ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემის HMS Echo-ს ოდესის პორტში შესვლა არის მძლავრი სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა.
ხომალდი ოდესის მიმართულებით დეკემბრის დასაწყისში გაემართა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დაატყვევა, ხოლო მისი ეკიპაჟი რუსეთში, საპატიმროში გადაიყვანა და მათ წინააღმდეგ სასამრთლო პროცესის გამართვას გეგმავს, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების პროტესტისა.
უილიამსონმა, რომელმაც გემი ოდესაში მოინახულა, განაცხადა, რომ ეს აქცია არის უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი სიტყვებით, HMS Echo-ს კვალდაკვალ შავ ზღვაში სხვა ბრიტანული გემებიც შემოვლენ და მათი ყოფნა აქ მუდმივი გახდება.
"ჩვენ გვინდა ვუთხრათ რუსეთს, ჩვენ გვინდა ვუთხრათ პუტინს, რომ ისინი თავის ნებაზე, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით ვეღარ იმქმედებენ," განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც რუსეთში დაკავებული 24 მეზღვაურის ოჯახები მოინახულა.
მასალის გამოყენების პირობები






