ლავროვი ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს უკრაინის მხრიდან წამოსულ პროვოკაციას და უკრაინული გემების მიერ რუსეთის საზღვრების დარღვევას უწოდებს.
„ეს უკვე დიდი ხანია აღარ გვაღელვებს. რასაკვირველია, სანქციები ცუდია, მაგრამ გუშინდელის მსგავსი ინციდენტის გამო, როდესაც მხარე, რომლის სუვერენიტეტიც დაირღვა, შეიძლება განიხილებოდეს სანქციების ობიექტად, ასეთ პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთება რთულია. ძალიან ძნელია, მოლოდინი გვქონდეს, რომ ჩვენ გავლენას მოვახდენთ ადამიანებზე, რომლებიც შეპყრობილნი არიან ერთი სურვილით, რომ ეძებონ ახალ-ახალი მიზეზები რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო. ყველაფერი, რისი თქმაც საჭირო იყო ამასთან დაკავშირებით ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის და საგარეო უწყების განცხადებებში. დარღვეული იქნა საერთაშორისო სამართლის ძირითადი დებულებები, არა მხოლოდ საზღვაო, არამედ ზოგადი საერთაშორისო სამართალი, მათ შორის გაეროს ქარტია, მათ შორის საზღვაო სამართლის 1982 წლის კონვენცია და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც არაერთხელ ითხოვენ ყველა სახელმწიდოსგან რომ პატივი სცენ სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს.“- განაცხადა ლავროვმა და პროვოკაციულ ქმედებებში პირდაპირ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინციდენტის გამოყენება საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქულების დასაწერად გამოიყენება.
„როდესაც უკრანული მხარე ამ პროვოკაციას გეგმავდა, მათ გათვლა ქონდათ დამატებით სარგებელზეც, რომელიც მათ ამ სიტუაციიდან სურთ მიიღონ, იმ იმედით, რომ აშშ და ევროპა, როგორც ყოველთვის, დაუფიქრებლად პროვოკატორის მხარეზე დგებიან“- განაცხადა ლავროვმა. ამასთან ლავროვი მიიჩნევს, რომ კიევი საომარი მდგომარეობის შემოღების შემდეგ ჩათვლის, რომ მას ხელები გახსნილი აქვს დონბასში მოქმედებისთვისაც.
კვირას, 25 ნოემბერს უკრაინის სამი სამხედრო გემი ოდესიდან შავ ზღვაში გავიდა. გემებს კურსი აზოვის ზღვაში მარიუპოლის პორტისკენ ჰქონდათ აღებული, მაგრამ ქერჩის სრუტესთან ისინი რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს. უკრაინულმა ხომალდებმა მარიუპოლისკენ გზა განაგრძეს, მაგრამ რუსეთმა სრუტე ტანკერით გადაკეტა, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა. 2003 წლის შეთანხმებით, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა რუსეთსა და უკრაინას შორის საზიარო წყლებია. ორივე ქვეყანა აქ თავისუფლად მოქმედებდა. მაგრამ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აზოვის ზღვის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები






