ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე „მარიხუანის კულტივაციასთან“ დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოვიდა. დეპუტატს საპრეზიდენტო არჩევნებზე არასახარბიელო შედეგის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს კანონპროექტი მიაჩნია. კობერიძემ შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტის ავტორი მთავრობაა და შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება მისი პარლამენტიდან გაწვევა და „რაღაც შფოთვები, ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სრულიად უადგილო“:
„მისი გადასაწყვეტი არ არის პარლამენტის თუნდაც ერთი, ოთხი ან მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს და იზრუნებს რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც აღელვებს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს და ამაზე ჩვენ მივიღეთ პასუხი არჩევნებში იმ ხმების დაკლებით და ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ეს მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი. ამიტომ ვთხოვთ მთავრობას, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიოს. მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში მაშინ როდესაც საკმაოდ ზიანის მომტანია მსგავსი ტიპის კანონპროექტების არსებობა პარლამენტში,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






