ლიანა ჭილაია, აფხაზეთიდან დევნილი, რომელსაც, როგორც მისივე წერილიდან ირკვევა, 18 წლის შვილი აფხაზეტში დაეღუპა და იქვეა დასაფლავებული, „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს და შველას ითხოვს.
ლიანა ჭილაიას თქმით, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ გაუჩნდა იმედი, რომ შვილის საფლავის მონახულებას შეძლებდა, მაგრამ მისმა განცხადებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ისევ ჯოჯოხეთში დააბრუნა:
„ბატონო ბიძინა, 20 წელია ვცხოვრობ, თუკი ამას ცხოვრება ჰქვია, დევნილის ჯოჯოხეთური ცხოვრებით, რასაც კიდევ უფრო მწარეს და აუტანელს ხდის განცდა 18 წლის შვილის საფლავის დაკარგვისა, რაც ჩემთვის, როგორც დედისთვის ყველაფერზე ძვირფასია, მივსტირი არა სახლ-კარს და ქონებას, არამედ ჩემი შვილის საფლავს, დარჩენილს ჩემივე სახლის ეზოში, სოხუმის რაიონ სოფელ გუმისთაში. მთელი ამ 20 წლის განმავლობაში ჩემი უპირველესი ოცნება და საზრუნავი იყო მღირსებოდა შვილის საფლავი, მისი სოხუმიდან თბილისში გადმოსვენება, ამაში დახმარების თხოვნით მივმართავდი ხელისუფლებას მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არავინ იღო ყურად ჩემი თხოვნა.
ამ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფს უდიდეს იმედად მომევლინა თქვენი წინასაარჩევნო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხელისიფლებაში მოსვლის შემდეგ იზრუნებდით იმაზე, რომ დევნილებს მიეცეთ საშუალება აფხაზეთში დარჩენილი თავიანთი ახლობლების საფლავების მონახულებისა, ამ იმედის გამო მუხლმოყრილი ვლოცულობდი თქვენზე და ამ 20 წლის განმავლობაში პირველად განვიცადე უდიდესი ცრემლმორეული სიხარული თქვენი გამარჯვების გამო, ამ გამარჯვებას ჩემს გამარჯვებად, შვილის საფლავის დაბრუნებად ვთვლიდი.
მას შემდეგ თქვენი დახმარების დიდი იმედით მრავალჯერ მოგმართეთ ზემოაღნიშნულ საქმეში დახმარების თხოვნით, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, თქვენი აპარატიდან მიღებულ წერილში ხან ლტოლვილთა სამინისტროსადმი მიმართვაზე მიმითითებდნენ, ხან თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვაზე, რომლებიდანაც მიმართვის მიუხედავად არავითარი რეალური შედეგი არ იყო, ყველა ჩემი თხოვნა ფორმალური, თავიდან მოშორების პასუხით მთავრდებოდა.
ამდენად ჩემი ოცნება - მღირსებოდა შვილის საფლავი ისევ აღუსრულებელი რჩება და რაც ყველაზე მწარეა იმედიც კი მომიკვდა, უარეს ჯოჯოხეთში ვრჩები, ვიდრე ვიყავი, რამეთუ, ჩემი იმედი საბოლოოდ დასამარდა მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებიდან წასვლაზე განაცხადეთ.
ბატონო ბიძინა, რა შეიცვალა ჩემთვის?! არაფერი: ვრჩები ისევ დევნილის მძიმე ყოფაში მცხოვრები, შვილის საფლავს მოშორებული დედა, იმედისა და თანადგომის გარეშე“, - წერს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე ლიანა ჭილაია.
ლიანა ჭილაიას განცხადებას, რომელიც „ნიუპოსტზე“ გამოქვეყნების დროისთვის 40 წუთით ადრე იყო დატოვებული, გვერდის ადმინისტრატორი ჯერ არ გამოხმაურებია.
მასალის გამოყენების პირობები






