ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500 საჩივარია შესული.
"წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ: მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500 საჩივარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია.
საჩივრების უმეტესი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე 2 დღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






