შეგახსენებთ, ალავიძე ის პირია, რომელმაც გადაცემა ,,ანატომიას" ციხიდან ვიდეოფირი მიაწოდა, სადაც ჩანს, როგორ ცხოვრობენ და ილხენენ ციხეში გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები. ალავიძესთან ვრცელ ინტერვიუს ,,კვირის პალიტრა" აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, როგორც სანდრო გირგვლიანის, ასევე ვანო მერაბიშვილის, ახალაიასა და ასევე ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმედ ალავიძე მოგვევლინოს. ალავიძე აცხადებს, რომ მან პროკურატურას სკანდალური ვიდეომასალა მიაწოდა, თუმცა პროკურატურა-დუმს.
,,ავჭალის მეათე დაწესებულებაში შსს-ს ამ ჩინოვნიკების (ვინც მე დამაკავა) მოყვანის შემდეგ დაიწყო. ადმინისტრაციამ საგანგებოდ გაარემონტა და მოაწყო მათთვის ოთახი. ყველაფრის უფლება ჰქონდათ, შეეძლოთ მანქანით ქალაქში გასვლაც. სხვა გვარებით საზღვარგარეთ წასვლა, ამა თუ იმ გასართობ ადგილებში სიარული...
არადა, სხვა პატიმრებს მობილური ტელეფონებიც არ ჰქონდათ, მათთვის ახლობლებთან კონტაქტი გაძნელებული იყო. გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულმა კუდ-ის თანამშრომლებმა კაიბიჭობის თამაში დაიწყეს, მობილურით სარგებლობის უფლებას ხანდახან სხვა მსჯავრდადებულებსაც აძლევდნენ.
თავდაპირველად მიხეილ ბიბილურიძეს დავუახლოვდი, რომელიც ჩემს საქმეში არ მონაწილეობდა. მეტი ნდობის მოპოვების მიზნით მას ისიც ვთხოვე, იქნებ ჩემი ძმა შენს ოჯახში მძღოლად ამუშაო-მეთქი. დამთანხმდა და თანდათან მათთან მიმსვლელ-წამსვლელების ვინაობაც გავიგე. ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთ დღეს ხელში იმ კომპიუტერის პროცესორი ჩამივარდა, რომლითაც გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები სარგებლობდნენ... ძალიან საინტერესო, საიდუმლო მასალები პროკურატურას გადავეცი,"- აცხადებს ალავიძე.
როგორც ალავიძე ამბობს, ვიდეოფირები, სადაც გირგვლიანისა და ბუხაიძის წამებაა გადაღებული საზღვარგარეთ ინახება. ალავიძის თქმით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, სად შეიძლება მოიძიონ ეს ფირები, თუმცა პროკურატურა ამით არ დაინტერესდა. ალავიძე ფიქრობს, რომ ის შეიძლება ახალაიას საქმეშიც გამოდგეს მოწმედ, რადგან გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მან თავად ნახა, რომ 2008 წლის ომის დროს გირგვლიანის მკვლელები სასჯელაღსრულების მეათე დაწესებულებიდან გაიყვანეს.
,,ასე იყო. ორჯერ მოვიდნენ ბაჩო ახალაია და კახა ბუცხრიკიძე და გამოაცხადეს, ვისაც იარაღის რამე გაეგება, ომში უნდა წავიყვანოთო. ცხადია, მსურველი ბევრი გამოჩნდა. ჰოდა, გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულებმა შეადგინეს 130-კაციანი სია, სადაც შეიყვანეს შევარდნაძის დროს ტერაქტის მცდელობის ბრალდებით გასამართლებულები, ყოფილი პარტიზანები და ა.შ. საბოლოოდ კი ეს ოთხეული გაიყვანეს გარეთ, სხვები კი 28 აგვისტოს უკან დააბრუნეს. მოკლედ, სხვა პატიმრები "გადააგდეს","- აცხადებს ალავიძე.
შეგახსენებთ, რომ გია ალავიძე 2005 წლის 27 დეკემბერს, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ალავიძე ვადაზე ადრე სპეციალურმა კომისიამ წელს გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






