ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი აქციის ფონზე დაიწყო. სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი მათ არ აძლევს იმ დონის განათლებას, რა თანხის გადახდაც წლიურად უწევთ.
როგორც „ნიუპოსტს“ ერთ-ერთმა სტუდენტმა აცნობა, სახელმწიფო უნივერსიტეტის გარკვეულ ფაკულტეტებზე არ არის უზრუნველყოფილი ჯგუფების შექმნა, საგნების არჩევისას კი სტუდენტებს სხვადახვა პროცედურის გავლა უწევთ, რის შედეგადაც ხშირად ძირითადი საგნების გარეშე რჩებიან, ხშირად კი უწევთ სხვა ფაკულტეტების, მათთვის სრულებით გამოუსადეგარი საგნების არჩევა.
ამავე სტუდენტის ცნობით, თუ ვერ შეძლებს სტუდენტი შესაბამისი, მისთვის აუცილებელი საგნის არჩევას, დაებლოკება სხვა სემესტრის საგნები, რომელთა წინაპირობა, შესაძლოა, ეს კონკრეტული საგანი ყოფილიყო, შედეგად კი უნივერსიტეტი მას დამატებითი სემესტრის გავლას სთხოვს.
აღსანიშნავია, რომ ბაკალავრიატის სტუდენტმა უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ 240 კრედიტი უნდა მოაგროვოს, თითო საგანი უნივერსიტეტში 3 კრედიტიდან 10 კრედიტამდე მერყეობს, ძირითადად კი არის 5 კრედიტიანი საგნები. როგორც ცნობილია, დამატებით სემესტრში, სტუდენტს იმ კრედიტების შესავსებად, რამდენიც 240 კრედიტამდე აკლდება, უწევს თითო კრედიტში 35 ლარის გადახდა, ანუ საგანი თუ 5 კრედიტიანია, მისი ღირებულება 5x35 გახლავთ.
რაც შეეხება ბაზებს: სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი დარეგისტრირებულია საიტზე: sms.tsu.ge საიდანაც სტუდენტები თითოეული სემესტრის დასაწყისში თავად ირჩევენ საგნებს და ადგენენ ცხრილებს. სტუდენტები კი სწორედ იმ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ, რომელიც თითოეული სემესტრის დაწყების წინ იქმნება. ბაზაში შესვლა სრულებით შეუძლებელია, უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს სტუდენეტების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა საგნებზე შესაბამისი რაოდენობის ადგილების რეგისტრაციას. სწორედ ამიტომ, სტუდენტები ხშირ შემთხვევეაში მათთვის აუცილებელი საგნების გარეშე რჩებიან.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, 2013 წლის გაზფხულის სემესტრის დასაწყისში მან სწავლის საფასურის ნახევარი გადაიხადა, სემესტრის განმავლობაში დაესწრო სემინარებსა და ლექციებს, თუმცა სემესტრის ბოლოს გარკვეული პრობლემების გამო ვეღარ შეძლო სემესტრის საფასურის მეორე ნახევრის გადახდა, ამიტომ აღარ ჩააბარა გამოცდები, არჩეული საგნები კი გაუვლელი საგნების სიაში დაემატა.
შემოდგომის სემესტრის დასაწყისში კი სემესტრის საფასურის გადასახდელად მისულმა სტუდენტმა, ბანკში იკითხა, იყო თუ არა სიაში და ჰქონდა თუ არა დავალიანება, რის გადახდასაც სტუდენტი სწავლის საფასურთან ერთად გეგმავდა. ბანკში განუცხადეს რომ იგი სიაში იყო, თუმცა დავალიანება არ ფიქსირდებოდა. სტუდენტმა მთლიანი სემესტრის სწავლის საფასური გადაიხადა, მაგრამ 11 სექტემბერს საგნების ასარჩევად ბაზა არ გაეხსნა.
შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში მისულ სტუდენტს განუცხადეს, რომ თურმე, მას დავალიანება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური გადაახდევინეს, დავალიანების დაფარვის შემთხვევაშიც აღნიშნულ სემესტრში სწავლის უფლებას მაინც არ მისცემენ. სწორედ მსგავს პრობლემებს აპროტესტებენ უნივერსიტეტის წინ შეკრებილი სტუდენტები. ისინი განცხადებასაც ავრცელებენ, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სპილო ოთახში“ ინგლისური იდიომაა იმ პრობლემის აღსანიშნავად, რომელიც უზარმაზარია, თუმცა მის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. წარმოუდგენელია არა, ვერ შეამჩნიო სპილო ოთახში?! უნივერსიტეტის ბაზა გაუმართავია; ბიუროკრატია სტუდენტებზე ძალადობს; არ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ კვლევით საქმიანობაში; გავიაროთ პრაქტიკული მეცადინეობები; უნივერსიტეტის გადასახადი მაღალი, სწავლის ხარისხი კი დაბალია; უნივერსიტეტში სტუდენტების რიცხვს ზრდიან, მაშინ როდესაც არ ავითარებენ შესაბამის ინფრასტრუქტურასა და არ ზრდიან ადამიანურ რესურსებს.
პრობლემად რჩება ქართულ ენაზე ძირითადი ლიტერატურის მოწოდება; უნივერსიტეტი ჯერ კიდევ გაუმჭვირვალეა, ნაკლებია მმართველი სტუდენტური სტრუქტურის ანგარიშვალდებულება; სტუდენტების მიზანია უნივერსიტეტის ახალი რექტორისა და ადმინისტრაციის ყურადღების მიპყრობა უნივერსიტეტისათვის აქტუალურ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის კონკრეტული გეგმების მოსმენა. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს მეტი ინვესტიცია მოახდინოს განათლებაში. მოვითხოვთ სწავლის საფასურის შემცირებას და მაღალი ხარისხის განათლებას!", - ნათქვამია განცხადებაში.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






