ეს არჩევნები ყველაზე მეტად არჩევნების დღემდე რამდენიმე დღითა და კვირით ადრე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ქვეყნის საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმებით გამოირჩეოდა.2 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დემოკრატიის ძირითად საყრდენს წარმოადგენენ და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობას უწყობენ ხელს. ხელისუფლების თანამდებობის პირების განცხადებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიუკერძოებლობას, მათ როლსა და სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ამ ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის რისკს შეიცავს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმები არამარტო ამ კონკრეტულ საარჩევნო პერიოდს აყენებს ჩრდილს, არამედ საქართველოში მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სხვა მხრივ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ დაძაბული, ურთიერთობისგან მკვეთრ გადახვევას წარმოადგენს. ქვეყნის ლიდერები დანარჩენი საზოგადოებისთვის მაგალითს წარმოადგენენ, შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია, მათ ქვეყნის მოდარაჯე ორგანიზაციების მიმართ კორექტული და პატივსაცემი ტონი შეინარჩუნონ.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯგუფმა, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (საერთაშორისო გამჭვირვალობა), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (სამართლიანი არჩევნები) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ომეგას საქმე “მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე” მიანიშნებს. მთავრობის ლიდერებმა ამ განცხადებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმებით უპასუხეს.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა თავისთავად დაუშვებელი არ არის და ისინი წარსულში როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკის ობიექტი იყვნენ, წამყვანი ლიდერების მხრიდან ქვეყნის მოწინავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ თავდასხმების ინტენსიურობამ და აღქმულმა კოორდინირებულობამ ამ საარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო ხასიათი მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრალი მიკერძოებულობაში, უცოდინარობაში, პროფესიონალიზმის ნაკლებობაში, უკანონო ქმედებებში6 და “ფაშიზმში” თანამონაწილეობაშიც კი დასდეს. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით, ეს ბრალდებები კოორდინირებული რიტორიკის ნაწილია, რომლის მიზანი ხელისუფლების ან მომავალი არჩევნების მიმართ ნებისმიერი კრიტიკის უგულებელყოფა ან მისგან ყურადღების გადატანა იყო. ამ განცხადებების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სხვადასხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელების მხრიდან მრავალი სხვა თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის (უწყებათაშორისი კომისია), კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული აგრესია შემდეგ სოციალურ მედიაში პიროვნული თავდასხმებითა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ ძალადობრივი მუქარებით კიდევ უფრო გამწვავდა.
ქართული ოცნების ლიდერებმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიკერძოებულ კამპანიებში მონაწილეობის მიღების გამო “წითელი ხაზების გადაკვეთაში” დაადანაშაულეს. მათ ასევე მიანიშნეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დუმილზე, როდესაც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ქმედებები ხორციელდებოდა. თუმცა ხელისუფლების ყველა ლიდერმა, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, მათი კოლეგების მოსაზრება არ გაიზიარა და დემოკრატიულ მმართველობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ზეწოლის მიუხედავად, კრიტიკის ობიექტმა ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა პროფესიონალური და მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომა შეინარჩუნეს, რასაც ისინი სხვა მთავრობების დროსაც აკეთებდნენ. ეს ორგანიზაციები გაუმჯობესებებსა და ხარვეზებს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ავლენდნენ. ასეთი დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფების ანგარიშებს არჩევნების შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკურად მოტივირებულმა თავდასხმებმა შესაძლოა, მათ სანდოობას ავნოს. ამ ტიპის თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანი შეიძლება არჩევნების პერიოდს გასცდეს და ყველა მოქალაქესა თუ აქტივისტზე შემაკავებლად იმოქმედოს, რასაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებზე საზიანო გავლენა შეიძლება ჰქონდეს.“- აღნიშნულია NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






