შენობის ეზოში შეკრებილი მშობლები და მასწავლებლები სკოლის სრულად აღდგენას ითხოვენ
პირველი ნამიკოლაოს საჯარო სკოლა 2010 წელს ოპტიმიზაციის შედეგად თამაკონის სკოლას შეუერთდა, აღნიშნულის გამო, მოსწავლეებს 5-6 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს განათლების სამინისტროდან კომისია ჩამოვიდა და სკოლის აღდგენას ელოდებოდნენ.
„როგორც გუშინ გაირკვა, თურმე სკოლა მთლიანად არ აღდგება და მხოლოდ პირველიდან მეოთხე კლასამდე გვეყოლება ბავშვები, რასაც ვაპროტესტებთ“, - აცხადებს ყოფილი მასწავლებელი დარეჯან ყუფუნია. მისივე ინფორმაციით, თუ სკოლა არ აღდგება, სოფელი მომავალ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
როგორც „ლაივპრესი“ იუწყება, განათლების სამინისტროს მარტვილის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ „რესურსცენტრი სკოლის აღდგენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მოსწავლეთა მცირე კონტიგენტის გამო განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ სკოლების გაერთიანება გადაწყვიტა.
მარტვილის რესურსცენტრის ინფორმაციით, პირველ ნამიკოლაოში წელს პირველიდან მეოთხე კლასამდე მიიღებენ მოსწავლეებს, მომავალ წელს კი სკოლა 6 კლასიანი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






