"ყველა ქვეყნის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა მისი სოციუმიდან მოდის, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათლების ყოფილი მინისტრი, გია ნოდია.
ნოდია ასევე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრს განდიდების მანია აქვს და ის ხშირად აღნიშნავს, თითქოს ქართულ საზოგადოებას ხანდახან ადეკვატური არჩევანის გაკეთება უჭირს. ნოდია ივანიშვილს ეთანხმება და განმარტავს, რომ ეს სიმართლეა, წინააღმდეგ შემხთხვევაში საზოგადოება მას არ აირჩევდა:
„ყველა ქვეყნის პრობლემები უპირველეს ყოვლისა მისი სოციუმიდან მოდის, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა. ივანიშვილი იმაშიც მართალია, რომ ქართულ საზოგადოებას ხანდახან უჭირს ადექვატური არჩევანის გაკეთება (აბა სხვანაირად მას როგორ აირჩევდა?) და შემდეგ მისი არჩეულის გაკონტროლება.
მაგრამ როცა ამას ამავე სოციუმის არჩეული პრემიერ-მინისტრი გეუბნება, ფსიქიური აშლილობის ზღვარს ვუახლოვდებით. ავადმყოფობას ქვია განდიდების მანია: ივანიშვილი მის „სოციუმზეც“ და უშუალო გარემოცვაზეც ერთი თავით მაღლა დგას თავისი ინტელექტით ანუ „ანალიზის უნარით“. მისი მოსალოდნელი გადადგომაც აქედან მოდის:
ის მეტისმეტად განსაკუთებულია იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის ბინძურ საქმიანობაზე გაისვაროს ხელი. ჯობია, ასეთი წვრილმანები თავის რომელიმე ასისტენტს გადაულოცოს. მისი ნამდვილი ფუნქციაა, იყოს სამოქალაქო პატრიარქი, ერის ინტელექტუალური და მორალური მამა, სიბრძნის უკანასკნელი ინსტანცია.
რეალურ პატრიარქთან გახშირებული ურთიერთობაც, როგორც ჩანს, „პასტორალური ძალაუფლების“ (ფუკო) სფეროს გადანაწილების სურვილითაა ნაკარნახევი: ეს ერთადერთი კაცია, ვინც ივანიშვილმა ასე თუ ისე თავის ტოლად შეიძლება ჩათვალოს.
ცხადია, მასაც ზემოდან უყურებს, მაგრამ რეალობას ანგარიშს უწევს: ეს ჩამორჩენილი საზოგადოება ჯერჯერობით ამ ინსტიტუციას (ეკლესიას) სცემს პატივს და ამ კაცს თვლის პატრიარქად“ - წერს გია ნოდია.
მასალის გამოყენების პირობები






