საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, თელავის საოლქო კომისიაში სულ 5 დარღვევაა შესული და მათგან ვერც ერთი საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.
„ეს იყო ხალხის გამარჯვება, რომელიც დაიმსახურა ამ ხალხმა და პასუხი ხალხისგან იმ უმსგავსობაზე, იმ მაფიოზურ სისტემაზე, იმ უმაქნისობაზე, რასაც სჩადიოდა აქ ბიძინა ივანიშვილი და სჩადის თავის ხელისუფლებასთან ერთად. თელავმა და აი ამ ერეკლე მეორეს სატახტო ქალაქის პატრონმა ქალაქმა, გასცა პასუხი „ქართულ ოცნებას“ და გასცა პასუხი სრულიად მის მთავრობას,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.
„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ამ არჩევნების საშუალებით საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.
„ეს არჩევნები ქართველმა საზოგადოებამ, ამომრჩეველმა, მოსახლეობამ უკვე შეაფასა დადებითად და საკადრისი და გარკვეული პასუხი გასცა „ქართულ ოცნებას,“ მაგრამ როგორც წესი და როგორც სჩვევია ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ დაჯგუფებას, კიდევ ერთხელ საზოგადოებას დაანახეს, რამდენად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ და უსამართლოდ ჩაატარეს გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ნაცარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შტაბში კი იმაზე საუბრობენ, რომ ეს იყო როგორც თელავში, ასევე მთლიანად საქართველოში დემოკრატიული არჩევნები.
„ფაქტია, რომ აბსოლუტურად ძირი გამოეცალა იმ ბრალდებებს, რომ რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი, სხვა შემთხვევაში ასეთი შედეგი არ დადგებოდა. ახლა წინ გვაქვს მეორე ტური, მეორე ტური არის დემოკრატიის მკაფიო გამოსახულება, ასევე გამოხატულება და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩვენი კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს მეორე ტურში,“ -აცხადებს სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი, ბენო გეგეჭკორი.
მასალის გამოყენების პირობები






