საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას საშუალებას აძლევს შეაფასოს და განიხილოს უწყების ფინანსური მოქმედებები, რაც წინა ხელისუფლების დროს აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო:
„წინა ხელისუფლების დროს ინფორმაციის დახურვა კორუფციის რისკს ამაღლებდა, რადგან საიდუმლო გრიფით იყვნენ დაცული. ჩვენ საშუალება მივეცით საზოგადოებას და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ყველა ფინანსური მოქმედება გააკონტროლოს და შეამოწმოს. ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ 2017 წლისთვის პროფესიულ არმიაზე გადავიდეთ“, - აღნიშნავს ალასანია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი წინა ხელისუფლების მიერ, ფრანგული წარმოების ვერტმფრენების შესყიდვის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ვერტმფრენები სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის სრულებით გამოუსადეგარია:
„ბოლო 5 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდვიათ, რომ საჰაერო-სამხედრო ავიაცია განვითარებულიყო, ერთი თეთრიც არ დაუხარჯავთ სამხედრო-საჰაერო ფლოტის შესაკეთებლად და პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა, თავისთვის შვეულმფრენი შეეძინა. არავითარი სამაშველო ფუნქცია იმ შვეულმფრენს არ აქვს, მარტო სალონის ნახვა დაგარწმუნებთ, როგორ უყვარდა წინა ხელისუფლებას ფუფუნებაში ცხოვრება ჯარისა და მოქალაქეების ხარჯზე.
მთავრობისა და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შვეულმფრენები გასხვისდება და იქიდან აღებული თანხა, სამხედრო და სამოქალაქო ავიაციას მოხმარდება, საგანგებო სიტუაციაში კი სამხედრო შვეულმფრენებს გამოვიყენებთ.
შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ“, - აცხადებს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






