საქართველოში განათლების პროფესიული კავშირი დაფუძნდა, რომელიც აქტიურად იწყებს ბრძოლას მასწავლებელთა უფლებების დასაცავად. ,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ახლადდაფუძნებული ,,განათლების პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ლაცაბიძესთან.
_18 წელია რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი საჯარო და კერძო სკოლებში. ასევე ვმუშაობდი რეგიონებში. 7 წელია, რაც ვარ სკოლისა და ბაღის დირექტორების, მასწავლებელების, ბაღის აღმზრდელების და მათ თანამშრომლების ტრენერი. ასევე ვარ მასწავლებლების რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.
_რა მიზეზით გადაწყვიტეთ, რომ შეგექმნათ განათლების პროფესიული კავშირი? ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი კავშირი არსებობს საქართველოში.
_სანამ ჩვენ დავაფუძნებდით განათლების პროფესიულ კავშირს, მე თავად გახლდით მანამდე არსებული პროფკავშირის წევრი, მაგრამ რეალურად ისინი არ არიან ქმედითი და გეტყვით რამდენიმე მიზეზს: ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში, იქნებოდა ეს შაშკინის თუ ლომაიას დროს, როცა პედაგოგები გაუშვეს სამსახურიდან, როცა დირექტორებს ლოტოტრონით ნიშნავდნენ, არც მაშინ და არც დღეს არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ ამოუღიათ ხმა. სადმე გსმენიათ, რომ განცხადება მაინც გაეკეთებინოთ? ბოლო წვეთი იყო ზაფხულში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები. ეს ეხება იმ არაკორექტულ კომენტარებს, რომელიც გაკეთდა ქალბატონ მაია მიმინოშვილის მხრიდან, როცა მან საზოგადოების წინაშე საჯაროდ მოახდინა მასწავლებლების უცოდინრობის დემონსტრირება. პროფესიული კავშირი პირველ რიგში უნდა იცავდეს მასწავლებლების უფლებებს და ინტერესებს. უნდა მოხდეს მასწავლებლის დაფასება, მისი პრესტიჟის ამაღლება...
_სერთიფიცირების შედეგებთან დაკავშირებით განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ პედაგოგების ბრალი, არამედ ეს პრობლემა განაპირობა იმან, რომ აღარ ტარდება მასწავლებელთა სასაერთიფიკატო გამოცდებისთვის გადამზადების კურსები, სადაც მათ შეეძლებოდათ კვალიფიკაციის ამაღლება...
_კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, პრობლემა არის ის, რომ არ ხდება პედაგოგების სათანადოდ დაფასება. ყველას, ვისაც არ ეზარება ლანძღავს მასწავლებლებს. ის, რომ პედაგოგის პრესტიჟი არის მინიმუმამდე დაყვანილი, რამდენიც არ უნდა ამზადო, თუ მასავლებლის დაფასება და მის საქმიანობის შეფასება არ მოხდება და თუ ჩვენ მათ არ დავიცავთ, არაფერი არ გამოსწორდება. ვითხოვთ ძალიან ბევრს მასწავლებლებისგან, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მათთვის არაფერს ვაკეთებთ.
_ეს ეხება, ალბათ, ფინანსურ მხარეს და მათ შორის, მასწავლებლებთან დამოკიდებულების საკითხსაც, იგივე მასწავლებელსა და მოსწავლეს, მშობელს შორის დამოკიდებულებას...?
_და ვინ შეცვალა ეს დამოკიდებულება? ამაშია საქმე, არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდეს მასწავლებლის დამცირება და იგნორირება. თუ სახელმწიფოც იგივეს აკეთებს, მიმინოშვილზე ვაკეთებ ხაზგასმას, მან პირდაპირ ბოდიში უნდა მოუხადოს მასწავლებლებს, როცა მრავლობითში მოიხსენია პედაგოგები უცოდინრებად. ის გამოცდაზე მასწავლებლებს ექცევა ისე, როგორც ზარმაც ოროსნებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში იმ აზრის დანერგვას, რომ მასწავლებელი არის უცოდინარი და დროში ჩამორჩენილი. ეს კი, დამეთანხმეთ, რომ მნიშვნელოვნად მოქმედებს მასწავლებლის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ან გნებავთ გაღრმავებაზე. როცა შენ პედაგოგზე 20-ჯერ მეტი ხელფასი გაქვს, ეს არ გაძლევს შეურაცყოფის მიყენების უფლებას. მე პირადად რეგიონში, 9 ლარი მქონდა ხელფასი და ამის გამო არ მიწუწუნია იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი საქმე.
_ბაგა-ბაღების პრობლემებზეც იყო ხშირად საუბარი, მათ თუ შეხვდით და იქ რა მდგომარეობაა?
_სანამ ჩვენი გუნდი შეიმუშავებდა განვითარების 9 პუნქტიან გეგმას, შევხვდით დედაქალაქის მასწავლებლებს, მათ შორის ბაღის პედაგოგებსაც. ბაღებში საერთოდ საშინელი მდგომარეობაა. ხელფასის გარდა, მათ სტატუსიც არ აქვთ, აღმზრდელი ჰქვია. ის არ არის მხოლოდ აღმზრდელი, ის ასწავლის კიდეც ბავშვს. მათი პროტესტი სწორედ ამაში გამოიხატება, რომ რატომ არ ანიჭებენ მასწავლებლის სტატუსს.
_მიზეზი რა არის რატომაც არ ანიჭებენ?
_ვერ გეტყვით, ეს მათ უნდა ჰკითხოთ...
_ეს საკითხი მაინც თუ დამდგარა პროფკავშირების მხრიდან?
_არ დამდგარა არასოდეს. თქვენ მოგისმენიათ როდესმე? საერთოდ, პროფკავშირების მიერ ბაღების თემა, ჩემი ინფორმაციით საერთოდ არ არსებობს. მე ვესაუბრე ბაღის მასწავლებლებს და ისინი ითხოვენ მათი სტატუსის გათანაბრებას მასწავლებლის სტატუსთან. გარდა ამისა, ხელფასი და სასწავლო გარემო, რომელიც არ უწყობს ხელს სრულფასოვან მუშაობას.
_სერთიფიცირების თემას რომ დავუბრუნდეთ, კონკრეტულად როგორია თქვენი პოზიცია თვითონ სერთიფიცირებასთან დაკავშირებით?
_მინდა აღვინშნო, რომ ჩვენ არ ვართ სერთიფიცირების წინააღმდეგი და ვემხრობი იმ აზრს, რომ ყველა პროფესიის ადამიანი და განსაკუთრებით მასწავლებელი მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე. მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიწიოს ვადები. ამასთან, აქ საუბარია გამოცდების შინაარსზე, მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდები რას ამოწმებს? პირველ რიგში ის უნდა იყოს ორიენტირებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აფასებს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები? ის არ ამოწმებს მასწავლებლის ცოდნას.
_ თუკი ცოდნას არ ამოწმებენ, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, რას ამოწმებენ?
_მიმინოშვილმა უნდა გასცეს ამას პასუხი, რას ამოწმებენ. რეალურად ეს არ ამოწმებს მასწავლებლის ცოდნას. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, არა გამოცდა, არამედ მასწავლებლის პროფესიული განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული ნებისმიერი მათი წამოწყება. პირველ რიგში უნდა შემამოწმო, გაკვეთილზე რას ვაკეთებ და ბავშვის სახით რა პროდუქტს ვუშვებ. ამას გარდა, რაც შეეხება გამოცდებს, უნდა გაუქმდეს გამოცდის და გასაჩირვების საფასური, რადგან ეს საკმაოდ დიდი თანხაა მასწავლებლისთვის.
_რამდენს შეადგენს ეს საფასური და კონკრეტულად რა ეტაპზე იხდიან?
_პირველ ჯერზე არის უფასო, ხოლო შემდეგ როცა გადიხარ საფასურს იხდის პედაგოგი, რომ მიიღოს მონაწილეობა გამოცდაზე, თუ გაასაჩივრა მერე კიდევ 50 ლარი უნდა გადაიხადოს, ანუ ერთი თვის ხელფასი შეიძლება დახარჯო იმისათვის, რომ დაამტკიცო, რომ ხარ მასწავლებელი. მთავარი არის ის, რომ თუკი მასწავლებელი არ დაფასდება და ეს პროფესია არ იქნება პრესტიჟული, არანაირი განვითარება არ მოხდება, მე ვთვლი, რომ განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, მასწავლებლობა უნდა იყოს პრესტიჟული პროფესია. ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც არის წარმატებული აკადემიური მოსწრება ბავშვების, ყველგან მასწავლებელი არის დაფასებული და კონკურენციაც კი არის მისაღებ გამოცდებზე მასწავლებელების. სახელმწიფომ პირველ რიგში ხელფასები უნდა მოუმატოს, რომ მასწავლებლობა ახალგაზრდობისთვის გახდეს მიმზიდველი. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სახელმძღვანელოები, გარემო... როცა სწავლობ, გარემო გჭირდება და სადაც შიშია, იქ სწავლა არ არის, და როდესაც ზეწოლა ხდება, მასწავლებლებსაც პროტესტი უჩნდებათ, რაც შემდეგ უკვე განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ის, რაც თქვა მიმინოშვილმა, ეს უკვე კლასებში მოხდება და იქ გადაინაცვლებს, ინერციით ვრცელდება. შეიძლება რაღაც არ იცოდეს მასწვალებელმა, მაგრამ როცა შენ ხარ სახელმწიფოს წარმომადგენელი, რაღაცეებს უნდა გაუწიო კონტროლი, რომ საზოგადოებამ ეს სხვანაირად არ გაიგოს. გარდა ამისა, ეს არის ყველა პედაგოგის შეურაცყოფა. თუკი ვიღაც არ არის კარგი და შენი მოსაწონი, ამ 70 ათასი მასწავლებლიდან ყველა არ შეიძლება ერთ ქვაბში მოხარშო.
_სასერტიფიკაციო გამოცდების ვადებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ საუბრისას და რას გულისხმობთ?
_აუცილებლად უნდა მოხდეს, მინიმუმ, ორი წლით მაინც სერტიფიცირების ვადის გადადება, ვინაიდან,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, 2015 წლიდან სკოლაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგარმა და ჩაბარებული აქვს სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა.
_გარდა იმისა, რომ უნდა მოხდეს ხელფასების მატება, თქვენს მიერ დაფუძნებული განათლების პროფესიული კავშირი რას მიიჩნევს ასევე აუცილებლე პირობად პედაგოგების ხლეშეწყობისთვის?
_ძალიან მნიშვნელოვანია სადაზღვევო პაკეტის შექმნა, ჯანდაცვა, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
_სადაზღვევო პაკეთი ხომ არსებობს პედაგოგებისთვის?
_დღეს რაც არის, იქიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ არ აქვთ... ასევე ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ იყოს განსხვავებული პენსია. არის ასეთი პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში... ეს ადამიანები იმსახურებენ ამას. ყველა სხვა პროფესიას ვცემ პატივს, მაგრამ ამაზე უნდა იფიქრონ იმ პროფესიის ადამიანებმა. ჩვენ ვზრუნავთ მასწავლებლებზე. ეს ვრცელდება ყველა სკოლაზე იქნება სახელმწიფო თუ კერძო, იგივე ეხება ბაგა-ბაღებსაც.
_აპირებთ თუ არა ყველა ამ საკთხთან დაკავშირებით მიმართოთ როგორც განათლების სამინისტროს, ასევე საკანონმდებლო ორგანოს?
_რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიის განსახორცილებლად ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ყველასთან, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პარლამენტთან, და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. განათლების პროფესიული კავშირი უნდა არსებობდეს ყველა პრობლემაზე რეაგირებისთვის და ამიტომ, ჩვენი მიზანია დავიცვათ მათი ინტერესები, რადგან ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესი პირობა სწორედ განათლებაა. ამიტომ, განათლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მასწავლებელი და თუ არ მოხდება მათი პროფესიის დაფასება და მათზე ზრუნვა, ქვეყნის განვითარების პროცესი საგრძნობლად შენელდება, რადგან განათლებასა და გავითარებას შორის პირდაპირი კავშირია.
სასწავლო წელი დაიწყო და გვინდა ყველა პედაგოგს, ბაღის აღმზრდელებს მივულოცოთ და ვუსურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებული აკადემიური წელი.
,,ნიუპოსტი“
მასალის გამოყენების პირობები






