ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სამოქალაქო სექტორისგან და ექსპერტებისგან მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რჩევებს ისმენს. თავადაც, შეხვედრის მონაწილეებს, სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის.
„მინდა, მათი აზრი მოვისმინო უკვე ჩატარებულ პირველ ტურზე და შემდეგ მივიღო რჩევები იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისთვის, რომ საქართველოში არასდროს იყოს ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობა,“ - ამბობს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანამ წინ წაიწია.
„მეორე ტური პირველად ტარდება ჩვენთან და მოგეხსენებათ, რომ წავიწიეთ ჩვენ დემოკრატიულობის მხრივ წინ. კარგი იქნებოდა, რომ მეორე ტური ჩატარებულიყო ჯერ კიდევ 2008 წელს, ეს არ მოხდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ორივე მხარემ გაითავისოს, თუ არჩევნბი ჩატარდება სამართლიანად და ხალხის ნება იქნება გამოვლენილი, დამარცხებული უნდა შეეგუოს შედეგს, ეს არის მთავარი“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიზე.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე მმართველი პარტიისგან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ისინი „სამოქალაქო ომს“ აანონსებენ:
„მმართველი პარტიის მხრიდან გვესმის ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა სამოქალაქო ომთან დაკავშირებით და ა.შ. რაც სრულიად მიუღებელია. ამ კონტექსტში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საარჩევნო პროცესს და პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების არჩევანს,“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.
მასალის გამოყენების პირობები






