ზოოპარკში მობინადრე ბუების შესახებ ზოოპარკის ფეისბუკის გვერდზე წერენ:
“რა მომიტანეო? - და ხელცარიელი თუა მომსვლელი, - ბუს კვერცხებიო, რომ პასუხობს, საიდან გაჩნდა ნეტავ, ეგ გამოთქმა? იქნებ იქიდან, რომ ბუს ბუდე რთული მოსაძებნია და მისი კვერცხებიც - ძნელად სანახავი?
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „ბუს კვერცხები“ ჩვენს სასაუბრო ენაში „არაფრის“ სინონიმად დამკვიდრდა. ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ბუები კვერცხებს არ დებენ. მერე, რომ ჰკითხავ, აბა, როგორ მრავლდებიანო, დაფიქრდებიან და, - ალბათ პირდაპირ აჩენენო...
ამ პოსტსაც ამ გაუგებრობაში გასარკვევად გთავაზობთ. აგერ, ბატონო, ბუხრინწები, აი მათი კვერცხები და იქვე, ამ კვერცხებიდან გამოჩეკილი ღლაპები. ღლაპებს იმიტომ კი არ ვკადრებთ, რომ ცხვირმოუხოცავი ტიტლიკანები არიან. უბრალოდ, ქართულ ენაში ღლაპი ახლად გამოჩეკილ, შეუბუმბლავ ბარტყს ჰქვია. იცოდით?
ესეც ასე. ბუს კვერცხებში გავერკვიეთ. შემდეგ პოსტში იხვის ტოლმაზე ვისაუბროთ”
მასალის გამოყენების პირობები






