ნიგერიის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ბუჰარი გარდაიცვალა და მის ნაცვლად, პრეზიდენტის პოსტზე, ორეული, სუდანელი ჯუბრილი იმყოფება. თავად ბუჰარი ამას კატეგორიულად უარყოფს და პოლონეთში გამართულ კლიმატურ კონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ეს უაზრო და უღმერთო ჭორებია.
ბუჰარის 17 დეკემბერს 76 წელი უსრულდება და ის აპირებს კენჭი იყაროს 2019 წლის თებერვალში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა 2015 წლის შემდეგ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 2017 წელს მან სამთვიანი შვებულება აიღო და ლონდონში სამკურნალოდ გაემგზავრა. სწორედ ამ პერიოდიდან - დაახლოებით 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო სოცქსელებში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
თავიდან ნიგერიელებმა ეს ინფორმაცია ფეიკ-ნიუსებად ჩათვალეს, თუმცა მას შემდეგ, რაც თავად პრეზიდენტმა ამ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო და საკუთარი გარდაცვალების უარყოფა დაიწყო, ქვეყნის მოსახლეობაში ეს ეჭვი გამყარდა.
ხმებს ძირითადად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პარტიისა და სეპარატისტული დაჯგუფება "ბიაფრის აბორიგენთა ხალხების კავშირის" მხარდამჭერები ავრცელებენ. მათ გამოაქვეყნეს ბუჰარის ორი ფოტო, რომლებშიც ის დოკუმენტს სხვადასხვა ხელით აწერს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური კომენტარი მოსთხოვეს.

მასალის გამოყენების პირობები






