- ბაჩუკი, მთელი საარჩევნო კამპანია, როგორც ვიცი, სამეგრელოში გაატარეთ, რეგიონში, სადაც „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშილმა სერიოზული მარცხი განიცადა. არადა, „ოცნება“ იმედოვნებდა, რომ სამეგრელოში გამარჯვებას იზეიმებდა.
- არ ვიცი, რას იმედოვნებდა, მაგრამ ფაქტია: „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ყველა დიდ ქალაქში წააგო!
რაც შეეხება სამეგრელოს, ამ რეგიონის წაგება, კახეთსა და ქვემო ქართლთან ერთად, „ოცნებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო.
- სახელისუფებო გუნდი ამომრჩეველზე ზეწოლას სამეგრელოშიც ახდენდა?
- გეტყვით, თუმცა დავიწყოთ იმით, რომ თავიდანვე ვიცოდი, ის შედეგი დადგებოდა, რაც დადგა.
- ამაში დარწმუნებული რატომ იყავით?
- რატომ და, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოსახლეობასთან ინტენსიური ურთერთობა გვქონდა, თუმცა არც იმას დაგიმალავთ - იმის იმედი ნამდვილად არ მქონდა, რომ 28 ოქტომბერს ის ციფრები „ამოვიდოდა“, რაც ამოვიდა, ანუ ამ მხრივ მოულოდნელობა აშკარად იყო.
დღეს „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას მაქსიმალურად ცდილობს, ასევე, ცდილობს, რომ ქუჩისა და ე.წ. კრიმინალური სამყაროს მობილიზებაც მოახდინოს. ეს ყველაფერი პირველი ტურის წინაც ხდებოდა, მაგრამ ახლა, ეს თემა, ხელისუფლებამ უფრო „კონტროლზე აიყვანა“. მეტიც, თუ ვინმემ საარჩევნო ფული შეჭამა, ეუბნებიან, ეს ვალი ხმებით გადაიხადეო.
ერთი სიტყვით, მეორე ტურის წინ ახალი არაფერი ხდება, მაგრამ ამით „ოცნებისთვის“ სასურველი შედეგი მაინც არ დადგება.
- რატომ არ დადგება?
- არჩევნების ბედს კრიმინალური სამყარო, „ქუჩის ბიჭები“, პოლიცია და სუს-ი არ წყვეტს.
- აბა, ვინ წყვეტს?
- ვინ და, - მოსახლეობა, რომელიც შენდამი კეთილად უნდა განაწყო, ანუ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას სწორედ ხალხი იღებს, თან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თვითონ სურს და ამაში კიდევ ერთხელ 28 ოქტომბერს დავრწმუნდი.
- საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სამეგრელოში მოვლენები დრამატულად განვითარდა - 28 ოქტომბრიდან რამდენიმე დღე იყო გასული, როცა ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია დაიჭირეს, რომელიც რეგიონში ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. გოგია კორუფციაში ჯერ კიდევ სექტემბერში ამხილეს და მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა გისოსებს მიღმა მხოლოდ ახლა მოხვდა. ამბობენ, რომ მან საარჩევნო ფული გაფლანგა, შედეგი ვერ დადო და სწორედ ეს არ აპატიეს. სამეგრელოს მოსახლეობა ამ მოსაზრებას იზიარებს?
- მე უფრო სხვა ინფორმაცია მაქვს.
- კერძოდ?
- გოგიამ საარჩევნო ფული კი არ შეჭამა, არამედ, შტაბის ხელმძღვანელად იმ პირობით დანიშნეს, რომ სამეგრელოში „ოცნებისთვის“ კარგი შედეგი დადგებოდა და სანაცვლოდ, ზუგდიდის მერად დააბრუნებდნენ.
- ეს პირობა, ზუგდიდის აწ უკვე დაპატიმრებულ მერს, ვინ წაუყენა?
- ეს არ ვიცი. უბრალოდ, იმის შესახებ ვსაუბრობ, რაც ხალხისგან მესმოდა, ანუ ყველას ჰქონდა ასეთი განწყობა - ბიძინა ივანიშილმა გოგია მექრთამეობის გამო იმ პირობით არ დაიჭერდა, რომ ზუგდიდში და, საერთოდ, სამეგრელოში არჩევნებს მოოგებსო, მაგრამ იიგივე მეორე ტურის წინ, ივანიშილმა ცხრა გოგიაც რომ გამოაგზავნოს და როგორი პირობაც უნდა წაუყენოს, ზუგდიდში „ოცნების“ მიერ არჩევნების მოგება წარმოუდგენელია, თუ არ მოხდა ტოტალური გაყალბება, უფრო სწორად, გამგეობასა და მერიაში ოქმების დაწერას თუ არ ექნა ადგილი.
- ანუ, არსებობს საფრთხე, რომ მეორე ტურის ოქმები ოცნებამ მერიაში, გამგეობასა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში დაწეროს?
- არ ვიცი, ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ თუ კონკრეტულად სამეგრელოზე ვისაუბრებთ, აქაური ამომრჩევლის განწყობას ვიცნობ და ვიცი, თან ამ შემთხვევაში, არც სოციოლოგიას ვეყრდნობი, არც - ტელევიზიას და არც იმას - ე.წ. ელიტურ საზოგადოებებში რას საუბრობენ. მე იმას გეუბნებით, რა განწყობაც სოფლებში, ორღობეებსა და ოჯახებშია.
- და რა განწყობაა?
- ის განწყობაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვერ ვიპოვე! ამიტომ, შეუძლებელია, ამ ადამიანებმა არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ტელევიზიით მოისმინონ, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა!
- ბაჩუკი, უნდა ჩავასუზტო: სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ კი არა, დამოუკიდებელი კანდიდატია!
- არა, ზურაბიშილი ხელისუფლების კანდიდატია და, მოდით, ამაზე ნუ ვიკამათებთ!
- კარგი, არ ვიკამათოთ, მაგრამ როგორც ამბობთ, მეორე ტურის გაყალბების საფრთხე არსებობს. შესაბამისად, საინტერესოა, გაერთიანებული ოპოზიცია ხმების დაცვას როგორ აპირებს?
- საპრეზიდენტო არჩევების პირველმა ტურმა დაგვანახა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ - „ძალა ერთობაშია“ უბნების გაკონტროლება მეტ-ნაკლებად მოახერხა და ისევ სამეგრელოს რეგიონზე გეტყვით: მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ ყველანაირი დაპირების, დაშინებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ამომრჩეველმა იმოქმედა მესიჯით - „მოგატყუათ „ოცნებამ“? მოატყუეთ თქვენც!“, ანუ ხელისუფლებამ იგრძნო, რომ მისი კანდიდატი მარცხდებოდა, უბნებთან მობილიზება დაიწყო, რომ ამომრჩეველი, რომელიც ხელისუფლებას ხმას არ აძლევდა, შეევიწროვებინა და შეურაცხყოფა მიეყენებინა.
- შევიწროვება რაში გამოიხატებოდა?
- „ოცნებას“ ყველა აღრიცხული ჰყავდა და იცოდა, ხმას ვინ ვის აძლევდა, მაგრამ ერთი საინტერესო რამ მოხდა -„ოცნებას“ ხმა იმანაც კი არ მისცა, ვინც ეგონა, რომ მისი ამომრჩეველი იყო, თუმცა ეს ხელისუფლებამ მას მერე აღმოაჩინა, როცა საარჩევნო ყუთები გაიხსნა.
რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, ვისზეც წინასწარ იცოდა, რომ ხმას ოპოზიციას აძლევდა, მაქსიმალურად ავიწროვებდა - შეურაცხყოფას აყენებდა, ემუქრებოდა და ცდილობდა, ამ კატეგორიის ხალხზე ზეწოლა მოეხდინა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სიტუაცია მხოლოდ შიგნით,, უბნებზე კი არ გაგვეკონტროლებინა, არამედ, კონტროლი გარე პერიმეტრზე გქვონდა.
რაც შეეხება მეორე ტურს, ახლაც მაქსიმალურად ვემზადებით, რომ გაყალბება არ დავუშვათ და ეს მხოლოდ არჩევების დღეს კი არ მოხდება, არამედ, უკვე დაწყებულია სრული მობილიზება.
- ეს მობილიზება მაინც, რას გულისხმობს?
- გაერთიანებულ ოპოზიციას რამდენიმე პარტია შემოუერთდა, მათ შორის, ისეთი პარტიებიც, რომლებსაც საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები ჰყავთ.
- „ევროპულ საქართველოს“ გულისხმობთ?
- დიახ და ჩვენი რესურსი, რომ არჩევნების შედეგი არ გაყალბდეს, ერთი-ორად გაიზარდა.
- ბაჩუკი, გამორიცხავთ, რომ საარჩევნო კომისიების ოპოზიციონერი წევრები ხელისუფებამ მოისყიდოს, განსაკუთრებით პერიფერიებში?
- ამის მცდელობა პირველი ტურის წინაც იყო და ახლა ამის გაკეთებას „ქართული ოცნება“ გაორმაგებული ენერგიით შეეცდება, თუმცა იცით, რაშია საქმე? როცა პროტესტის ტალღა ჩნდება, შეუძლებელია, ეს ტალღა შეაჩერო.
- ანუ?
- დღეს საქართველოში პროტესტის ტალღა აკადემიურია და არა - რევოლუციური. დიახ, საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნეს და უკვე იციან, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში რაღაცის შეცვლა შესაძლებელია და არ ვიცი, ამის შეჩერებას ხელისუფლება როგორ შეძლებს! ამ მუხტის მოსყიდვას ერთი კი არა, ორი ბიძინა ივანიშილის თანხაც არ ეყოფა! ხალხი არ იყიდება!
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ „ქართული ოცნება“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ჩახუტება-მოფერების აქცია-კვირეულებიც კი დაიწყო. სხვა საკითხია, ხალხს ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძისა თუ ირაკლი კობახიძის მოფერება მოეწონება თუ არა, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, ყველანაირ დათმობაზე წავიდეს. აი, მაგალითად, ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს ე.წ. სოციალურს აღარ მოუხსნის, თუ ისინი დასაქმდებიან. ერთი სიტყვით, „ოცნება“ „ყაზარმულზეა“!
- დამერწმუნეთ, ყველაფერი ეს ბლეფია!
- ბლეფი რატომ არის?
- „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი პირობა უნდა შეასრულოს, თუ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩევლის გული მოიგოს.
- ეს რა პირობაა?
- რა პირობაა და, ყველა ის დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოარიგა, წინასწარ გათვლილი აფიორის სახით, ოღონდ არჩევნებში გაემარჯვა, უნდა შეასრულოს!
ეს დაპირებებია: ლარის დასტაბილურება, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება და მზარდი ეკონომიკა, ანუ ადამიანებმა საკუთარ ჯიბეზე უნდა იგრძნონ, რომ ბანკის ვალი კი არ ახრჩობს, არამედ შეუძლია, რომ შინ, შვილებს ლუკმა-პური მიუტანოს! სანამ ადამიანები ამას ვერ იგრძნობენ, ისინი ყოველთვის იქნებიან განწყობილნი, რომ ხელისუფლება შეცვალოს!
- ბაჩუკი, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება „ოცნების“, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის ღირსების საქმეა! შესაბამისად, ყველაფერზე წავა და დამეთანხმეთ, რომ მეორე ტური, პირველზე უფრო რთული და დრამატული იქნება.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. უფრო მეტიც, ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და მარტო ოპოზიცია კი არა, ხელისუფლებაც უნდა იყოს მოწადინებული, რომ საქართველოსთვის ყველაზე კარგი შედეგი დადგეს.
- ეს „ყველაზე კარგი შედეგი“ რა არის?
- ყველაზე კარგი ის არის, რომ საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს!
თუ „ქართული ოცნება,“ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ამაზე უარს იტყვიან, ისინი ამით ცუდს გაუკეთებენ არა გაერთიანებულ ოპოზიციას, არამედ სახელმწიფოს!
- ოპოზიციონერი პრეზიდენტი ხელისუფლების შეცვლას არ ნიშნავს, ანუ იმის თქმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არასახელისუფლლებო კანდიდატის გამარჯვებით ხელისუფლება შეიცვლება, თქვენი, გაერთიანებული ოპოზიციის პიარული დაპირება ხომ არ არის?
- დიახ, საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. ხშირად ამბობენ ხოლმე, ოპოზიციის ხელში ხელისუფლების ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია აღმოჩნდებაო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ოპოზიციის კი არა, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის ხელში აღმოჩნდება, ანუ მივიღებთ რეალობას, რომ ხალხის ხელში იქნება ხელისუფლების ერთი ინსტიტუცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს! ეს რეალობა ჩამყაყებულ სიტუაციას გააჯანსაღებს და ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პროცესიც, რომელსაც ოლიგარქი ეწევა, შეჩერდება და ბანდიტური მმართველობის - 50-100-კაციანი დაჯგუფებების, მკოიანებისა და ფარცხალაძეების თემა და მოქმედება ბევრად უფრო გართულდება!
- სხვათა შორის, სანამ „ოცნება“ ფსონს სალომე ზურაბიშვილზე დადებდა, ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, პრეზიდენტის პოსტი არ გვინდა და ოპოზიციამ წაიღოსო, თუმცა მოულოდნელად ეს „ჩვენება“ შეცვალა. ბაჩუკი, მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ და „ოცნების“ მიერ „პლასტინკის ამოტრიალებას“ რითი ხსნით?
- არ ვიცი, რამდენად ორიგინალურ პასუხს გაგცემთ, მაგრამ დღეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის წევრები ვიყავით შეკრებილნი და ზუსტად ეს კითხვა დავსვი - ხომ ხვდებით, „ოცნებამ“ რამხელა შეცდომა დაუშვა-მეთქი?
- ანუ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას „ოცნების“ შეცდომად თვლით?
- მართალია, საპრეზიდენტო არჩევნები თავისთავად მაღალი რანგის არჩევნებია, მაგრამ ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა ბარიკადები აღმართა და უკან დასახევი არ დაიტოვა!
- ოლიგაქრი ასე რატომ მოიქცა?
- ეს, ალბათ, მისი ამპარტავნობის შედეგია, ვიდრე - რეალური პოლიტიკური გათვლების.
- თუ ამპარტავნებაზეა ლაპარაკი, მაშინ „ოცნება“ საკუთარ კანდიდატს დაასახელებდა და თამაშს არ დაიწყებდა, რომ თითქოს მხარს პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს...
- ბოლო რამდენიმე კითხვით იმაზე საუბრობთ, რაც „ოცნებაში“ ხდება.
- „ოცნებაში“ რა ხდება?
- ხელისუფლებაში ქაოსი და აზრთა სხვადასხვაობაა!
უფრო მეტიც, იმ ხელისუფლებაში, სადაც გადაწყვეტილებებს, ერთი ადამიანის სატელეფონო ზარების გარეშე ვერ იღებენ, იმ პოლიტიკურ პარტიაში, სადაც ჯანსაღი მოსაზრების გაზიარების ეშინიათ, მუდმივად ჭაობი იქნება! ჭაობს კი, მოგეხსენებათ, სუნი ასდის!
- ეს ბოლო არჩევნებია, როცა ხალხი პრეზიდენტს ე.წ. პირდაპირი წესით, საბოლოოდ ირჩევს. ამასთან, პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით, პრინციპში, უუფლებოა. ასე რომ, ეს ინსტიტუცია იგივე ოპოზიციას რათ უნდა? ოპოზიციაც, ხელისუფლების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციას ხომ არ გადის და საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს?
- ჯერ ერთი, უკვე გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთი სახელისუფლებო ინსტიტუცია მაინც უნდა გამოვგლიჯოთ.
მეორე, დრო გვიჩვენებს, ეს არის თუ არა ბოლო არჩევნები, როცა პრეზიდენტს პირდაპირი არჩევის წესით ხალხი ირჩევს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ ვფქირობ.
- ანუ,შესაძლოა, კონსტიტუცია შეიცვალოს?
- ვერ გეტყვით, მაგრამ მარტო ჩემო მოსაზრება არ არის და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობაც ისეთია, რომ არ უნდა წაერთვას უფლება, ქვეყნის პირველი პირი და მთავარსარდალი აირჩიოს!
ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ უფლებას გვართმევს. საქართველოს მოსახლეობა დღეს ზუსტად იმისთვის იბრძვის, რომ ეს უფლება ივანიშვილმა არ წაართვას!
- ბაჩუკი, „ევროპული საქართველო“ არჩევნებამდე გაერთიანებულ ოპოზიციაზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ქილიკობდა. დღეს კი მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს. ეს ამომრჩეველში გარკვეულ კითხვის ნიშნებს არ გააჩენს?
- არ მგონია, კონსოლიდაციამ და გაერთიანებამ ამომრჩეველში რამე კითხვის ნიშნები გააჩინოს, რადგან ხალხზე ერთობა ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს. ცუდი განხეთქილება, ქიშპი და ერთმანეთთან კომუნიკაციის სურვილის არქონაა!
- თუ ისე მოხდა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. „ძალა ერთობაშიას“ რა გეგმა აქვს?
- ყველა გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს!
- ვთქვათ, ამომრჩეველმა მიიღო გადაწყვეტილება და მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა, მაგრამ ხელისუფელბამ არჩევნების შედეგები გააყალბა. ასეთ შემთხვევაში, როგორ იმოქმედებთ?
- გაყალბება არავის შერჩება! ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო უბანზე მიდის და ხმას აძლევს, დარწმუნებულია, რომ ის მოქალაქეა და მის ხმას ძალა აქვს! ყველაზე მრისხანე იარაღი ბიულეტინია, რომელიც ამომრჩეველს უჭირავს და გადაწყვეტილებას იღებს, ხელისუფლება ვინ უნდა იყოს!
თუ ამომრჩეველმა დაინახა, რომ გადაწყვეტილება მან კი არა, ცესკო-მ მიიღო, მაშინ თავად გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს!
- ბაჩუკი, პოლიტიკის ანბანს ჩემზე უკეთესად იცნობთ და ამომრჩევლის ნებაზე მახვილის დასმა მაინც რიტორიკა მგონია. მთავარია, მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. პრინციპში, ყველაფერი ეს ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ - 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დასავლეთი 20 დღე ფიქრობდა, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ დაეშვა თუ არა...
- დასავლეთი საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე თვალს არ დახუჭავს, მაგრამ ამაზე, პირველ რიგში, თვალს ქართული საზოგადოება არ დახუჭავს!
- დასავლეთს როგორ დაუმტკიცებთ, რომ არჩევნები გაყალბდა?
- დასავლეთი ინფორმაციას მარტო ოპოზიციისგან ან მარტო სამოქალაქო სექტორიდან არ იღებს. სხვა უამრავი სივრცე არსებობს, რომლითაც დასავლეთო საზოგადოებრივ აზრს სწავლობს და, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ ამ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოქმედებს!
ისე, როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მერკელის სიტყვები მახსენდებაეს: ,,დემოკრატია არის ასევე, მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა!“
- საქართველოში დემოკრატიის ანა-ბანაზე ლაპარაკი, მგონი, ნაადრევია და თუნდაც იქიდან გამოჩნდა, რომ ხელისუფლება შვილმოკლულ მამებს ებრძვის და რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის ნებას არ აძლევს. არადა, იგივე პიარის კუთხით, „ოცნებას“ ხომ ერჩია, რომ შვილმოკლული მამებისთვის - ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, მინიმუმ, სოლიდარობა გამოეცხადებინა?
- ჯერ ერთი, უსამართლობა დასჯადია! როცა ხელისუფალი არღვევს კანონს და თელავს სამართლიანობას, ჯანსაღი საზოგადოება თვითონ აღასრულებს კანონიერებას და სამართალს!
მეორეც, ის, როგორც ხელისუფლება შვილმოკლულ მამებს ექცევა, დიდ უსამართლობასთან ერთად, დიდი უგუნურებაცაა!
ხელისუფელბა თვის მიერვე შექმნილ ჭაობში იძირება და ისეთ სისტემას ქმნის, რომელიც კანონზე მაღლაა და კონსტიტუციის გარეთ არის. ასეთი სისტემა თავად მათ შეჭმას იწყებს, ვინც ეს სისტემა შექმნა! ბიძინა ივანიშვილი და მთელი სახელისუფლებო აპარატი დღეს ამ სისტემის მძევლია. ამიტომაც უპირისპირდებიან შვილმოკლულ მამებს, ამიტომ ვერ იღებენ ადექვატურ გადაწყვეტილებებს და ასევე, ვერ ახორციელებს რეალურ რეფომრებს, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური მიმართულებით სჭირდება!
დიახ, ბიძინა ივანიშილს ჰგონია, რომ თვითონ მართავს, მაგრამ სინამდვილეში, მას ის სისტემა მართავს, რომელიც შექმნა!
ამ დღეებში ხელისუფლების, კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის არაადეკვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა ვიხილეთ.
- ივანიშვილის ბოლო ვიდეომიმართვას გულისხმობთ?
- დიახ.
ეს ვიდეომიმართვა ტოვებდა განცდას, რომ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ხელისუფლებაში მოსვლის დროს შუის გაკრეფვით იმუქრებოდა და ზედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც მიაყოლა. დღეს კი უფრო შორს წავიდა - ოპოზიციას, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მილიონი ხმა აიღო, პარტიებად არ მიიჩნევს, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც იმ მილონ ამომრჩეველს მიიჩნევს ამომრჩევლად, რადგან ყველა, ვინც მასთან არ არის, ვინც მისი მონა არ არის, მტერია.
ამ მიმართვაში ჭარბად იკვეთებოდა აგონიის ელემენტები. ხვდება ივანიშვილი, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია. „ქართულ ოცნებას“ ე.წ. მკვდარი წერტილი გავლილი აქვს და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესის შემობრუნების შანსიც აღარ აქვს.
გრძელდება ქართველი ხალხის უნამუსოდ მოტყუების მცდელობა - ლარის კურსის კატასტროფული გაუფასურების და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ადამიანებს, კიდევ ერთხელ, მორიგ, ცრუ დაპირებებს აძლევს.
ჩემი სტუდენტობის დროს არსებობდა ე.წ. „ჩეკების“ მაღაზიები, სადაც ხშირად იყრიდნენ თავს ე.წ. „გადამგდებები“. ერთი მახსენდება, მეტსახელად „ყვარიას“ („ყვავ“) ეძახდნენ. ბლოკნოტი ჰქონდა, სადაც ინიშნავდა, თურმე, ერთხელ უკვე მოტყუებულ ადამიანებს, რომ მეორედ არ მისულიყო.
ივანიშვილი, „ყვარიასგან“ განსხვავებით, უსინდისოდ, უკვე მერამდენედ ცდილობს მოატყუოს ქართველი ერი!
უკვე ისიც ჩანს, დიდი იმედი, რომ მორიგ ჯერზე მოტყუვდება ხალხი, თვითონაც არ აქვთ. განახლებაზე საუბრობენ და ძველებს ეძახიან, რიტორიკას არ ცვლიან, სარალიძე და მაჩალიკაშვილი საერთოდ არ ახსოვთ.
ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ოცნების“ მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალია!
მინდა, იმედი მქონდეს, რომ ამ დამრცხებას, რაც პოლიტიკის თანმდევია, დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის ფორმას არ დაუკარგავენ. ეს ერთადერთი სიკეთე იქნება, რაც მათ ქართულ სახელმწიფოს შეუძლია გაუკეთონ.
ჩვენ, ოპოზიცია, გამარჯვებას, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ, მაგრამ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ, დემოკრატიულ ჩარჩოებში დარჩენას.
- წლევანდელი არჩევნების ერთ-ერთი მთვარი მოცემულობა პრორუსულობაზე აქცენტის გაკეთებაა, ანუ გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშილის რუსულ ლინკებზე საუბრობს, თავად ზურაბიშვილი და, ზოგადად, მთელი „ოცნება“ კი იმის მტკიცებაშია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო...
- ვხვდები, ამ კითხვის ქვეტექსტი რაც არის, მაგრამ ანალიზს მარტივად გავაკეთებ: გადახედეთ, გრიგოლ ვაშაძის გარშემო შეკრებილ პარტიათა სპექტრს და ასევე, გადახედეთ წითელაშვილს, გოგა ხაინდრავას, მეჩითოვს, ძასოხოვს და, მაპატიეთ, საქართველოში ყველასთვის ცნობილ რუსეთის „შნირებს“ - აი, ვინ უჭერს სალომე ზურაბიშვილს მხარს! ის პარტიები, რომლებიც მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ, საგარეო კურსის მიმართულებით, დასავლეთს ვგულისხმობ, მერყევნი არასოდეს ყოფილან!
- ზურაბიშვილს მხარს რატომ უჭერენ, ეს კრემლის დავალებაა?
- არ ვიცი თუმცა ჩემი აზრით, ის, რომ „ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპათია არ ყოფილა! არამედ, ეს გარკვეულწილად, რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის სიმპათიაც იყო!
- ამ აზრის გამყარება არგუმენტებით შეგიძლიათ?
- ბუნებრივია, შემიძლია, თუმცა ეს ვრცელი თემაა. ერთს კი გეტყვით: ზუსტად ვიცოდი, რომ თუ თავად ბიძინა ივანიშილი არ მიიღებდა პრეზიდენტად კენჭისყრის დავალებას, მაშინ კენჭს ისეთი პიროვნება იყრიდა, რომელიც პუტინისთვის მისაღები იქნებოდა და რომელსაც ივანიშვილი მხარს დაუჭერდა! პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოში აუცილებლად ისეთი პრეზიდენტი უნდა იყოს, რომელიც ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ გამოადგება და ასეთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია!
მთელ მსოფლიოში ერთადერთი რუსეთია, რომელიც ამბობს, რომ საქართველო მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა და მეორე, სალომე ზურაბიშვილია, რომელიც იგივეს აცხადებს. რუსეთის ინტერესში, ბუნებრივია, არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ის ადამიანი გახდეს, რომლის პოზიციებიც პუტინისა და კრემლის პოზიციებთან აბსოლუტურ თანხვედრაში იქნება!
- ესე იგი, წინ ძალიან მძიმე მეორე ტური გველოდება, არა?
- გაერთიანებული ოპოზიცია გამარჯვებაში დარწმუნებულია, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის პრინციპის დამკვიდრება!
წყარო: გაზეთი "ქრონიკა+"
მასალის გამოყენების პირობები






