საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია და ის საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში იბრძოლებს.
„მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს. ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს. არც მარგველაშვილისთვის მიმიმართავს შეწყალებაზე და არც პრეზიდენტ ვაშაძეს ვაპირებ, მივმართო შეწყალებისთვის. ვისი რა შესაწყალებელი მჭირს. ალბათ, ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არაფერი წამიღია საქართველოდან. რაც მქონდა, ყველაფერი ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩემი საკუთრებაც არ არის და წიგნებიც ჩავიტანეთ საკუთარი ხელით. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს და მე არც ერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით იხდიან ციხეში სასჯელს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც ისინი დატოვებენ საპყრობილეებს, უკეთესი იქნება, თუ ისინი პოლიტიკას არ დაუბრუნდებიან და მიხედავენ საკუთარ ჯანმრთელობას.
სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს პოლიტიკაში ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ. "ნაცები ბრუნდებიანო... რა ნაცები ბრუნდებიან? უამრავი ახალი ხალხია საქართველოში... " - აცხადებს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






