"20 ladies died..."
ვფიქრობ, იმხელა დანაშაულის ტრივიალიზაცია, როგორიც 9 აპრილია, სამართლებრივადაც კი უნდა რეგულირდებოდეს. ვინაიდან, საქართველოში ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომელთაც არც ისტორიის გაეგებათ რამე და არც მეცნიერების (თუმცა საერთაშორისო მედია მათ აზრს ჰკითხავს) და კაპიტალიზაციას გააკეთებენ იმ დაშვებაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ წერა-კითხვა არ ვიცით და რაც მთავარია, ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს.
მეჩითოვმა თავის ამაზრზენ ინტერვიუში, 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მოკლულ 21 ადამიანზე ალჯაზირას უთხრა ეს სიტყვები: "20 ladies died."
სინამდვილეში, ვიცით, რომ ისინი არ მომკვდარან, ისინი მოკლეს. ამას გარდა, მათ შორის 4 კაცია. მაშ, რატომ მოიხსენია მეჩითოვმა ისინი 20 lady-დ ანუ 20 ქალად? და რა კავშირი აქვთ ამ ორ საკითხს ერთმანეთთან?
დავიწყოთ იმით, რომ მან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას კრიმინალური აქტი უწოდა, მოკლულებს უბრალოდ მკვდრები, კაცებს ქალები, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ირაციონალური, ახალგაზრდული ზრახვები. რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნაკლები მნიშვნელობის ამბად ექცია. და ეს უსინდისო punchline - "20 ladies died" რაზე გათვალა? იმაზე, რომ ქალები "less human," "ნაკლები ადამიანები" ვართ იმ კულტურისთვის, რომელმაც ეს ადამიანი დაბადა. და ეს ამბავი მან უფრო დიდი ბოროტებისთვის გამოიყენა (როგორც, ზოგადად, საქართველოში გამოიყენება ხოლმე სექსიზმი და მიზოგინია).
გარდა ამისა, თქვა რომ 13-დან 25 წლამდე ყოფილან მსხვერპლები. სინამდვილეში, 21 მოკლულიდან 13 ოცდახუთის ან მეტისაა. რატომ თქვა ეს ტყუილი? იმიტომ, რომ მსხვერპლების ინფანტილიზაციამ მისი არგუმენტი გაამყარა (ეს ხერხი კარგად მუშაობს ქალებთან მიმართებაში, მიზოგინიის საბაზისო ფორმაა). და ბოლოს, რატომ 20 და არა 21? ვფიქრობ, ნათელია პასუხი: იმ ერთი ადამიანის სიცოცხლე მისთვის უბრალო სტატისტიკური ერთეული იყო და "დაამრგვალა" უბრალოდ (ან დამალა, რადგან ვიცით, რომ ერთი მსხვერპლი უშუალოდ დარბევის დროს არ მოუკლავთ რუს ჯარისკაცებს, მაგრამ კი, ნამდვილად მოკლეს).
იმედი მაქვს, ახლა მაინც მიხვდება ბევრი, რომ სექსიზმი და მიზოგინია ასეთ ბოროტებებს უბრალოდ კი არ ახლავს თან, არამედ, ის თავადაც არის ეს ბოროტება და არასდროს არის უწყინარი. ასევე, ბევრი მიხვდება, თუ როგორი ნიუანსური, მაგრამ ცხადი შეიძლება იყოს ის, როცა კრიტიკული თვალით უყურებ. თუ არ გაქვს ეს თვალი, ესე იგი მეჩითოვის აუდიტორია შენ ხარ!“- წერს თამარ გურჩიანი.
მასალის გამოყენების პირობები






