ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს განახლდება, ვანო მერაბიშვილს კი ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ და მისი ბადრაგირება თბილისიდან მოხდება.
პროცესი 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა და ის ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლით გაგრძელდება. ყოფილი პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 19 სექტემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
როგორც ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან საბადრაგო სამსახურისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი ბადრაგირება თბილისიდან მოხდება.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმის განხილვა გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლით. თუ ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე ყველა მოწმეს წარმოადგენს, მათი დაკითხვა ვანო მერაბიშვილის საპატიმრო ვადის ამოწურვამდე ვერ მოესწრება.
"3 000-ზე მეტი მოწმე ჰყავს გამოძახებული ბრალდების მხარეს. ყველა მოწმე რომ დაიკითხოს და ვივარაუდოთ, რომ ერთ პროცესზე 10 მოწმის დაკითხვა მოხდეს, ამ პროცესს დასჭირდება 300 დღე. რამდენად რეალურია ყველა მათგანის დაკითხვა, ვერ ვიტყვი, თუმცა, ბრალდების მხარემ შესაძლოა შეამციროს მოწმეთა რაოდენობა, რადგან მათ დაკითხვას დასჭირდება თებერვლამდე პერიოდი, რაც ვერ მოესწრება ვანი მერაბიშვილის საპატიმრო ვადებში", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პროკურატურა მტკიცებულებების ჩამოთვლას დაასრულებს, საზოგადოება გაიგებს, რა წარმოადგენს დაცვის მხარის მტკიცებულებებს. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით ჭიაბერაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






