რომ უმრავლესობები არასდროს არსებობდნენ ეკელსიის სიმართლისა და ჭეშმარიტების დაცვის საქმეში. ჩვენ როდესაც ვახსენებთ ერთეულ პიროვნებებს ეკლესიის ისტორიიდან, როგორც მისაბაძ ავტორიტეტებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ გვერდით იმავე ეპოქაში ცხოვრობდა ათეულობით და შეიძლება ასეულობით სასულიერო პირი, რომელთა სახელებიც საერთოდ არ ჩანს და არც კი ვიცით ვინ იყვნენ ისინი. ის, რომ პეტრე ცაავა უმცირესობაშია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოთხოვნა უსამართლოა.
ამ წერილში პეტრე ცაავამ თქვა, რომ მას თავს არაერთხელ დაესხა სასულიერო თუ საერო პირი, კეთდება ცილისმწამებლური განცხადებები და ითხოვს, რომ წმინდა სინოდმა მოახდინოს რეაგირება ამაზე და სინოდის ვალიც კი არის ასეთ ფაქტებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ მოდის კრიტიკის დიდი ტალღა, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაცია ეკლესიას მართავს აქამდე არარსებული წესების მიხედვით, მართვის ამ წესებს არავითარი კავშირი არ გააჩნია ეკლესიის ტრადიციასთან და ისტორიასთან.
ვინაიდან ჩვენ საეკლესიო სასამართლო არ გვაქვს და სინოდს აქვს შეთავსებული ეს ფუნქცია, მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა განიხილოს ამ ტიპის განცხადებები, სხვა შემთხვევაში მას საჩივარიც შეიძლება ეწოდოს. მაგრამ არავინ მსგავს განცხადებებს არ ითვალისწინებს. ისე აუვლის გვერდს ამ საკითხებს, რომ შეურაცხყოფილებიც კი რჩებიან ადამიანები. ზუსტად 27 დეკემბერს გამართული სინოდის შემდეგ იყო ასეთი შემთხვევა, როცა მეუფე პეტრემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ განსახილველ საკითხთა შორის უნდა ყოფილიყო უკრაინის ეკლესიის საკითხი, მეორე საკითხი უნდა ყოფილიყო „ციანიდის“ საქმე.
მაშინ, როცა ბევრად ადრე საპატრიარქოს ოფიციალურ პირებს, მდივანს, ეპისკოპოსებს ჰქონდათ განცხადება გაკეთებული ციანიდთან დაკავშირებით, როცა მორჩებოდა განხილვები ყველა ინსტანციის სასამართლოში, საპატრიარქო დაიწყებდა ამ საკითხის გადახედვას, შესწავლას და გამოაქვეყნებდა ოფიციალურ განცხადებას. ეს მოითხოვა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ, მაგრამ ისე დასრულდა ბოლო სინოდის სხდომა, ეს საკითხი არავინ განიხილა და ამან გამოიწვია მიტროპოლიტის განცხადება, რომელიც ჩემი აზრით იყო სრულიად ობიექტური განცხადება. მან თქვა, რომ მწყემსი კეთილი, რომელიც ჩვენ სახარებაში ვიცით, არის ის, ვინც თავს დადებს თავისი სამწყსოსთვის და მან თქვა, რომ სწორედ ეს შეხედულება დაიმსხვრა მასში, ამ კონკრეტულ - „ციანიდის“ საკითხთან მიმართებით.
ეს ალეგორია გაკეთებულია იმასთან, რომ თუ მართლაც მიაჩნიათ მათ, რომ მამალაძე დამნაშავეა ან პირიქით, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე და მამალაძე მიტოვებულია სრულიად უპატრონოდ, მეგობრებისგან, ქრისტიანი თანამსახურებისგან და იმ მღვდლებისგან ვისთან ერთადაც ის ცოტა ხნის წინ წირვას აღავლენდა და პატრიარქთან მსახურობდა. მწყემსი კეთილი კი ნიშნავს იმას, რომ ეკლესიამ მისი განსაცდელში მყოფი შვილი არ უნდა მიატოვოს. ეს იგულისხმა სწორედ მიტროპოლიტმა, რომ მამალაძის შემთხვევაში, „ციანიდთან“ მიმართებით პატრიარქი "მწყემსი კეთილ"-ის სახეს ვერ განასახიერებს.
საზოგადოების რაღაც ნაწილი აკრიტიკებს მიტროპოლიტს და ამბობს, რომ მიტროპოლიტს ეს არ უნდა ეთქვა. უნდა დავფიქრდეთ, თუ პეტრე ცაავა სიმართლეს ამბობს, მაშინ ის არ არის განკითხვის ღირსი და თუ ტყუილს ამბობს, მაშინ უთხრან ის, რომ ტყუილს ამბობს, როგორც იოანეს სახარებაში მაცხოვარი იესო ქრისტე ეუბნება მღვდელმთავრის მსახურს: “...თუ ტყუილს ვამბობ მამხილე და მიჩვენე ტყუილი და თუ სიმართლეს - რატომღა მცემ?“ .
„...ნაღვლობდნენ, რომ ბოლო ხანებში მღვდლები იქცნენ „ჩინოვნიკებად“ და მეფის რუსეთის მთავრობის აგენტებად, რომ უკვე მოწოდების და ხალხის სამსახურისათვის კი არ მიდიოდნენ მღვდლად, არამედ ანგარებისა და კეთილმოწყობის მიზნით, და მღვდლადაც მომზადების შეფარდებით კი აღარ აკურთხებდნენ, არამედ ქრთამის გაღებისა და სხვადასხვა ხასიათის შეძღვნათა გამო“. - შალვა დადიანი („რაც გამახსენდა“).
მასალის გამოყენების პირობები






