გამოთქმა “ფრანკო-გერმანული წყვილი“ ხშირად გამოიყენება საფრანგეთისა და გერმანიის პარტნიორობის გამოსახატად. თუმცა მოხუცი ფრანგი ქალისთვის მან სულ სხვა აზრი შეიძინა, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან შეხვედრის დროს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით სოფელ რეტონდში იმყოფებოდნენ, სადაც 1918 წლის 11 ნოემბერს ანტანტის წევრებსა და გერმანიას შორის ზავი გაფორმდა, რამაც ბოლო მოუღო პირველ მსოფლიო ომს. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ მაკრონმა და მერკელმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებასთან რამდენიმე წუთი გაატარეს. ხანდაზმული ქალი, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში თავის 101 წლისთავი უნდა ეზეიმა, საფრანგეთის პრეზიდენთან შეხვედრამ ძალიან აღაფრთოვანა.
„ბატონო მაკრონ, ეს შეუძლებელია! ისეთი პატარა ქალი, როგორიც მე ვარ, ხელს ართმევს რესპუბლიკის პრეზიდენტს... ეს ფანტასტიკურია! არ ამატიროთ!“- მიმართა ქალმა მაკრონს.
ამ დროს მათთან მდგომებმა საფრანგეთის პრეზიდენტს უთხრეს, რომ ქალი ერთ დღეში 101 წლის ხდებოდა, რადგან 1917 წლის 12 ნოემბერს იყო დაბადებული.
პარალელურად ქალის ყურადღება იქვე მდგარმა ანგელა მერკელმა მიიქცია:
„თქვენ ქალბატონი მაკრონი ხართ?“- მიმართა ქალმა მას.
„მე გერმანიის კანცლერი ვარ“- უპასუხა ანგელა მერკელმა.
იგივე დიალოგი განმეროდა მაშინაც, როდესაც ემანუელ მაკრონმა და ენგელა მერკელმა 101 წლის ქალთან ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს. „თქვენ ქალბატონი მაკრონი ხართ?“- ისევ მიმართა ქალმა მერკელს. მერკელმა ამჯერად ფრანგულად უპასუხა, რომ ის გერმანიის კანცლერი იყო, თუმცა მერკელის მიერ ფრანგულის ცოდნის გამომჟღავნების მიუხედავად, ქალმა ანგელა მერკელის ნათქვამი ისევ ვერ გაიგო.
მას შემდეგ რაც ფოტო გადაიღეს, მოხუცმა ქალმა მაკრონი დაარწმუნა, რომ ამ ღონისძიებას მომავალ წელსაც დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






