გუშინ, დავით ბაქრაძის შეხვედრიდან დაახლოებით 500 მეტრში "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეთა აქცია ტარდებოდა, სადაც მიიყვანეს ვირი, გავაზე გასაბერი ფალოსით. ფალოსზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ფოტოები იყო დაკრული.
პროტესტის ამ ფორმით გამოხატვამ ზუგდიდელთა ნაწილი გააღიზიანა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ფორმა არა პროტესტი, არამედ უხამსობა იყო. გოჩა ბუკიამ და ცოტნე ხურციძემ აქციის ორგანიზატორს კახა მიქაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:
"ეს ზუგდიდელების შეურაცხყოფაა, ქუჩაში, სადაც ბავშვები დადიან, გასაბერ ასოს დაათრევ და ნორმალურად მიგაჩნია?" - ბუკიას ამ სიტყვების გამო მიქაიამ "გუნავას აგენტი" უწოდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიგარეტის ნამწვი ესროლა.
კახა მიქაიას ცოტნე ხურციძემაც შეაგინა, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე დააკავა.დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მას "ქალაქის პრესტიჟის დაცვა" უწოდეს, ასევე განაცხადეს, რომ ანალოგიურ შემთხვევაში ისევ ისე მოიქცეოდნენ, როგორც მოიქცნენ.
მოსამართლემ ორივე დაკავებულს 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






