რა კვალი დატოვა 2018-მა წელმა საქართველოზე? - დასამახსოვრებელი ბევრი რამ მოხდა. სხვა თუ არაფერი, 2018-ში შეიქმნა დიდი ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში 800 ათასზე მეტი ხმა მიიღო. ეს კი, ჩვენს უახლოეს ისტორიაში თავისთავად უპრეცედენტოა, რადგან ამდენი ხმა ოპოზიციას არასოდეს მიუღია. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით მოიგო, თორემ კენჭისყრა დემოკრატიულად რომ ჩატარებულიყო, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა.
ისე, 2018 წლის დასაყისში ოპოზიციის გაერთიანებას ვერავინ არმოიდგენდა, თუმცა მოგეხსენებათ, პოლიტიკა სტატიკური კი არა, დინამიკური მეცნიერებაა, შესაბამისად, მოვლენები სწორედ დინამიურად განვითარდა და შეიქმნა ერთი დიდი და ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც საფუძვლად სხვადასხვა მოვლენა დაედო.
ამ მხრივ ყველაზე აღსანიშნავი ის სამწუხარო რეალობა გახლდათ, რომ 2018-ში საქართველოს ოკუპაცია ე.წ. მცოცავ რეჟიმში გაგრძელდა, რაზეც ხელისუფლებას რეაქცია, პრაქტიკულად, არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე ოფიციალური თბილისი რუსულ ოკუპაციას აღარ ახსენებს. სამაგიეროდ, კრემლი მიზამიმართულად მოქმედებს და წერტილოვან სისხლიან დარტყმებს არ ერიდება. ამის ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა: გმირი ქართველი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მოკლეს და მისი ცხედარი სამშობლოში გულისა და ტვინის გარეშე დააბრუნეს, თუმცა ქართული მხარე ტატუნაშვილის მკვლელების მთელი სიმკაცრით დასჯას არ ითხოვს.
უსამართლობის განცდა, საერთაშორისო არენის მსგავსად, საშინაო პოლიტიკაშიც გამძაფრდა - 2018 წელს შვილმოკლულმა მამებმა სიმართლე ვერ იპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალ წელს ქუჩაში, საპროტესტო აქციებით ხვდებიან.
შვილმოკლული მამების პროტესტმა და უსამართლობის განცდამ ხელისუფლება გვარაიანად შეარყია - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება, ზაფხულის დასაწყისში, სამთავრობო ცვლილებების საბაბი გახდა: ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანის დაშოშმინება „ოცნებამ“ იმით გადაწყვიტა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადააყენა, რომლის ბედიც მალევე გაიზიარა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც.
ზოგადად, 2018 „ოცნებაში“ დიდი რყევებისა და შიდა დაპირისპირების წელი გახლდათ, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა უფრო გამოაშკარავა, ანუ წლის მიწურულს თავად მმართველ გუნდშიც აღარ უარყოფენ, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც 2018 წლის ანგარიშზეა, ღამის კლუბებში ჩტარებული სპეცოპერაციები გახლავთ. რა მოხდა „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ დღემდე დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა იქმნება განცდა, რომ მთელი ეს ანტონარკოტიკული ვაკჰანალია მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის მიღებას ემსახურებოდა, ანუ არსებობს ვერსია, რომ ხელისუფლებამ ამ სპეცოპერაციებით იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ე.წ. ქიმიური „წამალი“ მომაკვდინებელია და ამას სჯობია მომხმარებლები ბუნებრივ ნარკოტიკზე გადავიდნენ. ისე, რომ არა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხი, „ოცნება“ უკან არ დაიხევდა და მარიხუანას კულტივაციის კანონს, ბუნებრივია, კანონად აქცევდა, თუმცა 28 ოქტომბრის შედეგმა მმართველი გუნდი აიძულა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და ამ დათმობებში მოხვდა აღნიშნული კანონპროექტის უკან გაწვევაც, თუმცა არსეობს მოლოდინი, რომ მომავალ წელს მარიხუანას კულტივაცია ისევ დღის წესრიგში დადგება.
ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნებმა „ოცნების“ ძალიან ბევრი მანკიერება გამოაჩინა. კერძოდ, გამოჩნდა, რომ ეს მმართველი გუნდი საქართველოში ავტოკრატიულ რეჟიმს ამყარებს და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მაღლა „ძველ ბიჭებს“ და კრიმინალურ ავტორიტეტებს აყენებს. ამასთან, ისიც გამოჩნდა, რომ „ოცნებისთვის“ დემოკრატიას ჩალის ფასი აქვს და ოღონდ საკუთარ მზიანს მიაღწიოს და უარს არც ხალხის საარჩევნო მოსყიდვაზე ამბობს - ხუთ-ხუთი კილოგრამი ხახვისა და კარტოფილის გარდა, მმართელი გუნდი მოსყიდვის არანახულ მასშტაბებზე წავიდა და, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ასიათასობით მოქალაქეს ბანკის ვალი ჩამოაწერა, რასაც იგივე საერთაშოშრისო დამკვირვებლების და, საერთოდ, ცივილური სამყაროს წარმომადგენლების გაკვირვება და მძაფრი შეფასებები მოჰყვა, ანუ პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ საქართველომ მეხუთე პრეზიდენტი დაშინების, მოსყიდვისა და გაყალბების გზით აირჩია, თუმცა ეს მმართველ გუნდს უხერხულობას არ უქმნის და საზოგადოებას კვლავ გონირით ელაპარაკება, თუმცა ის, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაგურაციას მსოფლიოს გავლენიანი ლიდერები და დელეგაციები არ დაესწრნენ, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, ანუ მიანიშნებს, რომ საქართველოს, როგორც სახელმიფოს დემოკრატიულობა მსოფლიოსთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ კორუფციულმა სკანდალმებმაც დააყენა და ეს თემა მომავალ წელსაც აქტუალური იქნება, რადგან ცნობილია, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დავას ლონდონის სასამართლოში აწარმობეს. შესაბამისად, „ომეგას“ სკანდალზე ჩვენებების მიცემა შესაძლოა, თავად ივანიშვილსაც მოუწიოს.
ზოგადად, „ომეგას“ სკანდალმა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, „ოცნების“ ყველაზე მანკიერი მხარე გამოაშკარავა და ამით ნათელი გახდა, რომ სახელმწიფოში ბიზნესრეკეტი ყვავის.
მაფიოზური სისტემის კიდევ ერთი გვირგვინი გლდანის ციხის ჩანაწერი გახლდათ, რომელშიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ფიგურანტი მირზა სუბელიანი და „ოცნების“ მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. ამ ჩანაწერსი სუბელიანი დეტალურად ყვება, თუ როგორ იმართება ქვეყანა. აქვე, სუბელიანი ახსენებს „თავის ხალხს“, რომლებიც არასასურველ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. იგივე კონტექტსია „ომეგას“ სკანდალშიც - ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა და სცემა.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ თანაგუნდელებს უსწორდებოდა ფიზიკურად, 2018-ში მან ოპოზიციის ლიდერების და ოპოზიციის წევრების ღია ტერორიც დაიწყო. ამის ნათელი მაგალითია დავით კირკიტაძის დაკავება, რომელსაც აბსურდული ბრალდებით შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და ეს მაშინ როცა იგივე ფარცხალაძესთან საგამოძიებო უწყებებს კითხვები არ აქვთ. მექრთამეობაში მხიებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია კი 5000 ათასიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ეს სამართლიანობის ორმაგი სტანდარტია, რომლის გამოც 2019 წელს „ოცნებას“ ძვირი პოიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს, კერძოდ, ლაპრაკია იმაზე, რომ ის იძულებული გახდება, ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილოს - საარჩევნო კანონი შეცვალოს და ამასთან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2018 ისტორიაში ისე შევა, როგორც „ოცნების“ მმართველობის დასასრულის დასაწყისი.
მასალის გამოყენების პირობები






