აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აფასებს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აღნიშნული რეფორმა არასწორი ფორმით დაინერგა:
„ფორმა, რომელიც მთავრობამ აირჩია, არ შეესაბამება ჩვენს დღევანდელ რეალობას და შემოსავლებს, რაც არსებობს ქვეყანაში, ეს უნდა ყოფილიყო ნებაყოფილობითი და რაღაც ეტაპზე მომხდარიყო მისი მოდიფიცირება, მაგალითად როგორც არის ლიტვაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. სავალდებულო ზღვარი ზოგ ქვეყანაში არის 30 წლამდე, ანუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე არ ვრცელდება. ამიტომ, საქართველოში ამ რეფორმის დანერგვა ამ ფორმით იყო ნაადრევი“, - აღნიშნავს გოცირიძე.
მისივე თქმით, მოსახლეობას უნდა მისცემოდა არჩევანი სახელმწიფო და კერძო საპენსიო ფონდებს შორის. ამის მაგივრად კი დასაქმებული იძულებულია მხოლოდ სახელმწიფო საპენსიო ფონდში მიმართოს თავისი დანაზოგი:
„გარდა ამისა, მოსახლეობას უნდა ჰქონოდა არჩევანი, გაეკეთებინათ დანაზოგი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საპენსიო ფონდებში და ისინი ფაქტობრივად მთელს მოსახლეობას მიერეკებიან ერთი სახელმიწფო ფონდისაკენ და რეალურად არავინ იცის ეს ფული რამდენად გადაურჩება ინფლაციას, ეკონომიკურ კრიზისებს და რამდენად სწორად იქნება განთავსებული, რომ მან შემოსავალი მოიტანოს და საერთოდ არ გაქრეს. საბოლოოდ კი ისეთი პირი ჩანს, რომ საბოლოოდ ამ თანხებს აითვისებს ისევდაისევ მთავრობა და კომერციული ბანკები. დღეს საქართველოში არ არსებობდა ასეთი ფორმის საპენსიო სქემის ამოქმედების პირობა“, - დასძენს დეპუტატი.
გოცირიძის თქმით ქვეყანაში საპენსიო ასაკის ცვლილება, კერძოდ კი მომატება არ არის დამოკიდებული მსგავს რეფორმებზე.
მასალის გამოყენების პირობები






