NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნები შეაფასა. როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეშფოთებას იწვევს წინასაარჩევნოდ არსებული პრაქტიკა, რაც გულისხმობს საჯარო მოხელეებისთვის ინსტრუქციის მიცემას, ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნებია, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ნიშნებით ხასიათდებოდა. ძალადობის ძალიან ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესი ეფექტურად და ვადების დაცვით წარმართა, თუმცა გამოითქვა კრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. ამომრჩევლებს პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ და საარჩევნო კამპანია ცოცხლად და დინამიურად წარიმართა, თუმცა იგი მწვავე კრიტიკითა და პირადი თავდასხმებით იყო გაჯერებული. მედია გარემო მრავალფეროვანი იყო, თუმცა პარტიული ნიშნით დაყოფილი, და მოქალაქეებს მრავალფეროვანი შეხედულებების მოსმენა შეეძლოთ. მთლიან მედია სექტორზე ფინანსური ზეწოლის გარდა, ზოგიერთი მედია საშუალება ასევე პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხის ქვეშ მოექცა.
საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური და სამართლებრივი ჩარჩო გააჩნია. არჩევნებთან დაკავშირებული გამოწვევები გაცილებით ფესვგადგმული და რთულად გადასაწყვეტია. არათანაბარ პირობებთან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოთხჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე შემდგომმა ორმა კანდიდატმა ჯამურად. მან მნიშვნელოვანი სარგებელი ასევე ქართული ოცნების პარტიის ინფრასტრუქტურისგანაც მიიღო. დელეგაცია შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ანგარიშებით, რომლის თანახმად საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მოახდინონ ხმების მობილიზება.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზურაბიშვილმა ხმების 39 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის - “ძალა ერთობაშია”- კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან - გრიგოლ ვაშაძემ - 38 პროცენტი მიიღო. 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, შესაბამისად, მეორე ტური ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის გაიმართება. მეორე ტურისთვის კამპანიის რიტორიკა და დაძაბულობა, სავარაუდოდ, მოიმატებს, განსაკუთრებით თუ ორ კანდიდატს შორის არჩევნების შედეგებში მცირე სხვაობას გავითვალისწინებთ.“- აღნიშნულია NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






