მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშრებით სანქციების გამკაცრება - ინიციატივას იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება ნებისმიერ ადგილას გარდა, საცხოვრებელი სახლისა, ჯარიმით დაისჯება.
„კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება მთელ რიგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სხვადასხვა ადგილებში და დაწესებულია შესაბამისი სანქციები. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ისევე როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საჭიროა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმების შემოტანა. გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციებია შემოთავაზებული ახლა მთავრობის მხრიდან. ეს ცვლილებები ემსახურება იმ მიზანს, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენცია არსებობდეს რომ არ მოხდეს წახალისება და ხელშეწყობა და არ მოხდეს დაშვება საჯარო სივრცეში მარიხუანას გამოყენების ფაქტების,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






