სიუჟეტი ექსკლუზიურად ტვ "იმედმა" მოამზადა და იგი დღევანდელი "ქრონიკის" 20:00 საათიან გამოშვებაში გავიდა.
ბავშვები და მათი მშობლები ბრალდებას უყენებენ სოციალურ მუშაკ მარიამ უკლებასაც და აცხადებენ, რომ მან დაკისრებული მოვალეობები არ შეასრულა. ბრალდების მთავარი ადრესატები კომენტარს არ აკეთებენ.
ნინო - ,,ვისთანაც ვცხოვრობდით, იმის შვილს ბევრჯერ დაურტყია ჩემთვის. ბევრჯერ შემხებია და ერთიორჯერ ყელში წამიჭირა ხელი".
12 წლის ნინო და 16 წლის სანდრო ხუთი წლის წინ ხატიაშვილების ოჯახში სახელმწიფოს პროგრამის მინდობითი აღზრდის ფარგლებში ცხოვრობდნენ. ვიდრე მათი მშობლები ციხეში სასჯელს იხდიდნენ, არასრულწლოვან ბავშვებს დროებითი მეურვის ოჯახის წევრები სცემდნენ:
,,იქ რომ ვიყავი, ასე მეგონა რომ დამლაგებელი და მოახლე ვიყავი. თვითონ იწვა ხოლმე და ტელევიზორს უყურებდა და რაღაცეებს აკეთებდა. მე კიდევ უნდა ვმდგარიყავი სამზარეულოში ჭურჭელი მერეცხა და ყველაფერი გამეკეთებინა", - იხსენებს ნინო.
ცემის გარდა, არასრულწლოვნებს ოჯახის წევრები ჭამას უკრძალავდნენ და ხშირ შემთხვევაში სკოლაში წასვლის ნაცვლად, სახლში ამუშავებდნენ.
ნინო : "როცა მოჰქონდათ ხოლმე, ხან შოკოლადი, ხან ძეხვი, სულ მალავდნენ. ზოგს მაცივარში, ზოგს კარადაში, ზოგს საწოლის ქვეშ. ძეხვი რომ მოჰქონდათ და მაცივარში რომ მალავდნენ ხოლმე, ეგრე ამბობდნენ, ხელი არავინ არ დაადოთ, ჩემიაო..."
ნინოს დედა: "მე რომ რაღაცა მომაქვს სახლში და ვდებ, ვცდილობ რომ სამზარეულოში არ ვიყო, რომ ბავშვებმა თავისუფლად ჭამონ. თუ რაღცაზე შევედი სამზარეულოში და ბავშვები რამეს ჭამენ, მაშინვე ხელს უშვებენ, ერიდებათ ჩემი."
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ციხეში სასჯელს იხდიან, სახელმწიფო სხვადასხვა ოჯახში ანაწილებს. ყოველთვიურად დროებით მეურვეს თითო ბავშვზე ბიუჯეტიდან 450 ლარს უხდიან. სოციალური მუშაკი კი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს. სწორედ ამ პროცედურების დარღვევების გამო, ოჯახმა სოციალური მუშაკის წინააღმდეგ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
"წავიყვანე ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგთან რაღაცეები მოყვა, იმისთანა სასწაულები, რომ ფსიქოლოგი გამოდის და მეუბნება შენ დამნაშავე იქნები, თუ ამ ბავშვს არ მიაქციე ყურადღება და ის სამართლიანობა არ აღადგინეო", - ამბობს ბავშვების მამა.
,,ბავშვმა ათსი კითხვა დამისვა. დედა, ჩვენ ეხლა ვართ თუ არა ტრეფიკინგის მსხვერპლიო. მე გავჩერდი, ვერაფერი ვერ ვუპასუხე... იმიტომ ბავშვი თვითონ ხვდება, რომ ნამდვილად არის ტრეფიკინგის მსხვერპლი", - ამბობს მშობელი.
რატომ არ ამოწმებდა სოციალური მუშაკი არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობას, ამ კითხვით "ქრონიკამ" ბრალდებების ადრესატს, მარიამ უკლებას მიმართა, თუმცა სოცმუშაკმა, რომელიც ამ სფეროში 2000 წლიდან მუშაობს, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "ქრონიკის" კითხვებს არც სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს.
მარიამ უკლებას მითითებით, არასრულწლოვნებზე საუბარი არ ისურვა არც იმ ოჯახმა, სადაც ბავშვები 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. "ქრონიკისთვის" ცნობილი ხდება, რომ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ხატიაშვილებმა საცხოვრებელი მისამართი შეიცვალეს და ნუცუბიძის ქუჩიდან კახეთის ერთ-ერთ სოფელში გადასახლდნენ. ოჯახის პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში იმ მოვალეობებს განმარტავენ, რაც სოციალურმა მუშაკმა და დროებითმა მეურვემ უნდა შეასრულოს.
ეთერ ცხადაია, ბავშვთა ზრუნვის სამმართველოს უფროსი: ,,მას შემდეგ, რაც განთავსდება ბავშვი მიმღებ ოჯახში, სოციალური მუშაკის ფუნქციაა, პირველ თვის განმავლობაში მინიმუმ ოთხი ვიზიტი განახორციელოს და შეამოწმოს ბავშვის მდგომარეობა - როგორ მოხდა შეგუება-შეჩვევის პროცესი. ეს არის, მინიმუმ, ოთხი ვიზიტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს უფრო მეტი ვიზიტის განხორციელება უწევს და მინდა გითხრათ, რომ ყველა ვიზიტის ჩანაწერი მის საქმეში დევს."
თემასთან დაკავშირებით საჩივარი პროკურატურაშია, თუმცა საქმე სასამართლოში განსახილველად ამ დრომდე არ შესულა.
მასალის გამოყენების პირობები






