გერმანიის მმართველი პარტიის ყრილობამ ახალი თავმჯდომარე აირჩია. ანგელა მერკელი, რომელიც ბავარიასა და ჰესენში პარტიის მიერ განცდილი მარცხის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, ამ პოსტზე ანნეგერტ კრამპ-კარენბაუერმა შეცვალა. მან ყრილობაზე 517 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა მილიარდერმა ფრიდრიხ მერცმა - 482.
აკკ (ასე ეძახიან შემოკლებით ანნეგერტ კრამპ-კარენბაუერს გერმანიაში) ანგელა მერკელის პროტეჟეა. ექსპერტები თვლიან, რომ ამ არჩევით, გერმანიაში არაფერი შეიცვლება, თუმცა, საგარეო-პოლიტიკური კუთხით, რუსეთთან დამოკიდებულებაში, აკკ-ს გამონათქვამები უფრო რადიკალურია - პარტიის თავმჯდომარის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტელევიზიით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავების ფაქტის კომენტარებისას მან განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა გატარდეს, კერძოდ გადაიხედოს "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" პროექტის განხორციელების საკითხები და აზოვის ზღვაში მყოფ რუსულ ხომალდებს ევროპულ პორტებში შესვლა უნდა აეკრძალოს.
რაც შეეხება მერკელს, იგი აცხადებს, რომ კანცლერის პოსტზე ყოფნას 2021 წლამდე აპირებს. თუმცა გერმანელთა 60 პროცენტი თვლის, რომ მერკელი მომავალ წელს უნდა გადადგეს. ჯერჯერობით გაურკვეველია იქნება თუ არა მომავალ არჩევნებზე ქრისტიან დემოკრატთა კანცლერობის კანდიდატი ანნეგერტ კრამპ-კარენბაუერი, რადგან პარტიის ყრილობა 2 წელიწადში ერთხელ იმართება და 2020 წელს აკკ შეიძლება გადაირჩიონ.
ანნეგერტ კრამპ-კარენბაუერი 1962 წელს დაიბადა. წარმოშობით იგი საარის ლანდტაგიდან არის და 2011-18 წლებში ამ მიწის მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა. ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში 1981 წელს შევიდა. 2018 წლის თებერვლიდან იგი პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. მისი განცხადებით, გერმანისა და ევროპას უფრო მძლავრი ქდკ სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






