ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი ათი წლის განმავლობაში ფარულად ასპონსორებდა უცნობ ფილიპინელ ბიჭს, ტიმოტის. ამის შესახებ ინფორმაცია საქველმოქმედო არაკომერციულმა ორგანიზაცია Compassion International-მა მხლოდ ახლა გაამჟღავნა, რომელიც პრეზიდენტსა და ბიჭს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. მათ მიმოწერაც ჰქონდათ, რისთვისაც ბუში-უფროსი ფსევდონიმს იყენებდა.
10 წლის განმავლობაში აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით ბიჭს უზავნიდა თანხებს, რომელიც მის სწავლისა და კლასგარეშე ღონისძიებების დაფინანსებას ხმარდებოდა. ხანდახან ეს ფული ბიჭისთვის საჭმლის შესაძენადაც იხარჯებოდა.
პირველი წერილი მამა ბუშმა ბიჭს 2002 წლის 24 იანვარს გაუგზავნა. რამდენიმე წერილი CNN-მა საქველმოქმედო ორგანიზაციის თანხმობით გამოაქვეყნა. ბუშების ოჯახი ამის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, უმცროსი ბუშის კანცელარიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წერილები ნამდვილად მამა ბუშს ეკუთვნის.

"ძვირფასო ტიმოთი, მე მსურს გავხდე შენი მიმოწერის მეგობარი. მე მოხუცი ვარ, 77 წლის, მაგრამ მე მიყვარს ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შევხვედრივართ, მე შენ უკვე მიყვარხარ. მე ვცხოვრობ ტეხასში და დრო და დრო მოგწერ ხოლმე. წარმატებები - ჯ. უოკერი." - წერდა აშშ-ის პრეზიდენტი პირველ წერილში.
ბიჭის დაფინანსების იდეა ჯორჯ ბუშს 2001 წელს გაუჩნდა. ის ვაშინგტონში Compassion International-მ-ის ორგანიზებულ საშობაო კონცერტს ესწრებოდა. მოულოდნელად ბუშმა, რომელიც სცენიდან მოშორებით იჯდა და დაცვით იყო გარშემორტყმული, ხელი ასწია და ორგანიზატორებისგან ბროშურა მოითხოვა. ამ ბროშურაში აღმოაჩინა ბუშმა ფილიპინელი ტიმოთი, რომლის დედმამაც უმუშევარი იყო და ორი ბავშვის რჩენა ძალიან უჭირდათ.

"მას სურს დაასპონსოროს ეს ბიჭი, მაგრამ ალბათ გესმით, რომ იგი მოითხოვს, ეს ფაქტი საიდუმლოდ დარჩეს. ბიჭმა მისი ვინაობა არ უნდა იცოდეს. იგი წერილებს "ჯორჯ უოლკერის" (George Walker) ფსევფდონიმით დაწერს," - განუცხადა ბუშის დაცვის უფროსმა საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელს. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ ეს არამარტო ბუშის ვინაობის გაუმჟღავნებლობით, არამედ ბავშვის უსაფრთხოებისათვისაც იყო აუცილებელი.
ბუშს და ტიმოთის თბილი მიმოწერა ჰქონდათ. ბუშმა მას ძაღლის, სადის, ფოტო გაუგზავნა, ხოლო ბიჭმა ფოტოები და საკუთარი ნახატები. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მას ფერადი ფანქრები უყიდა, მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის წესებით, ბენეფიციარებისათვის საჩუქრების გაგზავნა აკრძალული იყო.

"ძვირფასო მისტერ და მისის უოლკერებო, როგორ ბრძანდებით. იმედი მაქვს კარგად ხართ. დიდ მადლობას გიხდით, რომ არ მივიწყებთ. თქვენ ისეთი კარგები და კეთილები ხართ. ღმერთი მოწყალეა, ის გვაძლევს ჩვენ სხეულს და ნებას, რომ წავიდეთ იქ, სადაც გვსურს," - წერს ტიმოთი ჯორჯ და ბარბარა ბუშებს ერთერთ წერილში.
მას შემდეგ, რაც ტიმოთიმ სკოლა დაამთავრა და სრულწლოვანი გახდა, იგი სპონსორობის პროგრამიდან მოიხსნა. Compassion International-ის წარმომადგენელი მას ფილიპინებზე ესტუმრა. ენჯი ლეტროპმა ბიჭს სპონსორის ვინაობა გაუმხილა, რამაც ის შოკში ჩააგდო. მას უჭირდა დაეჯერებინა, რომ კაცი, რომელსაც ის წერილებს სწერდა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
ამ შეხვედრის შემდეგ ტიმოთის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაციას არაფერი სმენია.
"ჩვენ შეიძლება არ ვიცით, სად იმყოფება და რას საქმიანობს ტიმოთი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის წარმატებული იქნება," - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






