ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.
დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით შეიძლება იმის თქმა, რომ არა სალომე ზურაბიშვილის წამოწევა პრეზიდენტობის კანდიდატად, გაერთიანებულ ოპოზიციას პრაქტიკულად შანსი არ ექნებოდა ივანიშვილის კონგლომერატის წინააღმდეგ. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიღებული პროცენტები ამაზე აშკარად მიუთითებს. ცხადია საქართველოსათვის ეს გამოდგა ბედნიერი, წინასწარ გაუთვლელი შემთხვევითობა, მაგრამ ამ შემთხვევითობას აქვს თავისი ლოგიკური საფუძვლები, რომელზეც მხოლოდ ლოგიკური სპეკულაცია შეიძლება.
რატომ დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი სამთავრობო კანდიდატად? რატომ იცავდა ის ბოლომდე კბილებით ქართველთათვის ამ სრულიად ალოგიკურ პიროვნებას და რატომ დაუპირისპირდა ის მთელ თავის გუნდს ამ საკითხთან დაკავშირებით? რატომ არ ამბობს ივანიშვილი გულახდილად თუ ვინ ურჩია , ან უფრო სწორად ვინ დაავალა მას ზურაბიშვილის წარდგენა და მხარდაჭერა?
ამ კითხვებზე პასუხი მისი გუნდის წევრებსაც არა აქვთ და ცხადია თავად ივანიშვილიც ვერაფერს ამბობს. ერთადერთი ლოგიკური სპეკულაცია არის ის, რომ ზურაბიშვილი ფსბ-ს მიერ მიწოდებული კანდიდატურა იყო. ბუნებრივია, ივანიშვილი ვერაფერს იტყვის, რადგან ამის აღიარება მას სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებს. რუსული დაზვერვა და თავად პუტინი მას არ აპატიებს ამ ინფორმაციის გაჟონვას.
არადა, მინიშნებები უამრავი იყო, რასაც ბევრი გონიერი ადამიანი კარგად ამჩნევდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილისათვის მისაბაძი დიპლომატი გაქნილი დემაგოგი ლავროვია; რომ პრეზიდენტობის კანდიდატი აქტიურად იყო ჩართული ანტიეროვნულ საქმიანობაში 90-იან წლებში და რუსული აგენტურის მიერ ინფილტრირებული ევროპული სააგენტოების მეშვეობით ათასნაირ სიბინძურეს ავრცელებდა პრეზიდენტ გამსახურდიაზე.
და მაინც, რა ვერ გათვალა ფსბ-მ და სად დაუშვა სერიოზული შეცდომა?
ჩემი აზრით პასუხი მარტივია; ფსბ-ს ქართული ქსელის რუსმა კურატორმა უბრალოდ ქართულიც არ იცის წესიერად და ვერ მიხვდა თუ რამდენად ბრიყვულად და კომიკურად ჟღერდა ზურაბიშვილის ჩიქორთული ქართულით გაკეთებული განცხადებები და რა ნეგატიურ გავლენას მოახდენდა ეს განცხადებები იუმორის დამფასებელ ქართველებში. ფსბ-ს რეზიდენტმა უბრალოდ იმსჯელა ზურაბიშვილის დოსიეთი, რომლის მიხედვითაც ის მართლაც იდეალური კანდიდატია აოცნებებულ საქართველოში. მენშევიკური ემიგრაციის შთამომავალი ე.წ. ფესვების სენტიმენტებით ზედმეტად აჟიტირებულ ქვეყანაში, თანაც ქალი, დაახლოებული თბილისურ წითელ ინტელეგენციასთან და საბჭოთა ხელოვნების მუშაკებთან; პუტინთან და რუსულ იმპერიულ ისტაბლიშმენტთან უაღრესად დაკავშირებული მისი უახლოესი ნათესავი ქალი კი უკვე უძლიერეს საფუძველს ქმნიდა მის სასარგებლოდ. პირველი სასინჯი ექსპერიმენტი უკვე ჩატარებულიც იყო მთაწმინდის უბანში, სადაც მან დამაჯერებლად გაიმარჯვა. ასე მიაწოდეს ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და უბრძანეს მისი მხარდაჭერა. 2018 წლის 19 სექტემბერს საზოგადოებას ის თავად ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კალაძემ წარუდგინა.კახა კალაძემ სცენიდან განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ყველაზე ღირსეული კანდიდატია. ზურაბიშვილის მთავარი ლობისტი კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იყო; ძველი, გამოცდილი პარტმუშაკი.
დღეს, ოპოზიციისა და პოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ საკმარისი იყო ოცნებას სხვა პიროვნება, თუნდაც იგივე კალაძე წაეყენებინა პრეზიდენტობის კანდიდატად, არჩევნები პირველივე ტურში იქნებოდა დასრულებული გამარჯვებით. ქართულ საზოგადოებას ეყო იმის შეგნება, და დარწმუნებული ვარ ბოლომდე ეყოფა, რომ ფსბ-ს კანდიდატურისათვის უარი ეთქვა. ყველამ ნათლად გააცნობიერა ის საშიშროება, რომელსაც ეს ქალბატონი მოუტანდა ქვეყანას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. მისი მოღვაწეობის მთავარ პროექტად ხომ ზუსტად ამ რეგიონების პრობლემის მოგვარება იყო დაანონსებული. არავინ იცის რით დამთავრდებოდა ეს უაღრესად საშიში ავანტურა საქართველოს სახელმწიფოსათვის და მთელი პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე პირდაპირ და უპირობოდ დაეკისრებოდა ოპოზიციის იმ უპასუხისმგებლო ლიდერებს, რომლებმაც საჭირო მომენტში განზე გადგომა არჩიეს.
სწორედ ამ განწყობით უნდა შეუდგეს მომზადებას მეორე ტურისათვის ქართული ოპოზიციური სპექტრი. ბუნებრივია, ამ სპექტრის ბევრ გონიერ წარმომადგენელს აბსოლუტურად ლოგიკური და ობიექტური მიზეზები აქვს ანტიპათიურად იყვნენ განწყობილნი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მიმართ, მაგრამ ქართული სახელმწიფოს ინტერესები უზენაესია და ე.წ. სამთავრობო კანდიდატის, რეალობაში კი ფსბ-ს მიერ შერჩეული ტროას ცხენის დამარცხება ყველა სხვა არგუმენტს ბევრად აღემატება.
წყარო: commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები






