„სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ტარდება გაძლიერებული საკონტროლო ღონისძიებები. დღეისთვის შეზღუდულია უცხოელების შემოსვლა, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეების. აკრძალულია 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შემოშვება.“- განაცხადა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრ ციგიკალმა ქვეყნის პრეზიდენტთან პეტრო პორიოშენკოსთან შეხვედრისას.
აკრძალვის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა პეტრო პოროშენკომაც:
„უკრაინამ შემოიღო შეზღუდვა 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ რუსეთმა არ შექმნას უკრაინაში „კერძო“ არმიის დანაყოფები, რომლებიც ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან, ასევე იმისთვის რომ რუსეთმა უკრაინაში არ განახორციელოს ის ოპერაციები, რომლებსაც ჯერ კიდევ 2014 წელს გეგმავდა“.
შეგახსენებთ, კვირას, 25 ნოემბერს უკრაინის სამი სამხედრო გემი ოდესიდან შავ ზღვაში გავიდა. გემებს კურსი აზოვის ზღვაში მარიუპოლის პორტისკენ ჰქონდათ აღებული, მაგრამ ქერჩის სრუტესთან ისინი რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს. უკრაინულმა ხომალდებმა მარიუპოლისკენ გზა განაგრძეს, მაგრამ რუსეთმა სრუტე ტანკერით გადაკეტა, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა. 2003 წლის შეთანხმებით, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა რუსეთსა და უკრაინას შორის საზიარო წყლებია. ორივე ქვეყანა აქ თავისუფლად მოქმედებდა. მაგრამ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აზოვის ზღვის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობს. ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ უკრაინამ 30-დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






