„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე კომენტარები დღეს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში გაკეთდა. იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ეკა გიგაური გამონაკლისი არ არის და მუქარის შემცველ შეტყობინებებს უამრავი ადამიანი იღებს.
„ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოკითხვა, გადამოწმება. ახლა სოციალურ ქსელში ხდება, არ ვიცი, მეც და ყველა ადამიანი ისეთ საოცრებებს ვიღებთ ღიად, პირადში, არ ვიცი ვინ რას წერს. საოცრება ხდება, თქვენ კარგად ხედავთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში. მე მგონი, არ დარჩა არავინ, ვინც ერთმანეთს არ ემუქრებოდეს ახლა. სადაც საჭიროა, რომ არის მართლაც მუქარა, სისხლის სამართლის კოდექსში აქვს დატვირთვა, ანუ რეალური მუქარა, რომელიც უკვე შეიცავს გარკვეულ დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, სამართალდამცავი ორგანოები მიხედავენ, როცა კონკრეტული განცხადებები გაკეთდა ამ შემთხვევასაც და სხვა შემთხვევებსაც,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
გია ვოლსკის კი ეჭვი ეპარება, რომ ეკა გიგაურის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან „ქართული ოცნებას“ კავშირი ჰქონდეს:
„არამგონია, რომ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ჩარევა იყოს ამასთან დაკავშირებით. მუქარები რაღაც თემასთან მიმართებაში, კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, პიროვნებასთან მიმართებაში ეს არ არის "ქართული ოცნების“ ხელწერა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ თუ საჭიროა, უნდა იყოს გამოძიება ჩატარებული, ისე როგორც ჩვენ გვეკადრება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






