
მსოფლიო კიდევ ერთხელ შეძრა ბავშვის გარდაცვალებამ, თუმცა მსგავს ინფორმაციებს დასასრული არ უჩანს.
ამჯერად, 7 წლის გოგონა შეეწირა ომს.
იემენელი ბავშვი, 7 წლის ამალ ჰუსეინი, რომელიც იემენის კრიზისის სიმბოლო გახდა, გარდაიცვალა.
ამალის შესახებ მსოფლიომ 26 ოქტომბერს შეიტყო, როდესაც ფოტოს ავტორი პულიცერის პრემიის მფლობელის ტაილერ ჰიკსის ფოტო New York Times-მა გამოაქვეყნა. შიმშილისგან დასუსტებული ბავშვის ნახვას დიდი დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. სტატიას დღის განმავლობაში უამრავი გაზიარება და კომენტარი მოჰყვა, გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. მოგვიანებით, ფეისბუკმა პოსტზე წვდომა შეწყვიტა, რაც იმით ახსნა, რომ სოციალური ქსელი შიშველი ფოტოების გამოქვეყნებას კრძალავს, თუმცა საზოგადოების აღშფოთების გამო, პოსტზე წვდომა აღდგა.
გოგონა ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ იემენში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, ბოლო დროს კი UNICEF-ის კლინიკაში მკურნალობდა. სწორედ კლინიკაში გარდაიცვალა ბავშვი.
იემენი შიმშილის ზღვარზეა. გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (Unicef) მონაცემებით, იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მათგან მილიონამდე ბავშვს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.
იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთმანეთს შიიტი მეამბოხე ჰუსიტები და იემენის სუნიტი პრეზიდენტის მომხრეები ებრძვიან. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ ამბოხებული ჰუსიტები მხარს.
იემენის ამჟამინდელ პრეზიდენტს მანსურ ჰადის არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამთავრობო ძალებს 2015 წლიდან მხარდაჭერას უწევს კოალიცია, რომლის სათავეში საუდის არაბეთი დგას. საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთი საჰაერო თავდასხმებს და ბლოკადას იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, იემენის კონფლიქტს მინიმუმ 10, 000 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე მილიონი ადამიანი კი დევნილად იქცა.
იემენის ხელისუფლება და კოალიცია ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






